სიახლეები

844 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ივანიშვილი ერთადერთი ინვესტორია, რომელსაც უსაფრთხოების გარანტია აქვს ამ ქვეყანაში

იაგო ხვიჩიამ  "პალიტრა ნიუსის" ეთერში, ბიძინა ივანიშვილის "წყალტუბოს აღორძინების" პროექტზე ისაუბრა.

"ქართული ოცნების” ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს წყალტუბოში გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მათი სრული რეაბილიტაცია მოახდინოს კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

არ ჩანს აქ გულწრფელი მზრუნველობა წყალტუბოელ  ხალხზე, ეს არჩევნების მოსაგებად დაწყებული პროექტია. ცალკე აღებული მშენებლობის პროცესი ცუდი არ არის, მე არასდროს მითქვამს, არც პანორამაზე, არც აბასთუმნის პროექტზე, რომ ივანიშვილი ამით ცუდ საქმეს აკეთებს, მაგრამ ცუდი საქმე არის ის, რომ სხვას არ აძლევს იმავეს კეთების საშუალებას. სხვა ინვესტორები ამ ქვეყანაში არიან შეზღუდულები, როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე დაშინების წესით, მათ ვიღაცები შეიძლება არეკეტებდნენ, ამას დამატებული რეგულირებები, რომელიც ყოველ წუთიერად შემოდის ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს არ ეხება. რომც ეხებოდეს, ავტომატურად, მას ივანიშვილის გარეშე, ბიუროკრატები თვითონ მოუგვარებენ.

 - ამბობს იაგო ხვიჩია რადიო "პალიტრას" ეთერში.

როგორც "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ეს პროექტი არ არის გარანტია ივანიშვილისთვის, რომ ის არჩევნებს მოიგებს, რადგან მთავარი მოსახლეობაში არსებული განწყობებია. ხვიჩიამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს რეაბილიტირებული ბათუმი და თელავი მოიყვანა მაგალითად, სადაც სააკაშვილმა არჩევნები მაინც წააგო.

როცა სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში, როცა ადამიანები დაუსჯელად დადიან, როცა მაკო გომურს, არ აღიარებ დაზარალებულად და ასეთ ქვეყანას აშენებ, მხოლოდ ის ჩადებს ინვესტიციას ასეთ ქვეყანაში, ვისაც უსაფრთხოების გარანტია აქვს, უსაფრთხოების გარანტია კი, ამ წუთას, მხოლოდ ივანიშვილს აქვს და ეს არის მთავარი პრობლემა. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები