სიახლეები

ხვიჩია: სასულიერო პირების ამ აქციაზე ნახვა ძალიან ცინიკურად გამოიყურება

არაადეკვატური ხალხით მსოფლიოს ვერ გავაკვირვებთ, მაგრამ იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, საპატრიარქოს ირგვლივ, საქართველოს საპატრიარქოსგან ნაკურთხი ხალხი, მათი ლოცვა-კურთხევით აპროტესტებს რაღაც ფილმის გაშვებას, რაღაც კინოთეატრში, არღვევენ სხვა ადამიანების საკუთრების უფლებას და იმ ხალხის უფლებებს, რომელსაც ამ ფილმის ყურება უნდა. არანაირ არგუმენტაციას აზრი არ აქვს ამ თემაზე, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი კონცერტია, იქ მყოფი ადამიანები, გულწრფელები კი არ არიან, ამას აკეთებენ სხვების დასანახად, რომ მათი გული მოიგონ თუნდაც წინასაარჩევნოდ.

იაგო ხვიჩია ტვ პირველის ეთერში, ვერის პარკში შეკრებილი "ქართული მარშისა" და ლევან ვასაძის  "რაზმის" აქციას გამოეხმაურა, შეგახსენებთ, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების ჩაშლას ულტრა ნაციონალისტური ჯგუფები გეგმავენ. მათ ორგანიზებას გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე და სასულიერო პირების ნაწილი უწევს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ეს თემა ჯერ კიდევ მომგებიანია ჩვენს საზოგადოებაში, თითქოს რამე სიწმინდეს იცავენ და ამით ცდილობენ, რომ ყურადღება მიიქციონ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე რაღაც შედეგი მიიღონ და პარლამენტში მოხვდნენ. ამ ხალხის ძირითად ნაწილს სწორედ ეს პოლიტიკური მიზნები აქვს. 

სასულიერო პირების მანდ ნახვა ამ პერიოდში ძალიან ცინიკურად გამოიყურება, რადგან ყველამ ვიცით, რა პროცესებიც მიმდინარეობს ეკლესიაში და ამ ადამიანებს პროტესტის ადგილი არასწორად აქვთ შერჩეული.

- ამბობს იაგო ხვიჩია, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში"

 ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები