სიახლეები

2680 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ლუდომანია ისეთივე გამოგონილი დაავადებაა, როგორც ჰომოსექსუალობა იყო თავის დროზე

რამდენიმე ათეული წლის წინ ჰომოსექსუალიზმიც ფსიქიატრიულ დაავადებათა ნუსხაში შედიოდა და ამის გამო, ადამიანებს ცხოვრებას უნგრევდნენ. როცა გადაწყვეტდა საზოგადოება, რომ რაღაც არ მოსწონს, არ ითვლება კარგ ქცევად, მაშინვე ასაღებდნენ დაავადებად, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ფსიქიატრიულ დაავადებებს თუ მიაკერებდნენ, არ იცოდნენ კონკრეტულად რის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ და ამის მკურნალობა მკითხაობის ერთ-ერთი ნაირსახეობა იყო. ასეთ შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, ან ათასი აბსურდული მიზეზით, შეგიძლია ნებისმიერი შეზღუდვის ლობირება მოახდინო.

იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ლუდომანიაზე, როგორც დაავადებაზე, ისაუბრა. მისი თქმით, ეს ისეთივე მოგონილი "დაავადებაა", როგორიც წლების წინ ჰომოსექსუალობა იყო და დღეს აღიარეს, რომ მაშინ ადამიანებს ცხოვრებას უნგრევდნენ ამის გამო. ხვიჩიას თქმით, ლუდომანიის შემთხვევაში, პრობლემა არა თავად აზარტული თამაშები, არამედ ადამიანის ირაციონალური ქცევაა.

ნებისმიერ რამეზე დამოკიდებულება ცუდია, მნიშვნელობა არ აქვს რაზე ვსაუბრობთ - აზარტულ თამაშებზე თუ სხვა ტიპის დამოკიდებულებაზე, ის ფაქტი, რომ ადამიანი დამოკიდებულია თამაშებზე, თამაშების პრობლემაა თუ ადამიანის? ამაში გვაქვს განსხვავება, რომ მე ეს ადამიანის პრობლემა მგონია.

იაგო ხვიჩია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ინფორმაციულ ეპოქაში, ნებისმიერი ამ ტიპის აკრძალვა აბსურდია და საბოლოოდ ბიზნეს საქმიანობის შეზღუდვამდე მიდის. 

რაზე უნდა ვზრუნავდეთ, რომ ბავშვებს ვასწავლიდეთ რა არის კაზინო, რა ახატია სარეკლამო ბანერზე, რითიც დაინტერესდა, თუ ვუმალავდეთ ინფორმაციას ზოგადად კაზინოსა და აზარტული თამაშების შესახებ?

- ამბობს ხვიჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისივე განცხადებით ჩვენთვის არმოსაწონი საგნების თუ სერვისის აკრძალვა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს გამოხატვის თავისუფლების აკრძალვამდე.

 - "სრული საგიჟეთი იქნება, წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი რეკლამის გაშვებამდე, წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ, ის ვინმეს ფსიქიკას ან ჯანმრთელობას ხომ არ აყენებს ზიანს."

ლუდომანიის პრობლემაზე საუბრისას, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რამდენიმე ათეული წლის წინ არსებული ფსიქიატრიული დაავადებები მოიყვანა, რომელიც დღეს საერთოდ ამოღებულია დაავადებათა ნუსხიდან.

რეალურად, ვიგონებთ რაღაც დაავადებებს იმისთვის, რომ ადამიანებს შევუზღუდოთ თავისუფლება. მთელი საბჭოთა კავშირი და საბჭოთა ფსიქიატრია აწყობილი იყო იმაზე, რომ ის არა მედიცინის, არამედ მართლმსაჯულების ნაწილი იყო, რაც მიუღებელი და განსხვავებული იყო, მარტივად მიაკერებდნენ ფსიქიატრიას.

ხვიჩიას თქმით, ლუდომანია სწორედ ამ ტიპის დაავადებებში შეიძლება გავიყვანოთ, რადგან არ გააჩნია რამე კონკრეტული მანიშნებელი, კონკრეტული ანალიზით არ დასტურდება. პათოლოგიური სუბსტრატი არ აქვს და ასევე გაუგებარია, როგორ უნდა უმკურნალონ მას.

"ასეთი დაავადება ცოტა ხნის წინ იყო, მაგალითად ჰომოსექსუალობაც, კაცობრიობას აქვს სირცხვილი და დანაშაული ამ ადამიანების წინაშე, მეცნიერი გვყავდა ალან ტურინგი, რომელმაც თავი მოიკლა იმის გამო, რომ კანონის ძალით დაასაჭურისეს. რადგან მათი აზრით მკურნალობდნენ... არაფერ შუაში არ არის დაავადების ცნების შემოტანა ამ თემასთან, შემოაქვთ იმ ლოგიკით, რომ ეს ადამიანები, რაციონალურები კი არ არიან, არამედ რაღაცაზე ხდებიან დამოკიდებული, "ამიტომ ჩვენ ისინი უნდა შევზღუდოთ და ვუმკურნალოთ!"

არცერთ ასეთ მკურნალობას შედეგი არ გამოუღია, იმიტომ რომ ეს არ არის მეცნიერებაზე დამყარებული მკურნალობა და ამის რეცეპტებს გვთავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ახალი შეზღუდვების დაწესების გზით. ამიტომ არის საშიში ასეთი რაღაცების უცებ დაჯერება, ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა და აკრძალვის მოთხოვნა.

- ამბობს ხვიჩია.

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს რეკლამა და გავლენაც მოახდინოს შენზე, საბოლოოდ შენ წყვეტ, გინდა თუ არა თამაში, ეს შენი შეგნებული არჩევანია და შედეგზეც თავად ხარ პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ადამიანები უნდა იაზრებდნენ, რომ მსგავსი აკრძალვებით იწყება ნებისმიერი "საზოგადო კეთილდღეობისთვის" დაწესებული შეზღუდვები, დღეს თამაშების შეზღუდვა, ხვალ ალკოჰოლის და ა.შ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები