სიახლეები

556 Views
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: კარგი შანსია საზოგადოებისთვის, რომ დაფიქრდნენ რა სწამთ რეალურად

საერთოდ არ აქვს ამჯერად იმას მნიშვნელობა, რამდენად კარგი ადამიანია პატრიარქი და როგორი კეთილია, როცა ამაზე საუბრობენ, მისი სიკეთე აქ არაფერი შუაშია, მთავარი არის შედეგი და ის, თუ რა მოგვიტანა მისმა პოლიტიკამ ეკლესიაში.

ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ "გირჩის აზრში", "გირჩის" პლატფორმის ახალმა პოლიტიკოსმა თენგო კირთაძემ, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართულმა ეკლესიამ თავიდანვე არასწორი გზა აირჩია, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ისევ საბჭოთა მემკვიდრეობით განაგრძო მოღვაწეობა.

კრიტიკული კითხვები თავიდანვე რომ გაჩენილიყო, დღეს ეს რეალობა არ გვექნებოდა. ეროვნული მოძრაობიდან და შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლიდან დაწყებული, ეს წყალგამყოფი პერიოდი იყო ახალი შანსი როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ეკლესიისთვის, საკუთარი თავი ეპოვნა. ახალ მოცემულობაში მოუწიათ ცხოვრება, როგორც ფორმალურმა სახელმწიფომ ასევე მაშინდელმა ქართულმა ეკლესიამ, ძალიან ცუდი გზა აირჩიეს, ერთმანეთს ჩაკიდეს ხელი და ბოროტების გზას გაუყვნენ. იმის მაგივრად, რომ ეკლესიას და საპატრიარქოს თავისი ფუნქცია შეესრულებინა და ერის სულიერ განვითარებაზე ეზრუნა, ის დასჯერდა პრივილეგიებს რაც ფორმალურმა სახელმწიფომ, რომელიც მაშინ არსებობდა, მას შესთავაზა და ამ გზიდან არც არასდროს არ გადაუხვევია, დღეს სახელმწიფო ბევრად უფრო განვითარდა, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და რეალურად ეს საპატრიარქოს დამსახურებაა.

როგორც თენგო კირთაძე აღნიშნავს, ამ პროცესებზე პასუხისმგებელი სწორედ პატრიარქია, რადგან ის არის ქართული ეკლესიის მეთაური და თუ საუბარია იმაზე, რომ ის ვერ აკონტროლებდა ამ პროცესებს, ეს მისი, როგორც მმართველის პრობლემაა, ხოლო თუ აკონტროლებდა ყველაფერს და დაუშვა ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ეკლესიაშია, ამ შემთხვევაშიც ცხადია, რომ მისი პასუხისმგებლობაა.

კირთაძის თქმით ეს ამბავი უნდა იყოს შანსი ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე პირველ რიგში მრევლისთვის, რომ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა სწამთ რეალურად, მართლაც ქრისტიანობაა ეს თუ ეკლესიის მიერ ჩვენთვის მოცემული უშინაარსო მოთხოვნა - "დაგვემორჩილე"!

ქრისტიანობა პირველი რიგში არის შემეცნება, საკუთარი თავის პოვნა, კითხვების დასმა, განვითარება და ის ფასეულობები, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, თავისუფლებაზე და პასუხისმგებლობაზე.

"ამას მე ვერ ვხედავ დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და ყველა ადამიანის, რომელსაც გული შესტკივა ქართულ ეკლესიაზე, პირდაპირი მოვალეობად მიმაჩნია, რომ ამ პროცესებში თავისი წვლილი შეიტანოს თავისი სამოქალაქო აქტივობით თუნდაც. დასვას კითხვები, ისეთი კითხვები, რომელიც შეიძლება საზოგადოებას დღეს არ მოსწონდეს, მაგრამ ამ კითხვების დასმა აუცილებელია. თორემ გვექნება სულ ეს ბუტაფორია, როდესღაც დაინგრევა ეს რაც შევქმენით ჩვენ და დავინახავთ, რომ ჩვენი რწმენის უკან იყო სიცარიელე და არაფერი არ იდგა. ეკლესია კი პირდაპირ ან ირიბად ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაზე გავლენას მაინც იქონიებს."

- ამბობს თენგო კირთაძე "გირჩის აზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები