სიახლეები

პოზიტიური უფლებები ნეგატიური უფლებების წინააღმდეგ

"ერთხელ ბატონმა ლამარტინმა შემდეგი რამ მომწერა: "თქვენი დოქტრინა ჩემი პროგრამის მხოლოდ ნახევარია, თქვენ თავისუფლებაზე გაჩერდით, მე კი წინ მივდივარ, ძმობამდე." რაზეც მე ვუპასუხე: "თქვენი პროგრამის მეორე ნახევარი გაანადგურებს პირველს."
სინამდვილეში, წარმოუდგენლად მეჩვენება სიტყვა ძმობის განსხვავება სიტყვა ნებაყოფლობითისგან. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ძმობა იძულებით იქნას თავსმოხვეული კანონის მიერ, თუკი კანონის მიერ არ იქნება განადგურებული თავისუფლება და, შესაბამისად, კანონის მიერვე არ გაითელება სამართლიანობა."
ფრედერიკ ბასტია, "კანონი"

"შენ არსებობ დროში: მომავალში, აწმყოსა და წარსულში. ეს მანიფესტირდება სიცოცხლეში, თავისუფლებასა და სიცოცხლის და თავისუფლების პროდუქტში.

შენი სიცოცხლის დაკარგვა ნიშნავს შენი მომავლის დაკარგვას. შენი თავისუფლების დაკარგვა ნიშნავს შენი აწმყოს დაკარგვას. შენი სიცოცხლის და შენი თავისუფლების პროდუქტის დაკარგვა ნიშნავს შენი წარსულის იმ ნაწილის დაკარგვას, რომელიც ამ პროდუქტის შექმნას მოახმარე.

შენი სიცოცხლის და შენი თავისუფლების პროდუქტი არის შენი საკუთრება. შენი საკუთრება შენი შრომის ნაყოფია - შენი დროის, ენერგიის და ნიჭის პროდუქტი. საკუთრება ბუნების ის ნაწილია, რომელიც შენ სასარგებლოდ აქციე. აგრეთვე, სხვების ის საკუთრებაა, რომელიც შენ ნებაყოფლობითი გაცვლის და ორმხრივი თანხმობის შედეგად მიიღე.

საკუთრების ნებაყოფლობით გაცვლაში მონაწილე ორივე ადამიანი სარგებელს ნახულობს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამას არ იზამდნენ. მხოლოდ მათ აქვთ სამართლიანი უფლება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ.

ზოგჯერ, ადამიანები ძალას ან ტყუილს იყენებენ იმისთვის, რომ სხვისი საკუთრება ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე მიიღონ. ძალის ან ტყუილის ინიცირებას სიცოცხლის წართმევის მიზნით მკვლელობა, თავისუფლების წართმევის მიზნით - მონობა, ხოლო საკუთრების წართმევის მიზნით - ქურდობა ეწოდება."

ქენ სქულენდი, "თავისუფლების ფილოსოფია"

ძალადობა არის ძალის ან ტყუილის გამოყენება არა თავდაცვის, არამედ აგრესიის მიზნით.

ნეგატიური, ანუ, ჭეშმარიტი უფლებები ხელის არშეშლის უფლებებია. ნეგატიური უფლებების განხორციელებისთვის ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ ადამიანების მეორე ჯგუფის იძულება, რომ მეორე ჯგუფმა პირველი ჯგუფი ამ უფლებებით უზრუნველყოს, საჭირო არ არის. კერძოდ, სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები - ნეგატიური უფლებებია.

სიტყვის და გამოხატვის უფლება აგრეთვე ნეგატიური უფლებაა: ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ის თქვას, რაც სურს, ის დაწეროს, რაც სურს, და ის დახატოს, რაც სურს. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერი პროდუქტით ან სერვისით ვაჭრობის; ნებისმიერი ნივთის, მაგალითად, იარაღის, და ნებისმიერი ნივთიერების, მაგალითად, ნარკოტიკის, შეძენის, შენახვის, ტარების, და მოხმარების; და მიგრაციის, სხვა ტერიტორიაზე დასახლების, და ამ ტერიტორიაზე დასაქმების გზით სხვა ადამიანებთან კონკურენციაში შესვლის უფლებების შესახებ.

პოზიტიური, ანუ, ყალბი უფლებები სინამდვილეში უფლებები კი არა, პრივილეგიებია. პოზიტიური უფლებების განხორციელებისთვის ადამიანების ერთმა ჯგუფმა ადამიანების მეორე ჯგუფი უნდა აიძულოს, რომ მეორე ჯგუფმა პირველი ჯგუფი ამ უფლებებით უზრუნველყოს.

გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული განათლების, ჯანდაცვის, სოციალური შემწეობის, საცხოვრებლის, ინტერნეტის, უსაფრთხოების, და ა.შ. მიღების უფლებები არის პოზიტიური, ანუ, ყალბი უფლებები, რადგან მათ მისაღებად საჭიროა, რომ ადამიანების ერთი ჯგუფი ადამიანების მეორე ჯგუფის მონად იქცეს, და ეს მხოლოდ იმით განსხვავდება ერთი ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის გაქურდვისა და გაძარცვისაგან, რომ ამ შემთხვევაში ქურდობა და ძარცვა არაპირდაპირ, სახელმწიფოს ხელით ხდება.

შენ არ შეგიძლია სხვა ადამიანს გადასცე ის უფლება, რომელიც თავად არ გაგაჩნია. შენ, როგორც ინდივიდს, არა გაქვს სხვა ინდივიდის ან ინდივიდების გაქურდვის და გაძარცვის უფლება და შესაბამისად, ვერც სახელმწიფოს - მთავრობას გადასცემ ამ უფლებას, მისი არჩევის გზით. ქურდობა და ძარცვა არის ქურდობა და ძარცვა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ სჩადის მათ: ერთი ინდივიდი თავად ქურდავს ან ძარცვავს მეორე ინდივიდს, თუ მთავრობა ამომრჩევლის შეკვეთით ქურდავს ან ძარცვავს გადასახადების გადამხდელს. ქურდობის და ძარცვის შედეგი, ვინც არ უნდა სჩადიოდეს მათ, ყოველთვის ერთიდაიგივეა: მთელი საზოგადოების გაღატაკება.

აკრძალული უნდა იყოს მხოლოდ ძალადობა, ანუ, ძალის გამოყენება არა თავდაცვის, არამედ აგრესიის მიზნით, და არაფერი სხვა. არაძალადობრივი ქმედებების აკრძალვა თავადაა აგრესია და შესაბამისად, ძალადობა. ნეგატიური უფლებების განხორციელება, პოზიტიური უფლებების განხორციელებისგან განსხვავებით, ძალადობას არ ემყარება. შესაბამისად, მხოლოდ პოზიტიური უფლებების განხორციელება უნდა იყოს აკრძალული, და არავითარ შემთხვევაში - ნეგატიური უფლებების. ნეგატიური უფლებების განხორციელების აკრძალვა თავადაა ძალადობა.

რადგან პოზიტიური უფლებები ნეგატიური უფლებების დარღვევის გარეშე ვერ განხორციელდება, ნეგატიური და პოზიტიური უფლებები ერთმანეთთან კონფლიქტში მოდიან. მაგალითად, ერთი ადამიანის პოზიტიური უფლება, რომ ჯანდაცვის სერვისი "უფასოდ" მიიღოს, წინააღმდეგობაში მოდის მეორე ადამიანის ნეგატიურ უფლებასთან, რომ საკუთარი პატიოსანი შრომით შექმნილი დოვლათი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუზიაროს სხვებს, თუკი თავად ექნება ამის სურვილი.

ამდენად, ადამიანის უფლებები შეიძლება დაიყოს ყალბად და ჭეშმარიტად, და სწორედ ის, სხვა ადამიანების დამონება და გაქურდვა საჭიროა თუ არა უფლებების აღსრულებისთვის, არის ის კრიტერიუმი, რითაც შეიძლება მოხდეს ამ უფლებების დიფერენცირება. თუკი სიტყვა "უფლების" ქვეშ შენ იგივე აზრს დებ, რასაც სიტყვა "ქურდობის" ქვეშ, მაშინ მე შემიძლია, რომ შენს მიერ მინიჭებული აზრი სიყალბედ მივიჩნიო და ვთქვა, რომ "პოზიტიური უფლება" არის ყალბი უფლება და, სინამდვილეში, დაკანონებულ ქურდობას გულისხმობს.

ნეგატიური უფლებები იმიტომ კი არ არის ჭეშმარიტი, ხოლო პოზიტიური უფლებები - ცრუ, რომ პირველი ღმერთის ან ბუნების მიერაა მოცემული, ხოლო მეორე - ადამიანის მიერ გამოგონილი, არამედ იმიტომ, რომ, ნეგატიური უფლებების აღსრულებისგან განსხვავებით, პოზიტიური უფლებების აღსრულებას სხვა ადამიანების დამონება, ანუ, მათი ნეგატიური უფლებების შელახვა სჭირდება. სხვა სიტყვებით, პოზიტიური უფლებები ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან, რაც მათ სიყალბეზე მიუთითებს, ხოლო ნეგატიური უფლებები საკუთარ თავთან ლოგიკურ წინააღმდეგობაში არ მოდიან, რაც მათ ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.

სახელმწიფომ, ანუ, ძალადობრივმა ტერიტორიულმა მონოპოლიამ - რომლის არსებობაც უკვე თავადაა დანაშაული, რადგან არავის აქვს სერვისების მოწოდებაზე ძალადობრივი მონოპოლიის დაწესების უფლება - იმდენად გააუკუღმართა კანონი, რომ ქურდებისგან და მძარცველებისგან პატიოსანი ადამიანების დაცვის ნაცვლად, თავად ქურდობის და ძარცვის "უფლებას" იცავს. ე.წ. სოციალური უფლებები სხვა არაფერია, თუ არა ქურდობის და ძარცვის დაკანონებული უფლებები. ქურდობის და ძარცვის "ადამიანის უფლებად" გამოცხადებით სახელმწიფომ ამ კრიმინალურ ქმედებებს კოლოსალურად დიდი მასშტაბები შესძინა.

პიროვნულობა, თავისუფლება, და საკუთრება იმიტომ კი არ არსებობენ, რომ ადამიანებმა კანონები შექმნეს, არამედ, პირიქით, ადამიანებმა კანონები იმიტომ შექმნეს, რომ პიროვნულობა, თავისუფლება, და საკუთრება მანამდე არსებობდნენ. და რა არის, მაშინ, კანონი? როგორც უკვე ვთქვი, ის არის კანონიერი დაცვის ინდივიდუალური უფლების კოლექტიური ორგანიზება.

შემდეგ, რადგან ადამიანი ბუნებრივად მიდრეკილია, რომ ტკივილს თავი აარიდოს - და რადგან შრომა თავისთავად ტკივილია - გამოდის, რომ როდესაც ძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე მუშაობა, ადამიანები ყოველთვის ძარცვას მიმართავენ. ისტორია ამას ნათლად გვიჩვენებს. და ამ შემთხვევაში, არც რელიგიას და არც მორალს ამის შეჩერება არ შეუძლია. მაშ, როდის შეწყდება ძარცვა? ძარცვა შეწყდება მხოლოდ მაშინ, როცა ის უფრო მტკივნეული და სახიფათო იქნება, ვიდრე მუშაობა. აქედან აშკარაა, რომ კანონის მართებული დანიშნულება მუშაობის ნაცვლად ძარცვის ფატალური ტენდენციის შესაჩერებლად კანონის კოლექტიური ძალის უფლებამოსილების გამოყენებაში მდგომარეობს.

კანონი ამოყირავდა, და სახელმწიფოს უფლებამოსილება ამოყირავდა მასთან ერთად. კანონი არა მხოლოდ შებრუნებულ იქნა მისი მართებული ფუნქციიდან, არამედ მას სრულიად საწინააღმდეგო ფუნქციის შესრულებაც კი დაევალა. დანაშაულის პრევენციის ნაცვლად, კანონი თავადაა დამნაშავე იმ დარღვევებში, რომელთა დასჯაც მას უნდა ევალებოდეს...

კანონი უფრო შორსაც კი წავიდა. ის საკუთარ დანიშნულებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოქმედებს. კანონი გამოიყენება იმისთვის, რომ მან საკუთარი მიზანი გაანადგუროს: მას ხმარობენ იმისთვის, რომ იმ სამართლიანობას გამოუთხარონ ძირი, რომლის შენარჩუნებაც თავად კანონს ევალება; იმისთვის, რომ შეზღუდონ და გაანადგურონ ის უფლებები, რომელთა დაცვაც კანონის რეალური დანიშნულებაა. კანონმა კოლექტიური ძალა იმ არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში ჩააგდო განსაკარგავად, რომლებსაც სურთ რომ სხვების პიროვნების, თავისუფლების, და საკუთრების ექსპლუატაცია რისკის გარეშე მოახდინონ. რათა ძარცვა დაეცვა, კანონმა ძარცვა უფლებად აქცია, და რათა კანონიერი თავდაცვა დაესაჯა - კანონმა კანონიერი თავდაცვა დანაშაულად გამოაცხადა."

— ფრედერიკ ბასტია, "კანონი"

ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქმედებებს საბჭოურ იდეოლოგიასთან ბრძოლად ასაღებენ, მაშინ, როცა ნეგატიური უფლებების განხორციელების წინააღმდეგ იბრძვიან, ხოლო პოზიტიური უფლებების განხორციელებასთან არათუ პრობლემა არ აქვთ, არამედ აქტიურადაც კი მოითხოვენ მას, თავად წარმოადგენენ საბჭოური იდეოლოგიის აპოლოგეტებს. საბჭოთა კავშირში ნეგატიური უფლებები ბოლომდე დათრგუნული და ამოშანთული იყო, ხოლო პოზიტიური უფლებები - პირიქით, ბოლომდე გაფურჩქნული და აყვავებული.

სიტყვის უფლება სწორედ იმ სიტყვების მიმართ ტოლერანტობას გულისხმობს, რომლებიც გვძულს და არ მოგვწონს, და არა იმ სიტყვების მიმართ ტოლერანტობას, რომლებსაც ვეთანხმებით და რომლებიც მოგვწონს. სტალინი და ჰიტლერი იმ სიტყვების თქმის წინააღმდეგები არ ყოფილან, რომლებიც მათ მოსწონდათ და რომლებსაც ისინი ეთანხმებოდნენ. ისინი იმ სიტყვების თქმის წინააღმდეგები იყვნენ, რომლებიც სძულდათ და რომლებსაც არ ეთანხმებოდნენ.

რატომ არის სიტყვის და გამოხატვის უფლება ასე მნიშვნელოვანი? ცივილიზაციის პროგრესის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ის იდეები, რომელთაც მანამდე მხოლოდ უმცირესობა იზიარებდა, თანდათანობით უმრავლესობისთვისაც ხდება მისაღები და მოსაწონი. თუკი უმცირესობას საშუალება არა აქვს, რომ საკუთარი პოზიცია უმრავლესობამდე მიიტანოს, მაშინ საზოგადოების პოზიტიური ტრანსფორმაცია და, შესაბამისად, ცივილიზაციის პროგრესი შეუძლებელი ხდება.

ჯონ სტიუარტ მილის სიტყვებით: "მთელ კაცობრიობას, მხოლოდ ერთი პიროვნების გამოკლებით, ერთი მოსაზრება რომ ჰქონდეს, და მარტო ერთ პიროვნებას ჰქონდეს საწინააღმდეგო მოსაზრება, არანაკლებ გაუმართლებელი იქნებოდა კაცობრიობას ის ერთი პიროვნება გაეჩუმებინა, ვიდრე იმ ერთ პიროვნებას, ძალაუფლება რომ ჰქონოდა, მთელი კაცობრიობა გაეჩუმებინა...

თუკი მოსაზრება სწორია, ისინი მოკლებულები არიან შესაძლებლობას, რომ შეცდომა ჭეშმარიტებაზე გაცვალონ. თუკი ის მცდარია, ისინი კარგავენ სიმართლის უფრო ნათლად შეგრძნების და ცოცხლად განცდის შესაძლებლობას, რასაც შეცდომასთან შეჯახება იწვევს და რაც არანაკლები სიკეთეა...
მან, ვინც რაიმეს შესახებ მხოლოდ მისი საკუთარი მხარე იცის, ბევრი არაფერი იცის მის შესახებ. მისი მსჯელობა, შესაძლოა, კარგი იყოს და, შესაძლოა, ვერავინ შეძლოს მისი უარყოფა, მაგრამ თუკი მას თანაბრად არ შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობის უარყოფა, თუკი მან ისიც არ იცის, თუ რაში მდგომარეობს ეს მსჯელობა, მაშინ მას არ გააჩნია საფუძველი, რომ რომელიმე მოსაზრება ერჩივნოს... არც ისაა საკმარისი, რომ მან მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები მისი საკუთარი მასწავლებლებისგან მოისმინოს, ისე წარდგენილი, როგორც ეს უკანასკნელნი აცხადებენ მათ, და იმის თანხლებით, რასაც ისინი უარყოფად გვთავაზობენ. მას ამ მოსაზრებების მოსმენა მათგან უნდა შეეძლოს, ვისაც მართლა სჯერა მათი... მან ისინი მათი ყველაზე უფრო სავარაუდო და დამაჯერებელი ფორმით უნდა იცოდეს."

ასევე სრულიად გაუმართლებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა "სახელმწიფოს ღალატისკენ მოწოდებაზე" აპელირებით. ასეთი ცნება, "სახელმწიფოს ღალატი", სინამდვილეში, არც არსებობს. არც, ვთქვათ, რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მიერთების მოსურნეა ქვეყნის მოღალატე და არც, ვთქვათ, საქართველოსგან სამეგრელოს გამოყოფის მოსურნეა ქვეყნის მოღალატე, რადგან პირველისთვის მისი ქვეყანა საქართველო კი არა, რუსეთთან მიერთებული საქართველოა, ხოლო მეორესთვის მისი ქვეყანა საქართველო კი არა, საქართველოსგან გამოყოფილი სამეგრელოა.

ლაისენდერ სფუნერის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ვინმეს მოღალატედ გამოცხადებას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპი:

...ადამიანები შეიძლება სამართლიანად ვაიძულოთ, რომ იმ მთავრობას დაემორჩილონ და მხარი დაუჭირონ, რომლის მორჩილება და მხარდაჭერაც მათ არ სურთ; და რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათი მხრიდან, მათ მოღალატეებად და კრიმინალებად აქცევს. 

ღალატი არ არსებობს, რადგან ყოველი ადამიანი თავად წყვეტს, რომელია "მისი ქვეყანა", სხვა ადამიანები კი არ უწყვეტენ მას, რომელი უნდა იყოს "მისი ქვეყანა".

კამათი იმაზე, თუ სად მთავრდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება - რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღკვეთილი და დასჯილი, და რისი აღკვეთა და რისთვისაც დასჯა თავადაა ძალადობა და, შესაბამისად, დანაშაული - და სად იწყება ძალადობის დაგეგმვა და მომზადება - რაც, როგორც დანაშაული, ნებისმიერ შემთხვევაში აღკვეთილი და დასჯილი უნდა იყოს - არის უნაყოფო და არაფრისმომცემი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს საკითხი მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ასეთი კი დღეს არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან იმ უბრალო მიზეზის გამო არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების სერვისი მთელ მსოფლიოში ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერაა ძალადობრივად მონოპოლიზებული, რაც ა პრიორი გამორიცხავს იაფი, ხარისხიანი, და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობას. მიკერძოებული სასამართლო თავადაა ძალადობის და, შესაბამისად, დანაშაულის ინსტრუმენტი.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები