სიახლეები

რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი და ზოგიერთი - ღარიბი?

"გადასახადები არის ფასი, რომელსაც ჩვენ ცივილიზებული საზოგადოების მშენებლობის მარცხში ვიხდით. რაც უფრო მაღალია გადასახადების დონე, მით უფრო დიდია წარუმატებლობა. ცენტრალურად დაგეგმილი ტოტალიტარული სახელმწიფო წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს სრულ მარცხს, ხოლო მთლიანად ნებაყოფლობითი საზოგადოება ამ სამყაროს საბოლოო წარმატებაა."
― მარკ სქაუზენი

სიმდიდრის ერთადერთი გენერატორი არის კერძო საკუთრება და მასზე მდგარი თავისუფალი ბაზარი, ანუ, ნებაყოფლობითი გაცვლა-გამოცვლა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც კერძო საკუთრების უფლებას და თავისუფალ ბაზარს ეწინააღმდეგება, სიღატაკეს იწვევს.

ყველა ადამიანი, რომელიც გარწმუნებთ, რომ ნებისმიერი, თუნდაც ძალიან ზეაღმატებული მიზეზის გამო კერძო საკუთრების უფლება და თავისუფალი ბაზარი შეზღუდული უნდა იყოს, სინამდვილეში მხოლოდ იმაში ცდილობს თქვენს დარწმუნებას, თუ რატომ უნდა იყოთ იმაზე უფრო მეტად ღარიბი, ან სხვანაირად, იმაზე უფრო ნაკლებად მდიდარი, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდით.

ნებისმიერი მთავრობის ერთადერთ რეალურ დანიშნულებას, ნებისმიერი საშუალებით, მოსახლეობის გაღატაკება წარმოადგენს, იმის მიუხედავად, თავად მთავრობა ხვდება თუ არა ამას. სხვა რამის გაკეთება, მთავრობას, მისი არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ შეუძლია. სხვებთან შედარებით მდიდარი ქვეყნები ასეთები არიან იმის გამო, რომ მათი მთავრობები მათ ნაკლებად აღატაკებდნენ და არა იმიტომ, რომ მათი მთავრობები მათ მეტად ამდიდრებდნენ. სხვა სიტყვებით, ეს ქვეყნები გამდიდრდნენ მათი მთავრობების არსებობის მიუხედავად, და არა - ამის გამო. სანამ ამ მარტივ ჭეშმარიტებას არ გავიაზრებთ, მანამდე ვერ მივხვდებით, თუ რატომ ვართ ღარიბები და თუ როგორ შეიძლება გავმდიდრდეთ.

სამხრეთ კორეა არის ამოტრიალებული სინგაპური - ან, პირიქით, სინგაპური არის ამოტრიალებული სამხრეთ კორეა. თუკი სინგაპურში კერძო საკუთრების უფლება დიდწილად სახელმწიფოს მიერაა შეზღუდული და ქონების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია, სამხრეთ კორეაში, პირიქით, კერძო საკუთრების უფლება ზედმიწევნით კარგადაა განვითარებული. ამავე დროს, თუკი სინგაპურში თავისუფალი ბაზარი ზედმიწევნით კარგადაა განვითარებული, სამხრეთ კორეაში თავისუფალი ბაზარი დიდწილად სახელმწიფოს მიერაა შეზღუდული, რადგან სახელმწიფო მასთან გარიგებულ კერძო კომპანიებს კონკურენციისგან იცავს.

ამის მიუხედავად, ორივე ამ ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ზემოაღნიშნული ორი ფაქტორიდან ერთ-ერთის არსებობაც კი საკმარისია. ახლა, წარმოიდგინეთ, თუ რა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლია ისეთ ქვეყანას, რომელიც არც კერძო საკუთრების უფლებას ზღუდავს და არც - თავისუფალ ბაზარს.

ეკონომიკური განვითარება არის მრავალცვლადიანი განტოლება და თუკი მხოლოდ ერთ ცვლადს უყურებ, შეიძლება შეცდომაში შეხვიდე და სრულიად საწინააღმდეგო შთაბეჭდილება შეგექმნას იმაზე, თუ რა არის ხელისშემწყობი და რა, პირიქით, ხელისშემშლელი ფაქტორი.

ჩემი აზრით, ეკონომიკური განვითარება არის შვიდი მთავარი ფაქტორის ინტერაქციის შედეგი. ეს ფაქტორებია: მოსახლეობა, დრო, გადასახადები, რეგულაციები, კერძო საკუთრება, სასარგებლო წიაღისეული, და გეოპოლიტიკური მდებარეობა. მათი კომბინაცია გვაძლევს მოცემულ მომენტში არსებულ მდგომარეობას.

მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სწორედ ის ქმნის დოვლათს. რადგან დოვლათის წარმოქმნა ახალი იდეების გენერირებითა და ამ იდეების გაცვლითაა განპირობებული, ადამიანი ერთადერთი სახეობაა, რომელიც მით უფრო მეტად პროდუქტიული ხდება, რაც უფრო მატულობს მისი პოპულაციის ზომა. შესაბამისად, რაც უფრო მჭიდროდაა მოცემული ტერიტორია დასახლებული, მით უკეთესი შესაძლებლობა იქმნება ეკონომიკური განვითარებისთვის. ქვეყანა, რომელსაც მაღალი შობადობა, დაბალი სიკვდილობა, ემიგრაციის დაბალი დონე, და იმიგრაციის მაღალი დონე აქვს, ნოყიერ ნიადაგს ქმნის საკუთარი მოსახლეობის გამდიდრებისთვის. ამასთან, რაც უფრო მაღალია ახალგაზრდა და, ამდენად, უფრო მეტად პროდუქტიული ადამიანიების წილი მოსახლეობაში, მით უფრო სწრაფად ხდება დოვლათის წარმოქმნა და დაგროვება.

ამას გარდა, მოსახლეობის განათლების დონეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მისი გამდიდრებისთვის. მაგალითად, ეჭვგარეშეა, რომ, თანამედროვე სამყაროში, რაც უფრო უკეთ ფლობს მოცემული ქვეყნის მოსახლეობა ინგლისურ ენას, მით უფრო უკეთ შეუძლია მას პროდუქტიულად დასაქმება, რაც ეკონომიკური განვითარების საწინდარია. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში არა ფორმალური, თავისუფალ ბაზარზე დასაქმებისთვის გამოუსადეგარი განათლება, არამედ გამოყენებადი, ანუ, თავისუფალ ბაზარზე დასაქმებისთვის სასარგებლო განათლება იგულისხმება. მხოლოდ ასეთი განათლება განაპირობებს დოვლათის შექმნას, ასეთი განათლების მიცემა კი განათლების სისტემას მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ის თავად წარმოადგენს თავისუფალი ბაზრის ნაწილს.

თუკი წარსულში სახელმწიფოს დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები ჰქონდა და ქვეყანა ამის შედეგად გამდიდრდა, ხოლო შემდეგ სახელმწიფომ მაღალი გადასახადები და ჭარბი რეგულაციები დააწესა და ამ გზით დოვლათის წარმოქმნა და გამდიდრება შეაფერხა, შეიძლება შეცდომაში შეხვიდე და ჩათვალო, რომ სწორედ მაღალი გადასახადების და ჭარბი რეგულაციების შედეგად არის ამჟამად ეს ქვეყანა მდიდარი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთ ადამიანს თავისუფალი ბაზარი ბოროტება ჰგონია, ხოლო სახელმწიფო - სიკეთე, არის ის, რომ თავისუფალ ბაზარს დრო სჭირდება, რათა სახელმწიფოს მიერ გაღატაკებული მოსახლეობა გაამდიდროს, ხოლო სახელმწიფოს - რათა თავისუფალი ბაზრის მიერ გამდიდრებული მოსახლეობა გააღატაკოს.

ძალიან ადვილია, თავისუფალი ბაზრის მიერ გამდიდრებულ ქვეყანას, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს მიერ გაღატაკების პროცესშია, შეხედო და გეგონოს, რომ ამ მდიდარი ქვეყნის გამდიდრება სახელმწიფომ გამოიწვია, და, პირიქით, ასევე ძალიან ადვილია სახელმწიფოს მიერ გაღატაკებულ ქვეყანას, რომელიც ამჟამად თავისუფალი ბაზრის მიერ გამდიდრების პროცესშია, შეხედო და გეგონოს, რომ ამ ღატაკი ქვეყნის გაღატაკება თავისუფალმა ბაზარმა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ამ ადამიანებს სიღატაკის გამომწვევი მიზეზი, სახელმწიფო, სიმდიდრის გამომწვევი მიზეზი ჰგონიათ, ხოლო სიმდიდრის გამომწვევი მიზეზი, თავისუფალი ბაზარი - სიღატაკის გამომწვევი მიზეზი. მოკლედ, ამჟამინდელი მდგომარეობა ნიშნავს არაფერს, ცვლილების დინამიკა ნიშნავს ყველაფერს.

გადასახადები და რეგულაციები კონკურენციას და, შესაბამისად, თავისუფალ ბაზარს ზღუდავენ და ამ გზით უშლიან ხელს დოვლათის წარმოქმნას. ამდენად, ნაკლები რეგულაციები და მაღალი გადასახადები, ან, პირიქით, ჭარბი რეგულაციები და დაბალი გადასახადები ერთმანეთს აკომპენსირებენ - ანუ, ქვეყანა შეიძლება მაინც მდიდრდებოდეს, თუკი მაგ ორიდან ერთი მაინც მცირეა.

კვლავაც, ვინმემ შეიძლება მცდარი დასკვნა გააკეთოს და ჩათვალოს, რომ მაღალი გადასახადების ან ჭარბი რეგულაციების გამოა მოცემული ქვეყანა მდიდარი.

უფრო მეტიც: ქვეყანას შეიძლება მაღალი გადასახადები და ჭარბი რეგულაციები ჰქონდეს, მაგრამ მაინც მდიდრდებოდეს, თუკი კერძო საკუთრების უფლება კარგადაა დაცულია, ან, პირიქით - ქვეყანა შეიძლება კერძო საკუთრების უფლებას ზღუდავდეს, მაგრამ მაინც მდიდრდებოდეს, თუკი დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები აქვს.

კერძო საკუთრება შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც საბაზისო რესურსი, რომელზე დაშენებითაც თავისუფალი ბაზარი დოვლათს ქმნის. ქვეყნის ქონების უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრების სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგრამ თუკი სახელმწიფო თავისუფალ ბაზარს ზღუდავს, შედეგი იგივე იქნება, რაც იმ შემთხვევაში გვექნებოდა, ნაკლები კერძო საკუთრების პირობებში შეუზღუდავი თავისუფალი ბაზარი რომ არსებობდეს.

ამას გარდა, სახელმწიფო ჭარბი რეგულაციებით, მაღალი გადასახადებით, და კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვით რომც აფერხებდეს ეკონომიკურ ზრდას და დოვლათის წარმოქმნას, მას მაინც შეუძლია, რომ ამ ფაქტორების კომპენსირება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, გაყიდვით და ამ გზით შემოსული თანხით მოახდინოს - ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანას დიდი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეული გააჩნია.

და ბოლოს: ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა დაახლოებით ისეთივე როლს შეიძლება თამაშობდეს, როგორსაც სასარგებლო წიაღისეულის არსებობა. თუკი გარშემომყოფი ქვეყნებიდან მუდმივი აგრესიის საფრთხე არ მომდინარეობს, ეს გარე და შიდა ინვესტიციების მოზიდვის და, შესაბამისად, სტაბილური ეკონომიკური განვითარების საწინდარი შეიძლება გახდეს.

ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ეს ფაქტორი შეიძლება ერთდროულად მოქმედებდეს და საბოლოო ჯამურ შედეგს განაპირობებდეს.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები