კანტი - კატეგორიული იმპერატივი

იმანუელ კანტი არის ფილოსოფოსი, რომელმაც სცადა ეჩვენებინა თუ როგორ არის შესაძლებელი, ადამიანთა გაკეთილშობილება თავისთავად, ტრადიციული რელიგიური ქადაგებებისა  და აღთქმის გარეშე.

იგი 1724 წელს, ბალტიისპირა ქალაქ  კიონიგსბერგში - ახლანდელ კალინინგრადში  დაიბადა, რომელიც იმ პერიოდში პრუსიის შემადგენლობაში შედიოდა.

კანტის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. მამამისი უნაგირების კეთებით იყო დაკავებული. კანტს ბევრი ფული არასდროს ჰქონია, მაგრამ ამ გარემოებას იგი  მსუბუქი თვითირონიით  ეკიდებოდა  და მოკრძალებულად ცხოვრობდა.პროფესორის რანგით სრულ განაკვეთზე ის მხოლოდ ორმოცდაათ წელს გადაცილებული გადავიდა და კეთილდღეობის საშუალო დონესაც მაშინ მიაღწია. 

კანტი ძალიან მკაცრი და ღრმად რელიგიური ოჯახიდან იყო. თავად კანტი  ტრადიციული რელიგიის მიმდევარი არ ყოფილა, თუმცა კარგად ესმოდა თუ რამხელა როლი ითამაშა რელიგიამ მისი მშობლებისთვის  ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში და რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს რელიგია სოციალური ერთსულოვნებისა და საზოგადოების განვითარებისთვის. 

კანტი ფიზიკურად  სუსტი აღნაგობის იყო და გარეგნობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა სოციალური აქტიურობით გამოირჩეოდა. კოლეგები აკრიტიკებდნენ კიდეც ზედმეტად ბევრ წვეულებაზე სიარულის გამო. იმ შემთხვევებისთვის, როცა მასპინძლობისთვის დროის გამონახვას ახერხებდა, სუფრასთან საუბრის საკუთარი წესები ჰქონდა შედგენილი. ვახშმობის დასაწყისში, სტუმრებს ერთმანეთისთვის ბოლოდროინდელი ამბები უნდა გაეზიარებინათ. ამას ძირითადი ფაზა - დისკუსია -  უნდა მოჰყოლოდა, სადაც  დამსწრენი მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებდნენ. და ბოლოს,  დასკვნითი ეტაპი აუცილებლად მოლხენას უნდა დათმობოდა, რათა სუფრა ყველას კარგ ხასიათზე დაეტოვებინა. 

იგი 1804 წელს, 80 წლის ასაკში კიონიგსბერგში გარდაიცვალა, ისე რომ, იშვიათად თუ გასჩენია მშობლიური ქალაქის დატოვების სურვილი.  

კანტი ისტორიის მეტად საინტერესო პერიოდში მოღვაწეობდა, რომელიც ჩვენთვის განმანათლებლობის სახელითაა ცნობილი. 1784 წელს გამოქვეყნებულ ესსეში სახელად “რა არის განმანათლებლობა?”  კანტი ამბობს, რომ მისი ეპოქის თავისებურებას მზარდი სეკულარიზმი წარმოადგენდა. ინტელექტუალურად კანტი მიესალმებოდა ქრისტიანული რწმენის შესუსტებას, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით იგი ამით შეშფოთებული იყო. იგი ადამიანის ბუნების მიმართ პესიმისტურად იყო განწყობილი და სწამდა, რომ ჩვენ ბუნებრივად  უზნეობისკენ ვართ მიდრეკილნი. სწორედ ამ აზრმა უბიძგა მას მისი ერთ-ერთი ცხოვრებისეული მისია დაესახა. ეს გახლავთ, რელიგიური ავტორიტეტის ჩანაცვლება ადამიანის გონის პრიმატით.
 
რაც შეეხება რელიგიურ საკითხებს,  მან საკუთარი შეხედულებები შეაჯამა წიგნში სახელად “რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში”. აქ იგი ამტკიცებს, რომ ისტორიული რელიგიები შინაარსობრივად ცდებოდნენ, თუმცა, ზნეობრივი ქცევის წახალისების საჭიროებას ზუსტად მიაგნეს. საჭიროებას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა.  სწორედ ამ იდეით გამსჭვალულმა შექმნა “კატეგორიული იმპერატივი”, რომლითაც იგი ალბათ, ყველაზე კარგადაა ცნობილი. ეს უცნაურად ჟღერადი ტერმინი პირველად, ერთი შეხედვით დამთრგუნველი სათაურის მქონე ნაშრომში, სახელად “მორალის მეტაფიზიკის დაფუძნება” გამოჩნდა. 

კატეგორიული იმპერატივი ამბობს:

მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.

რას გულისხმობდა კანტი ამაში? ეს მხოლოდ ძალიან ფორმალური პერიფრაზია იმ იდეის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებული და თითქმის ყველა ძირითად რელიგიაში ფიგურირებდა. 

      ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ.

კანტი ქმედების მორალურობის  შესაფასებელ მოქნილ გზას გვთავაზობს:

წარმოიდგინეთ,  რა მოხდებოდა თუ ამას მასიურად  ჩაიდენდნენ  და მისი მსხვერპლი სწორედ თქვენ აღმოჩნდებოდით. შესაძლოა მაცდუნებელი იყოს სამსახურში საწყობიდან რამდენიმე ფურცლის აღება, ეს ხომ არაფერია. მაგრამ ყველამ რომ იგივე გააკეთოს, საწყობის და ზოგადად საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო მეტი დარაჯის საჭიროება შეიქმნებოდა. ასევე, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორის ღალატში ცუდი არაფერია თუ ამას ვერავინ გაიგებს... მაგრამ კატეგორიული იმპერატივი ამის წინააღმდეგაც მიდის, რადგან შემდეგ თქვენ იმის აღიარებაც მოგიწევთ, რომ თქვენი პარტნიორის ღალატიც იგივენაირადაა გამართლებული, თუ ამას თქვენ ვერ გაიგებთ. 

კატეგორიული იმპერატივი პერსპექტივის გადატანისთვისაა შექმნილი, რათა  ჩვენი ქცევა შედარებით ნაკლებად სუბიექტური გადმოსახედიდან დაგვანახოს და გვაიძულოს თავადვე ვაღიაროთ ჩვენივე ქცევის ნაკლოვანებები. ამასთან, კანტი დასძენდა, რომ კატეგორიული იმპერატივის ფუნდამენტური იდეა სხვა ფორმულირებითაც შეიძლება გადმოიცეს:

მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.

ეს იყო დებულება, რომელსაც საყოველთაო სიყვარულის შესახებ ქრისტიანული მცნება “გიყვარდეს მოყვასი შენი” უნდა ჩანაცვლებინა. 
რაც შეეხება ,,მოექცე ადამიანს, როგორც მიზანს“, ამაში კანტი გულისხმობდა - უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება აქვს, რომელშიც ბედნიერებისკენ და თვითრეალიზებისკენ მიისწრაფვის და სამართალიანობას და პატიოსან მოპყრობას იმსახურებს.  

კანტი ამტკიცებდა, რომ კატეგორიული იმპერატივი ჩვენი  რაციონალური ,,მე“-ს ხმაა. ესაა ის, რისიც  საღად აზროვნების დროს რეალურად გვჯერა. ეს არის ჩვენივე გონის მიერ დამტკიცებული კანონი. 

კანტმა კატეგორიულ იმპერატივის მოსაზრება პოლიტიკურ სფეროზეც განავრცო. იგი თვლიდა, რომ მთავრობის მთავარ ფუნქციას თავისუფლების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, მაგრამ თავისუფლების სტანდარტული გაგება მისთვის სრულიად მიუღებელი იყო. თავისუფლება არ უნდა გავიგოთ იმ თვალსაზრისით, რომ რაც კი მოგვესურვება ყველაფრის კეთება შეიძლება. კანტის აზრით ჩვენ ვართ თავისუფლები მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ბუნების საუკეთესო ნაწილის შესაბამისად ვმოქმედებთ და ჩვენ ვართ მონები როცა საკუთარი ან სხვისი ლტოლვების მარწუხების ქვეშ ვექცევით.

 როგორც კანტი ამბობდა:

         თავისუფალი ნება და  მორალურ კანონებში მოქცეული ნება ერთი და იგივეა.

კანტისთვის, თავისუფლება მთავრობის არარსებობა არაა. თავისუფალი საზოგადოება   არც ის  არის, რაც ხალხს სულ უფრო და უფრო მეტ საშუალებას აძლევს ის აკეთოს, რაც მოეპრიანება. თავისუფალი საზოგადოება ისააა,  რომელიც ყველას ეხმარება იმაში, რომ უფრო გონიერი გახდეს. ამიტომ, კარგი სახელმწიფო ყველა ჩვენგანში  არსებული რაციონალური ელემენტის გამოხატულებაა. ის მართავს “საყოველთაოდ აღიარებული კანონებით,  რომლის პირობებშიც ყველას შეუძლია თავისუფალი იყოს“.

ამრიგად, იდეალურ შემთხვევაში, მთავრობა ჩვენი საუკეთესო მხარეების  გამოვლენილი, ინსტიტუირებული ვერსიაა.  
პოლიტიკით და ეთიკით  დაინტერესებული მოაზროვნისთვის შეიძლება გასაკვირიც კი იყოს, რომ  კანტმა  1793 წელს ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი  სახელად  “მსჯელობის უნარის კრიტიკა” ხელოვნებისა და მშვენიერების გაგებას მიუძღვნა. მაგრამ კანტს სწამდა, რომ მისი იდეები ხელოვნებისა შესახებ,  მთელი მისი ფილოსოფიის ქვაკუთხედს  წარმოადგენდა.

კანტის აზრით, ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლა იყო ჩვენს საუკეთესო ზნეობრივ მხარესა და ლტოლვებს,   ვალდებულებებსა და სიამოვნებებს შორის. რაც შეეხება მშვენიერებას, კანტს განსაკუთრებით უყვარდა ვარდები, ვენახები, ჩიტები. იგი თვლიდა, რომ სილამაზე ჩვენ განსაკუთრებულად აღგვაფრთოვანებს.  ის გვახსენებს ჩვენი პიროვნების საუკეთესო მხარეს და გვაკეთილშობილებს. ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი სხვა რამისგან განსხვავებით, კანტის თქმით, მშვენიერების სიყვარული უანგაროა. მას გავყავართ ვიწრო, ეგოისტური ყოველდღიურობის მიღმა, არა დაჟინებული მოთხოვნით, არამედ, მომაჯადოებელი მიმზიდველობით.  ბუნების მშვენიერება, ჩვენი საერთო ყოფიერების მშვიდი და თანმიმდევრული შემახსენებელია. ლამაზი ყვავილი დაქანცული გლეხისთვისაც ისეთივე მიმზიდველია, როგორც პრინცისთვის. მერცხლის გრაციოზული ფრენა ბავშვისთვისაც ისეთივე მომნუსხველია, როგორც ყველაზე ერუდირებული პროფესორისთვის. 

კანტისთვის ხელოვნება ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური იდეების ხორცშესხმაა.. ის ფილოსოფიის ბუნებრივი გაგრძელებაა. კანტს სწამდა, რომ ხელოვნება სულ გვჭირდებოდა, რათა კარგი ქცევის გამომხატველი ნათელი ილუსტრაციებით გვესარგებლა და ამით საკუთარი თავის თავნება ნაწილები გვეკონტროლებინა.

სქელ, აბსტრაქტულ და ძალზედ ინტელექტუალურ წიგნებში კანტმა უმნიშვნელოვანესი იდეის მონახაზი გააკეთა, რომელსაც ღირებულება დღესაც არ დაუკარგავს. მას სურდა გაეგო, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ბუნების საუკეთესო, უფრო რაციონალური მხარეების გაძლიერება, ისე, რომ  დამაჯერებლად შეძლოს ჩვენი თანდაყოლილ სისუსტეებისა და ეგოიზმის დაძლევა. 
კანტი მიიჩნევდა რომ, სეკულარიზაციის საშუალებით იგი იმის რაციონალურ ვერსიას ავითარებდა, რასაც რელიგიები მუდმივად ცდილობდნენ, თუმცა სრულყოფილად ვერასდროს ვერ ახორციელებდნენ.: დაგვხმარებოდნენ,  რომ უკეთესები გავმხდარიყავით.



კომენტარები