სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით გადადგომის თხოვნით მას მიხეილ ბატიაშილმა თავად მიმართა.

ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით 

- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის თანამდებობას.

როგორც თავად მიხეილ ბატიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას.

ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ყველა მიმართულებით და ეს პროცესი ახალი მინისტრის პირობებშიც აუცილებლად გაგრძელდება.

კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაბრუნდეს სამთავრობო გუნდში, განათლების მინისტრის პოზიციაზე, თუმცა ბატიაშვილს, პრესკონფერენციაზე, ეს არ დაუკონკრეტებია.

კიდევ ერთი მოსალოდნელი სიახლე, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოყოფაა, რაც შეიძლება განხორციელდეს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები