სიახლეები

"გირჩი"- გზა თავისუფლებისკენ!

თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს?
მათე, თ.5; მ.13.

თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია, როგორც ფილოსოფოსი იტყოდა "მარადიული ომი და ხმლის ქნევა". თვალს თუ მოვუხუჭავთ "ისე გაგვთელავენ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა".

სამწუხაროდ, იძულების მომხრე და მოტრფიალე საზოგადოების უმრავლესობაა და ისიც მარადიული ფორმულა გახლავთ, მასა რომ ბარაბას ირჩევს...

ამას წინათ, ერთ-ერთი პარტიის ოფისში შევიარე, ასეთი რამ თქვა ერთმა აქტივისტმა: მიწები და საერთოდაც სახელმწიფო ქონება კერძო საკუთრებაში რომ გადავიდეს ბატონ-ყმობა აღდგებაო, დაჩაგრავენ ხალხსო... აქტივისტები რომ ასე ფიქრობენ, ამომრჩეველი ვითომ ამ "აზრებიდან" შორსაა?!

ცოტა ხნის წინ, ზურაბ ჯაფარიძემ "თავისუფალ ბაზარში" თქვა: "გირჩი" რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში ვერ გავჩერდებოდიო."- ამ სიტყვებში დიდ ტკივილთან ერთად დიდი იმედიცაა და ეს იმედი თქვენ ხართ - "გირჩელები", თავისუფლებაზე ორიენტირებული, "მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათლებული კაცები".

ამდენად, მე იმედიანად ვარ, თუ მოხერხდა და მომავალ პარლამენტში ფრაქცია შევქმენით, საქართველოში შანსი გაჩნდება, რომ სოციალისტური ჭირი მოვიცილოთ…

"გირჩელებს", რომელთა საშუალო ასაკი 20-25 წელია, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ საქმე საბჭოთა აზროვნებასთან, ტრადიციებთან (მავანს რომ ქართული ჰგონია), მსოფლმხედველობასთან გაქვთ. 

აგერ 30 წელი გახდება დამოუკიდებლობიდან და ჯერ კიდევ მყარად დგას. არ არის სხვა ძალა დღეს, პოლიტიკურ ველზე, "გირჩის" გარდა, რომელიც ამ წითელ ურჩხულს დაუპირისპირდება. იდეებს, რომელსაც "გირჩი" ქადაგებს, შეუძლია თავისუფლების მოყვარე ადამიანებისთვის შემკრების ფუნქცია შეასრულოს. ეს დიდი მისიაა, ეს იმედია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საბჭოეთმა, ამ ძალადობისა და უსამართლობის სისტემამ, სიცოცხლე გაუმწარა. თუ დავიღლებით, ბრძოლას შევწყვეტთ, თქვენს თაობასაც იგივე ბედი ელის-გადახვეწა, ან მონობა!

ცოტანი ვართ, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ თავისუფლების დროშას თავი არ დავახრევინოთ. როგორც დიდი ილია იტყოდა:

ყველაფრის სიკვდილი შეიძლება,- აზრისა კი თავის დღეში არა.

აზრი დაიბადა, ახლა მისი გავრცელებაა საჭირო. ხალხში გადასული იდეები ხომ მატერიალურ ძალად იქცევა!

ცნობილი სიტყვების პერიფრაზი სათაურად შემთხვევით არ შემირჩევია.

თქვენც ხომ ასე ფიქრობთ?!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები