სიახლეები

რას აკეთებს გირჩი პარლამენტში?

რას აკეთებს გირჩი პარლამენტში? 

ზოგადად, ოპოზიციას პარლამენტში ორი სახის საქმე შეიძლება ჰქონდეს. პირველი - პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენება. გასაგებია, რომ ოპოზიციას კანონების მიღება არ მოეთხოვება - ეს უმრავლესობის პრივილეგიაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პერიოდულად იქმნება ხოლმე სპეციფიკური პოლიტიკური პირობები და ცხადია, რომ ასეთ მომენტებში ოპოზიციური პარტიის მიზანი საკუთარი იდეების რეალიზაცია ან არასასურველი იდეებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ხდება.

და მეორე - საკუთარი იდეების მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება და მმართველი უმრავლესობის კრიტიკა, რათა შემდეგ არჩევნებზე პარტიამ მეტი მხარდაჭერა მიიღოს და უკვე უმრავლესობით ან კოალიციის ფარგლებში პრაქტიკაში განახორციელოს საკუთარი იდეები. სწორედ ესაა საპარლამენტო ოპოზიციის ყოველდღიური აქტიურობის მთავარი მიზანი.

თუ გირჩის აქტივობას ამ ორი კრიტერიუმით შევაფასებთ, იმ წელიწად ნახევარში, რაც პარლამენტში ვართ, საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჩარევის თუ აქტივობის შედეგად სამი პატიმარი გათავისუფლდა: ერთი, ჩვენი თხოვნის შემდეგ, პრეზიდენტმა შეიწყალა, მეორე, რომელიც მიუხედავად ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ციხეში იჯდა 15-ლარიანი არყის მოპარვის გამო, უდოთი გამოვიდა; ხოლო 2022 წლის ოქტომბერში ციხე დატოვა პატიმარმა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად არ ათავისუფლებდნენ (იმაზე 19 დღით მეტი გაატარა ციხეში, ვიდრე ეკუთვნოდა).

ზოგადად, პატიმრების პრობლემების კუთხით ბევრს ვმუშაობთ. განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, იაგო. რამდენიმე კანონპროექტიც გვაქვს ამ თემაზე შეტანილი:

1. ,,ბირჟა მაფიას საქმე''. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, საერთო სასამართლოები უარს ამბობენ გადაისინჯოს ისეთი საქმეები, რომელშიც მხოლოდ პოლიციელის ჩვენება დევს მტკიცებულების სახით. ჩვენი კანონპროექტი ამ არასწორი და არაკონსტიტუციური პრაქტიკის დასრულებას გულისხმობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ციხეს დატოვებენ ადამიანები, რომლებიც დაიჭირეს მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, სხვა ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე.

2. პატიმრობის კოდექსში ცვლილების თანახმად ოჯახის წევრებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, ერთმანეთთან ვიდეო-ზარის მეშვეობით კომუნიკაციის უფლება უჩნდებათ (ახლა ეს აკრძალულია).

პირველი კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო მეორე კანონპროექტზე მუშაობისას, საბოლოოდ, დავითანხმეთ უმრავლესობა და სათანადო ცვლილება იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში შემოტანილ ცვლილებათა პაკეტში აისახა და, იმედია, მიღებულიც იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - "ნალაქსონის", იგივე "ნარკანის", რეცეპტის გარეშე გაყიდვის დაშვებაა. "ნარკანი" ანტიდოტია, რომელიც ადამიანს ზედოზირების შემთხვევაში სჭირდება. მისი რეცეპტით გაყიდვა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გადმონაშთი იყო და ამას უამრავი ადამიანი ეწირებოდა. ამ პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ნარკოლოგები წლების მანძილზე ლაპარაკობდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, იდეის პოლიტიკური ლობირება არავის უცდია. ლექსო ლაშქარავას ტრაგედიის შემდეგ ასეთი პოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ავუხსენით - რომ არა ნარკანის რეცეპტით გაცემა, ლექსო ცოცხალი იქნებოდა და რომ ეს წესი შესაცვლელი იყო. ამის შემდეგ პარლამენტარებს დაველაპარაკეთ. შედეგად, ჯანდაცვის კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა ჯანდაცვის სამინისტროს და გარკვეული ბიუროკრატიული პროცესის შემდეგ, უკვე ახალმა მინისტრმა, "ნალაქსონი" იმ მედიკამენტთა სიაში გადაიყვანა, რომლის რეცეპტის გარეშე გაცემა, აუცილებლობის შემთხვევაში, ნებადართულია. ეს ცვლილება ახლო მომავალში ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

2022 წლის თებერვალში კანონპროექტი შევიტანეთ, რომლის თანახმად პარტიების მიერ დანიშნული საოლქო კომისიის წევრებს სერტიფიცირება არ დასჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ოპოზიციამ მხარი არ დაგვიჭირა და, საბოლო ჯამში, კანონი პარლამენტმა დროებით ნორმად მიიღო. 2024 წლიდან სერტიფიცირება ისევ აუცილებელი იქნება.

12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, უმრავლესობასთან და OSCE ODIHR-თან მოლაპარაკებების შედეგად, გავიტანეთ ცვლილება, რომლის თანახმად 2.5-ჯერ შემცირდა იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო ადგილობრივ არჩევნებზე პარტიის რეგისტრაციისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებით 1500 კანდიდატიანი სიების ნაცვლად, პარტიას დასჭირდება მაქსიმუმ 600 კანდიდატიანი სია, რათა ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი. შეიძლება ამომრჩევლისთვის ეს არ იყოს რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ ყველა პარტიისთვის (ორი დიდი პარტიის გარდა), ეს სიები რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის მთავარი ტექნიკური ბარიერი იყო. მარტო ჩვენ 2021 წელს ამ სიების შეგროვებაზე ერთ თვეზე მეტი და თითქმის მთელი ადამიანური რესურსი დავხარჯეთ (პარლამენტიდან ღამის პირველზე გავდიოდით ხოლმე), თან საარჩევნო კამპანიის პერიოდში - ივლის-აგვისტოში. ასე რომ, ჩვენი აქტივობით (ამ საკითხში მხოლოდ ლევან იოსელიანი გვიჭერდა მხარს „მოქალაქეები“-დან) ყველა პატარა პარტიას ცხოვრება მნიშვნელოვნად გავუმარტივეთ.

იმავე პროცესში, 100-დან 60 ადამიანამდე შემცირდა პარტიების მიერ წარსადგენი საპარლამენტო სიის მინიმუმი. ესეც სასიამოვნო წვრილმანია. ასევე, ორი მავნებლური ცვლილებაც გვაქვს გაჩერებული.

1. 2022 წლის თებერვალში მთავრობამ შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიზანი, თურქეთის ბაზრის გახსნასთან ერთად, ევროპიდან წამლების პარალელური იმპორტის აკრძალვა იყო. ვახოს ჩარევის შედეგად, კანონპროექტი შეიცვალა და პარალელური იმპორტი არ აიკრძალა. იხილეთ სრული ისტორია: https://www.facebook.com/GirchiParty/videos/313105397456736/

2. 12 პუნქტის შესრულებისას, ვენეციის კომისიიდან მოვიდა რეკომენდაცია, რომ პარტიის მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრების სერტიფიცირება სავალდებულო ხდებოდა. ესეც გავაჩერეთ, ამჯერად ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენთვის 73 საოლქო კომისიის წევრების პოვნაც კი რთული იყო, ხოლო 3000-ზე მეტ სერტიფიცირებულ საუბნო კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობაც კი ვერ იპოვიდა.

ამ ყველაფერზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტის ტრიბუნამ ჩვენი იდეების უფრო ეფექტიანი გავრცელების საშუალება მოგვცა.

მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, ჩვენი მთავარი მიზანი იმ ფუნდამენტური იდეის გავრცელება იყო, რომ ადამიანი საკუთარი სხეულის მესაკუთრეა. ორ კვირაში, მხოლოდ ამ საკითხზე კონცენტრაციით, ათასობით ადამიანს მივწვდით და ტაქსისტებიდან დაწყებული, პარლამენტარებიდან დამთავრებული, ხალხი შეხვედრისას ამ თემაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას იწყებდა. ამ იდეას გირჩი დაარსების დღიდან ავრცელებს, მაგრამ ორ კვირაში პარლამენტიდან უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე პარტიამ შეძლო ბოლო 6 წლის მანძილზე.

მულტისავალუტო რეჟიმი ფართო საზოგადოებაში მარგინალურ იდეად ითვლებოდა, რომელსაც გირჩის იქით ფაქტობრივად არც კი იცნობდნენ (ცალკეული და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გამო). ახლა კი, მათ შორის პარლამენტში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებთან დისკუსიების ხარჯზე, ეს იდეა ბევრად მეტ ადამიანს გავაგებინეთ და ის უკვე არ არის ისევე მარგინალურად აღქმული. სხვა თუ არაფერი, პარლამენტარების დიდმა ნაწილმა იცის, რომ მულტისავალუტო რეჟიმი არსებულ წესრიგზე უკეთესია.

არასდროს უსაუბრიათ პარლამენტში განათლების სისტემაზე ან ნარკოპოლიტიკაზე ისე, როგორც ეს ახლა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ცვლილებები ჩვენთვის არასასურველი მიმართულებით ხორციელდება, „განათლების სამინისტრო რომ უნდა გაუქმდეს“ ანდა „ნარკოტიკები რომ ლეგალური უნდა იყოს“, ამაზე პოლიტიკურ ველში სერიოზული საუბარი ფაქტობრივად მხოლოდ ახლა დაიწყო.

გადასახადები რომ ძარცვაა და სავალდებულო გაწვევა - მონობა, ეს ბევრმა გირჩელმა იცის, მაგრამ ახლა ეს ათასობით სხვა მოქალაქემაც გაიგო. ჯერ ამ იდეების გამო ბევრი თანამოქალაქე გვლანძღავს, რადგან წლებია მთელი იდეოლოგიური მანქანა საწინააღმდეგო სტერეოტიპებს ნერგავდა ადამიანების ტვინებში, მაგრამ ჩვენი საპარლამენტო გამოსვლებით და აქტიურობით იმის შანსი, რომ როგორც ჩვენ და ჩვენმა მხარდამჭერებმა გავიაზრეთ ოდესღაც სახელმწიფოს ნამდვილი ბუნება, სხვა ადამიანებიც მალე მიხვდნენ, თუ რა იმალება „სახელმწიფოს“ უკან, მკვეთრად გაიზარდა.

ეს არის ის, რაც გავაკეთეთ. ბევრია ეს, თუ ცოტა, თქვენ გადაწყვიტეთ, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის გაკეთებული საქმე პარლამენტში თუ პარლამენტს მიღმა. თუკი სხვა პარტიებიც მინიმუმ ჩვენსავით ეფექტიანი იქნებოდნენ, არავის გაუჩნდებოდა კითხვა, თუ „რას აკეთებთ პარლამენტში?!“.

თუ 4-მა დეპუტატმა ამდენი მოვახერხეთ, წარმოიდგინეთ, რა შეეძლო 60-ს?

ავტორი - სანდრო რაქვიაშვილი

Facebook პოსტი

კომენტარები