სიახლეები

365 Views
პოლიტიკა

მიტროპოლიტი პეტრე: მეუფე იაკობის ბოდვაზე პასუხისმგებლობას პატრიარქს ვაკისრებ

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა, ბოდბის ეპისკოპოსის იაკობის განცხადებებს ბოდვას უწოდებს და მის საქციელზე პასუხისმგებლობას პატრიარქს აკისრებს.

" მიმაჩნია რომ პატრიარქის დავალების შესრულება იყო მისი ეს გამოხტომა. სრულიად ვადანაშუაულებ პატრიარქს მეუფე იაკობის საქციელზე და მის არსებობაზე საქართველოს ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღკვეცილია და მღვდლად ჩემი ნაკურთხია. მეუფე იაკობი თავის არაადეკვატურ, სამარცხვინო და სჯულის კანონიდან ამოვარდნილ საქციელზე არასდროს არ დასჯილა და მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ", - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი უარყოფს იაკობის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პატრიარქის გადასაყენებლად რამე შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. მე პირადად, ცხოვრებაში ვერ გავიხსენე ვერც ერთი შემთხვევა, რომ ფიზიკურად ნამყოფი ვიყო საქართველოს კანცელარიის შენობაში არც ერთხელ. რაც შეეხება ხელისუფლების შეთქმულებას, მე მინდა გითხრათ, როგორც თავიდან ვამბობდი, ციანიდის სკანდალი და საქმე, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო, საქართველოს საპატრიარქოს მავნებლური ჯგუფის მიერ, რომელთაც ასევე, ხელისუფლება ჩაითრიეს ამ სკანდალში და დააშვებინეს გამოუსწორებელი შეცდომა" - ამბობს პეტრე ცაავა ჟურნალისტებთან

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

წყარო: liberali.ge

კომენტარები