24 ოქტ 2019
1122 Views
ბლოგი ეკონომიკა

მწარმოებლები მომხმარებლების წინააღმდეგ

"ყველა ეკონომიკური საკითხი განიხილე მომხმარებლის თვალთახედვიდან გამომდინარე, რადგან მომხმარებლის ინტერესები კაცობრიობის ინტერესებს წარმოადგენენ."
— ფრედერიკ ბასტია

ერთადერთი, რისი ცოდნაც საჭიროა პოლიტ-ეკონომიკურ იდეოლოგიებში გასარკვევად, არის შემდეგი: არსებობს მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა - მწარმოებლები და მომხმარებლები.

სახელმწიფოს მომხრეობა, ანუ, ეტატიზმი არის პოლიტ-ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც მწარმოებლების ინტერესებს იცავს. თავისუფალი ბაზრის ანარქიზმი არის პოლიტ-ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც მომხმარებლების ინტერესებს იცავს. ყველა დანარჩენი იდეოლოგია ამ ორ დაპირისპირებულ პოლუსს შორის დგას.

როდესაც მე ვამბობ "თავისუფალ ბაზარი", კერძო სექტორს არ ვგულისხმობ. კერძო სექტორი თავის მხრივ შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს, თუკი სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა სუბსიდირებული, ან კიდევ - ძალადობრივი მონო- ან ოლიგოპოლიის სახით სასათბურე პირობებშია ჩაყენებული სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვებით და რეგულაციებით. თავისუფალი ბაზარი კერძო სექტორის მხოლოდ ის ნაწილია, რომელიც ნებაყოფლობითია. ამას გარდა, რადგან "თავისუფალი ბაზარი" აბსოლუტური კი არა, შედარებითი ცნებაა, რაც მეტადაა კერძო სექტორი ნებაყოფლობითი, მით მეტად წარმოადგენს ის თავისუფალ ბაზარს და მით ნაკლებად - სახელმწიფოს, და პირიქით.

მომხმარებლებს სურთ მეტი კონკურენცია მწარმოებლებს შორის, რათა სერვისები იაფად და/ან ხარისხიანად მიიღონ. მწარმოებლებს, პირიქით, ნაკლები კონკურენცია სურთ, რათა რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ საკუთარი სერვისი და არც მაღალი ხარისხის შექმნაზე მოუწიოთ ხარჯის გაღება. ამდენად, მომხმარებლებსაც და მწარმოებლებსაც ერთი და იგივე ინტერესი აქვთ: რაც შეიძლება ნაკლები შრომით მიიღონ რაც შეიძლება მეტი სარგებელი და თან რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ მათი ინტერესები ერთმანეთთანაა დაპირისპირებული. როდესაც ამ ნებაყოფლობით ურთიერთობაში მესამე მოთამაშე შემოდის სახელმწიფოს სახით, ის ყოველთვის მწარმოებლის მხარეს იჭერს და მომხმარებელს აიძულებს, რომ საკუთარი ინტერესი დათმოს.

სახელმწიფოს მიერ ერთი მწარმოებლისთვის ხელის შეშლა ა პრიორი ნიშნავს მეორე, მისი კონკურენტი მწარმოებლისთვის ხელის შეწყობას, და პირიქით - სახელმწიფოს მიერ ერთი მწარმოებლისთვის ხელის შეწყობა ა პრიორი ნიშნავს მეორე, მისი კონკურენტი მწარმოებლისთვის ხელის შეშლას. სინამდვილეში, სახელმწიფო არასდროს ებრძვის მწარმოებელს. ყოველთვის, როდესაც თქვენ გგონიათ, რომ მთავრობა გადასახადებით და რეგულაციებით მწარმოებელს ებრძვის, ის, რეალურად, მომხმარებელს ებრძვის, ამ უკანასკნელისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვის გზით.

მომხმარებელი იმ შემთხვევაშია მოგებული, თუკი სახელმწიფო კონკურენციას არ ზღუდავს. სურთ თუ არა მწარმოებლებს, რომ სახელმწიფომ მათ კონკურენტები - ანუ, იმავე სერვისის მომწოდებელი სხვა მწარმოებლები - ჩამოაშოროს? მწარმოებლებისთვის ეს ავტომატურად ნიშნავს ადვილად და სწრაფად გამდიდრებას. შეუზღუდავი კონკურენცია გადასარევია მომხმარებლებისთვის, მაგრამ ის საშინელებაა მწარმოებლებისთვის. შეუზღუდავი კონკურენცია ნიშნავს იმას, რომ თქვენი ბიზნესი ერთ დღეს შეიძლება კონკურენტებმა გააკოტრონ, თუკი მათ მიერ მოწოდებული სერვისი მომხმარებელს უფრო მეტად მოეწონება. არცერთ მწარმოებელს არ სურს გაკოტრება და ბაზრიდან გასვლა - თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ყველა მათგანი კონკურენტებთან სახელმწიფოს ხელით ბრძოლის მომხრე იყოს. თუკი მწარმოებელი საკუთარ საქმეს იმდენად კარგად აკეთებს, რომ ის თავისთავად ამარცხებს კონკურენტებს, ამ საქმეში სახელმწიფოს ხელშეწყობა მას არაფერში სჭირდება - პირიქით, ამ შემთხვევაში მწარმოებელს სურს რომ სახელმწიფო თავად მას არ უშლიდეს ხელს კონკურენტების დამარცხებაში. მთავარი ის კი არ არის, ბიზნესი დამწყებია თუ არა, ან - დიდია, საშუალო, თუ მცირე, არამედ ის, რამდენად კარგად აკმაყოფილებს იგი მომხმარებლების ინტერესებს. ნებისმიერ ბიზნესს მხოლოდ ერთი რეალური ინტერესი აქვს - რაც შეიძლება ადვილად და სწრაფად გამდიდრება - თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალი გზები შეიძლება განსხვავდებოდეს მათთვის.

თქვენ შეგიძლია მწარმოებლები დაყოთ კარგებად (ანუ, სახელმწიფოს არაფავორიტად) და ცუდებად (ანუ, სახელმწიფოს ფავორიტად), და თქვათ, რომ სახელმწიფო მხოლოდ კარგ მწარმოებლებს ებრძვის. მე მსგავს ტერმინოლოგიას არ ვეთანხმები და მირჩევნია ვთქვა, რომ ყოველთვის, როცა სახელმწიფო, ერთი შეხედვით, მწარმოებელს ებრძვის, ის სინამდვილეში მომხმარებელს ებრძვის, ამ უკანასკნელისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვის გზით. ჩემი აზრით, ასე თქმა არა მხოლოდ ბევრად უფრო სწორია, არამედ პრაგმატულიც - განსაკუთრებით, როდესაც ოპონენტების განათლებას ვცდილობთ. თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა, სახელმწიფოს არაფავორიტი მწარმოებლები არჩევანს, როგორც წესი, ფავორიტად ქცევისთვის აკეთებენ. ანუ, მწარმოებლის სურვილი თითქმის ყოველთვის სახელმწიფოს ფავორიტად ქცევაა - სხვა სიტყვებით, ეს მის ბუნებაში დევს. კაცობრიობის მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე სწორედ მწარმოებელი იყო ის, ვინც სახელმწიფოს ხელით ძალადობდა და მომხმარებლის იძულებას ცდილობდა. მწარმოებლის მიმართ მსგავს ქმედებაში მომხმარებელი არასდროს ყოფილა შემჩნეული. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო არის მწარმოებლების გაგრძელება, რომელიც მომხმარებლებს ამა თუ იმ სერვისის ყიდვას აიძულებს, და არაფერი სხვა.

კითხვა: ვთქვათ, თქვენ სარგებლობთ სტილისტის სერვისით როცა მის სალონში თმის შესაკრეჭად მიდიხართ, მაგრამ ის ყიდულობს თქვენი კომპანიის მიერ გამოშვებულ მაკრატელს. რომელი თქვენგანია მომხმარებელი და რომელი - მწარმოებელი?

პასუხი: ორივენი ხართ ერთდროულად მომხმარებლებიც და მწარმოებლებიც. ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ მთელი საზოგადოებისთვის - რომლის წევრებსაც თქვენ ორნიც წარმოადგენთ - უმჯობესია თმის შეკრეჭის სერვისზე თქვენს სტილისტს ძალადობრივი მონოპოლია არ ჰქონდეს, ისევე, როგორც თქვენს კომპანიას არ ჰქონდეს ძალადობრივი მონოპოლია მაკრატლის წარმოების სერვისზე. ამის მიუხედავად, თქვენს სტილისტს, სავარაუდოდ, სურვილი აქვს, რომ შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე ძალადობრივი მონოპოლია ჰქონდეს, ხოლო თქვენ სურვილი გაქვთ, რომ თქვენს კომპანიას ჰქონდეს შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე ძალადობრივი მონოპოლია. ამავე დროს, თქვენი, როგორც თქვენი სტილისტის სერვისის მომხმარებლის ინტერესია, რომ თქვენს სტილისტს არ ჰქონდეს ძალადობრივი მონოპოლია, რათა მისი სერვისი ხარისხიანი და/ან იაფი იყოს, ხოლო თქვენი სტილისტის, როგორც თქვენი სერვისის მომხმარებლის ინტერესია, რომ თქვენ არ გქონდეთ ძალადობრივი მონოპოლია, რათა თქვენი სერვისი იყოს ხარისხიანი და/ან იაფი. საერთო ჯამში, მთელი საზოგადოება გამდიდრდება, თუკი არცერთს გექნებათ ძალადობრივი მონოპოლია თქვენი სერვისების მიწოდებაზე, და მთელი საზოგადოება გაღატაკდება, თუკი ორივეს გექნებათ ძალადობრივი მონოპოლია თქვენი სერვისების მიწოდებაზე.

როცა ვამბობ "მომხმარებელი", ამ დროს ინდივიდის იმ იპოსტასს ვგულისხმობ, რომელიც მომხმარებელს წარმოადგენს, და როცა ვამბობ "მწარმოებელი" შეიძლება იმავე ინდივიდის იმ იპოსტასს ვგულისხმობდე, რომელიც ბიზნესმენს წარმოადგენს. მომხმარებელი არასდროს არის ბოროტება. მომხმარებელი არ ესწრაფვის ფასების კონტროლს და რომც ესწრაფვოდეს, მას ამის გაკეთება არ შეუძლია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოხმარებელს შეუძლია, არის რაიმე სერვისის ყიდვა ან მის ყიდვაზე უარის თქმა, და არაფერი სხვა. ფასების კონტროლი ნიშნავს იმ სერვისის გაქრობას, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი წესდება. სერვისის დეფიციტი არ შეიძლება შედიოდეს მომხმარებლის ინტერესებში.

მაშ, ვის ინტერესებში შედის ფასების კონტროლი და ვის შეუძლია ფასების კონტროლი? ფასების კონტროლი შედის იმის ინტერესებში და ფასების კონტროლიც მას შეუძლია, ვინც მთავრობას მაგ დაპირებით ირჩევს და მაგ შეკვეთას აძლევს, ანუ, ამომრჩევლის ინტერესებში. ამომრჩეველი მომხმარებელი არ არის, ამომრჩეველი სახელმწიფოს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ, კვლავაც, ამომრჩეველიც და მომხმარებელიც ერთი და იგივე ინდივიდი შეიძლება იყოს. ამ ინდივიდის ორი სხვადასხვა იპოსტასია ეს. ფასების კონტროლი ასევე შეიძლება შედიოდეს იმ ბიზნესის ინტერესებში, რომელსაც, ვთქვათ, მოცემული სერვისი დაბალი ფასით და დაბალი ხარისხით შემოაქვს, და იმ კონკურენტების ჩამოშორება სურს, რომლებსაც ეგ სერვისი მაღალი ფასით და მაღალი ხარისხით შემოაქვთ. ეს მას მეტი მოგების მიღების საშუალებას მისცემს. ამ მიზნით ეს ბიზნესი შეიძლება მთავრობას გაურიგდეს და მოცემული სერვისის ან პროდუქტის ფასის ზედა ზღვარი დააწესებინოს.

მონოპოლიები ორი სახისაა - ეკონომიკური, ანუ, მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით შექმნილი, და პოლიტიკური, ანუ, სახელმწიფოს მიერ ძალადობით შექმნილი. ძალადობრივი, ანუ, პოლიტიკური მონოპოლიებისგან განსხვავებით, ნებაყოფლობით, ანუ, ეკონომიკურ მონოპოლიებში ცუდი არაფერია - ეკონომიკური მონოპოლია მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოცემული მწარმოებელი საკუთარ საქმეს კონკურენტებზე უკეთ აკეთებს და ამიტომ მომხმარებლები უპირატესობას მას ანიჭებენ.

ამისგან განსხვავებით, პოლიტიკური მონოპოლიები მხოლოდ იმიტომ იქმნება, რომ სახელმწიფო კონკურენციას ზღუდავს და ამით მის ფავორიტ ბიზნესებს სასათბურ პირობებში აყენებს. სახელმწიფოს ანტიმონოპოლური კანონმდებლობა სწორედ ეკონომიკურ მონოპოლიებს ურტყამს, და პირიქით, პოლიტიკური მონოპოლიების წარმოქმნას ახალისებს. რადგან სახელმწიფოა ერთი ხელით კონკურენციის შემზღუდველი ერთადერთი ფაქტორი, მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ იგივე სახელმწიფო, მეორე ხელით, მის მიერვე კონკურენციის შეზღუდვას დაუწყებს ბრძოლას ანტიმონოპოლური კანონით.

ანტიმონოპოლური კანონი არის შირმა, რომლის ერთადერთ მიზანსაც კონკურენციის შემდგომი შეზღუდვა წარმოადგენს. როდესაც ანტიმონოპოლური კანონმდებლობა სასათბურე პირობებში აყენებს მწარმოებლებს, ამაში თავისთავად იგულისხმება, რომ ბიზნესების ერთი ნაწილი დგება სხვა ბიზნესებთან შედარებით დაუმსახურებლად უპირატეს მდგომარეობაში - ეს სხვა ბიზნესები კი დაუმსახურებლად ჩაგრულ მდგომარეობაში დგებიან.

მუშები და მომსახურე პერსონალი მწარმოებლებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ჩვეულებრივ, თავად არ ფლობენ იმ კომპანიებს, რომლებშიც მუშაობენ. შესაბამისად, მუშების და მომსახურე პერსონალის "უფლებების" დაცვაზე სახელმწიფოს ზრუნვა, მის მიერ დაწესებული შეზღუდვებით, რეგულაციებით, და გადასახადებით, მომხმარებლების ინტერესების დაზარალებას იწვევს. შრომითი კონტრაქტის პირობების შესრულებას სასამართლო უნდა უზრუნველყოფდეს. ყველა, ვისაც ადარდებს, რომ ადამიანები მათ შორის წარმოქმნილი დავების გადასაჭრელად მართლმსაჯულების სერვისს ეფექტურად ვერ იყენებენ, მისი სიძვირის და უხარისხობის გამო, და, ამავე დროს, სასტიკად ეწინააღმდეგება მოცემული სერვისის პრივატიზაციასა და დერეგულაციას, ოქსიმორონულ პოზიციაში იმყოფება. მართლმსაჯულების სერვისი იმიტომ არის უხარისხო და ძვირი, რომ სახელმწიფოს ძალადობრივ მონოპოლიას წარმოადგენს, და კიდევ იმიტომ, რომ სახელმწიფო იურისტების ლიცენზირების გზით მათ შორის კონკურენციას ზღუდავს.

დავუშვათ, ბაზარი თავისუფალი და ღიაა. რა მოხდება ამ შემთხვევაში, თუკი რომელიმე დაქირავებულ პირს რომელიმე დამქირავებლის მიერ შემოთავაზებული პირობები არ მოეწონება? ის, უბრალოდ, ადგება და სხვა, მრავლად არსებულ დამქირავებელთან წავა, რომელიც მას უკეთეს პირობებს შესთავაზებს, ან კიდევ - თავად წამოიწყებს იმავე ან რაიმე სხვა ბიზნესს, რადგან ამაში ხელს არავინ უშლის. რა ხდება სახელმწიფოს არსებობის პირობებში? რადგან ბაზარზე შეღწევა და თავისუფალი კონკურენცია სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებით, გადასახადებით და სუბსიდიებითაა შეზღუდული, დამქირავებლების რაოდენობა მცირეა, ან, სულაც, ერთი (ძალადობრივი ოლიგო- და მონოპოლია) - სწორედ ამიტომ, თუკი დაქირავებულ პირს დამქირავებლის მიერ შემოთავაზებული პირობები არ მოეწონება, მან შეიძლება მართლაც ვერ მოძებნოს სხვა დამქირავებელი, ვერც საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს, და მართლაც შიმშილით სიკვდილსა და მონურ შრომას შორის არჩევანის წინაშე დადგეს. შრომის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ახალი რეგულაციების და ჯარიმების დაწესება კიდევ უფრო აძვირებს მუშების დაქირავებას და, შედეგად, კიდევ უფრო მეტად აძნელებს მათ დასაქმებას და აიძულებს, რომ უფრო სახიფათო სამსახურს დათანხმდნენ, ანუ, იმის დიამეტრულად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რისთვისაც ეს რეგულაციები და ჯარიმებია მოწოდებული.

მცდარია მოსაზრება, თითქოს სახელმწიფოს ბრძოლა უთანასწორობასთან სიკეთის და კეთილდღეობის მომტანია. სინამდვილეში, პირიქითაა საქმე - სახელმწიფოს ბრძოლა უთანასწორობასთან ნიშნავს სახელმწიფოს ბრძოლას თავისუფალ კონკურენციასთან, უნიჭოების და ზარმაცების წახალისებით, და ნიჭიერების და ბეჯითების დასჯის გზით. ამდენად, სახელმწიფოს ბრძოლა უთანასწორობასთან არის უსამართლო და არასწორი. რადგან თავისუფალი კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და / ან დაბალ ფასს და როგორც შედეგი, ინოვაციას და პროგრესს, თავისუფალ კონკურენციასთან ბრძოლა ავტომატურად იწვევს დოვლათის წარმოქმნის შემცირებას და ინოვაციის და პროგრესის დამუხრუჭებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ბრძოლა უთანასწორობასთან იწვევს სრულიად საწინააღმდეგო შედეგს, ანუ, უთანასწორობის ზრდას, რადგან თავისუფალი კონკურენცია და, შესაბამისად, თავისუფალი ბაზარი, თავადაა ყველაზე სამართლიანი და სწორი გამთანაბრებელი.

თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს, როგორც წესი, ძალადობრივად მონოპოლიზებული აქვს სერვისების ერთი ნაწილი - ეს სერვისები ან უშუალოდ სახელმწიფოს მფლობელობაში არიან, ან კიდევ ისინი სასათბურე მდგომარეობაში ჩაყენებულ, ანუ, კონკურენციისგან დაცულ კერძო კომპანიებს აქვთ გადაცემული - ხოლო სერვისების მეორე ნაწილი ასე თუ ისე თავისუფალი ბაზრისთვისაა დატოვებული. ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისები წამგებიანია, ხოლო თავისუფალი ბაზრის ხელში მყოფი სერვისები, პირიქით, მოგებას იძლევა.

ფაქტობრივად, სახელმწიფო მეორე სახის სერვისებიდან გადასახადების სახით იღებს ფულს და პირველი სახის სერვისებს აფინანსებს ან ასუბსიდირებს, რათა ამ უკანასკნელთა ძალადობრივად მონოპოლიზებულ მდგომარეობაში არსებობა შესაძლებელი იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახის სერვისებში დასაქმებული მწარმოებლები თავისუფალ ბაზარზე დასაქმებულ მწარმოებლებზე პარაზიტირებენ.

რა არის გამოსავალი ამ ყველაფრიდან? რადგან სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის პირობებში კონკურენცია გამორიცხულია, ქონების და სერვისების პრივატიზაცია არის აუცილებელი პირველი ნაბიჯი თავისუფალი ბაზრისკენ მიმავალ გზაზე. ამავე დროს, პრივატიზაცია არის სრულიად არასაკმარისი პირობა შეუზღუდავი კონკურენციის და, შესაბამისად, თავისუფალი ბაზრის შესაქმნელად. შემდეგი ნაბიჯი არის კერძო ბიზნესებისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების, რეგულაციების, სუბსიდიების, და, საბოლოოდ, გადასახადების გაუქმება. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ თავისუფალ ბაზარს. თუკი პირველი ნაბიჯის შემდეგ გავჩერდებით, მივიღებთ კრონი კაპიტალიზმს, ანუ, სახელმწიფოს ფავორიტიზმს ბიზნესების მიმართ, და არა - თავისუფალ ბაზარს. შედეგი იმაზე უკეთესი სულაც არ იქნება, ვიდრე სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის პირობებში გვქონდა. მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს ქმნის შეუზღუდავი კონკურენცია, და არა - ოდენ პრივატიზაცია. კვლავაც, მწარმოებლები შესაძლოა ამ პროცესს სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შეუზღუდავი კონკურენცია მთელი საზოგადოების გამდიდრებას იწვევს, მათივე ჩათვლით.

საბოლოოდ, ისინი საკუთარი დანაკარგის ხარჯზე ისწავლიან, რომ უმჯობესია მდიდარი მომხმარებლებისთვის კონკურენციას განიცდიდე, ვიდრე გაღატაკებული მომხმარებლების მიმართ მონოპოლია გქონდეს მინიჭებული.

— ფრედერიკ ბასტია

რა არის კაპიტალიზმი? - სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, მანამდე უპრიანი იქნება განვმარტოთ, თუ რა არის სოციალიზმი.

სოციალიზმის ეკონომიკური დეფინიცია ცნობილია: წარმოების საშუალებების სახელმწიფოს მიერ ფლობა. მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს განმარტება? ეს ნიშნავს შემდეგს: სახელმწიფო იმდენად ხდება შერწყმული მწარმოებლებთან, რომ იგი თავად ხდება ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისების მწარმოებელი.

ეს მომხმარებლებისთვის ძალიან ცუდია: კონკურენცია საერთოდ აღარ არსებობს, შესაბამისად, მომხმარებლები იძულებულები არიან, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული უხარისხო და/ან ძვირი სერვისები იყიდონ. ეს შემდეგნაირად ხორციელდება: სახელმწიფო გადასახადების გადამხდელებად ქცეულ მომხმარებლებს გადასახადებს იძულების გზით ართმევს და შემდეგ ამის სანაცვლოდ უხარისხო და/ან ძვირ სერვისებს აწვდის.

იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ - და სხვა მწარმოებლები არც არსებობენ, თუკი შავ ბაზარს არ ჩავთვლით - ეს ძალიან კარგია: მათ კონკურენტები საერთოდ აღარ ჰყავთ და აღარც გაკოტრების ეშინიათ. რაც არ უნდა უხარისხო და ძვირი სერვისი აწარმოოს სახელმწიფო მწარმოებელმა, მოხმარებლები მაინც იძულებულები იქნებიან რომ ეს სერვისი იყიდონ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რადგან ამ პროცესის შედეგად მთელი საზოგადოება ღატაკდება, და რადგან მწარმოებლები თავად არიან საკუთარი ან სხვა სერვისების მომხმარებლები, და - პირიქით, საბოლოო ჯამში, თავად მწარმოებლებიც ბევრად უფრო უარეს დღეში ვარდებიან, ვიდრე შეუზღუდავი კონკურენციის პირობებში იქნებოდნენ.

ამდენად, მისი სახელწოდების მიუხედავად, სოციალიზმი არ არის სისტემა, რომლის მთავარ ამოცანასაც სოციუმის, ანუ, მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილება წარმოადგენს. სოციალიზმი არის სისტემა, რომლის მთავარ ამოცანასაც მწარმოებლების, ანუ, კაპიტალისტების ინტერესების დაკმაყოფილება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სოციალიზმის სწორი სახელი იქნებოდა "კაპიტალიზმი".

ის, რომ მწარმოებლები - ანუ, ადამიანები, რომლებიც წარმოების საშუალებებს ფლობენ - კერძო პირებს კი არა, სახელმწიფო მოხელეებს წარმოადგენენ, პრინციპულად არაფერს ცვლის. სახელმწიფო მომხმარებლებს აიძულებს, რომ გადასახადები გადაიხადონ და მის მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისები იყიდონ, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა მათ ამ სერვისების ყიდვა.

კაპიტალიზმს დღეს ორი ძირითადი განმარტება აქვს. ისინი, ვისაც თავისუფალი ბაზარი სძულთ, სიტყვა "კაპიტალიზმს" აიგივებენ არა თავისუფალ ბაზართან, არამედ კრონიზმთან ან პროტექციონიზმთან - სისტემასთან, სადაც სახელმწიფო მასთან დაახლოებული ბიზნესების სასარგებლოდ ზღუდავს კონკურენციას. ეს ადამიანები, შეცდომით, სწორედ ამ სისტემას თვლიან თავისუფალ ბაზრად. ისინი "კაპიტალიზმს" აბრალებენ იმ პრობლემებს, რომლებსაც "კაპიტალიზმის" დამცველები სახელმწიფოს ჩარევის შედეგად მიიჩნევენ.

მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფალი ბაზარი მოსწონთ, სიტყვა "კაპიტალიზმს" აიგივებენ თავისუფალ ბაზართან. პრობლემა იმაშია, რომ "კაპიტალიზმი" თავისუფალი ბაზრის არსს არ გამოხატავს. როგორც უკვე იყო ნათქვამი, "კაპიტალიზმი" შესაფერისი სახელია ისეთი სისტემისთვის, რომელიც უპირატესად მწარმოებლების, ანუ, კაპიტალისტების ინტერესების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული, ხოლო თავისუფალი ბაზრის მთავარ ამოცანას მწარმოებლების, ანუ, კაპიტალისტების ინტერესების დაკმაყოფილება არ წარმოადგენს.

სავაჭრო ტარიფების, ანუ, საბაჟო გადასახადების მიზანს ადგილობრივი მწარმოებლების უცხოელი მწარმოებლების მხრიდან კონკურენციისგან დაცვა წარმოადგენს. ამას პროტექციონიზმი ეწოდება და მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ის მწარმოებლები და მათი მუშები, ვინც ტარიფებით კონკურენციის შეზღუდვის გზით მოკლევადიან სარგებელს მიიღებს. მთელი დანარჩენი მოსახლეობა, რომელიც მომხმარებელია, დაზარალდება, რადგან უფრო უხარისხო და/ან ძვირი სამამულო წარმოების პროდუქტის ან სერვისის ყიდვა მოუწევს. ეს პროდუქტები და სერვისები უცხოურზე უკეთესი რომ ყოფილიყო, მთავრობის მიერ დაძალება არც იქნებოდა საჭირო, თავად გააკეთებდა მომხმარებელი არჩევანს მათ სასარგებლოდ.

მაგალითად, ვთქვათ, შენ ამერიკაში ცხოვრობ და იაპონური წარმოების ავტომობილის ყიდვა გირჩევნია ამერიკული წარმოების ავტომობილის ყიდვას, უფრო მაღალი ხარისხის და/ან დაბალი ფასის გამო. თუკი ამერიკის მთავრობა მაღალ ტარიფს დააწესებს იაპონურ ავტომობილებზე, ისინი იმდენად გაძვირდება, რომ შენ მათ ვეღარ შეწვდები და ამიტომ უფრო უხარისხო ამერიკული ავტომობილის ყიდვა მოგიწევს. ამით შენ მოგებაში არ ხარ, წაგებაში ხარ. ამდენად, ტარიფების შედეგად ადგილობრივი მწარმოებელი შენი, როგორც მომხმარებლის გაღატაკების ხარჯზე მდიდრდება.

უფრო მეტიც, გრძელვადიან პერსპექტივაში თავად მწარმოებლებისთვისაა ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა ცუდი, რადგან კონკურენციისგან დაცულობა შენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის ვარდნას და შენი კლიენტების გაღატაკებას იწვევს. შენ მაშინ იქნები ძლიერი, როცა უცხოელ მწარმოებელს შენი პროდუქციის ხარისხით და/ან ფასით აჯობებ და მომხმარებელი შენი პროდუქციის სასარგებლოდ საკუთარი ნებით გააკეთებს არჩევანს, და არა მაშინ, როცა სახელმწიფო მომხმარებელზე ძალადობით დაგიცავს კონკურენციისგან და სასათბურე პირობებში ჩაგაყენებს.

როგორც ვხედავთ, სიტყვა "პროტექციონიზმი" ასევე ვერ გამოხატავს ამ სიტყვის ქვეშ ნაგულისხმევი ქმედებების არსს. როგორც ჰერბერტ სპენსერს აქვს ნათქვამი:

ე.წ. პროტექცია ყოველთვის აგრესიითაა წარმოდგენილი. სახელი "პროტექციონისტი" უნდა ჩანაცვლდეს სახელი "აგრესიონისტით", რადგან არაფერი შეიძლება იყოს უფრო აშკარა, ვიდრე ის, რომ თუკი A-ს მოგების შენარჩუნებისთვის B-ს ეკრძალება C-ს ყიდვა, ან B ჯარიმდება გადასახადით, როცა C-ს ყიდულობს, მაშინ B-ს წინააღმდეგ ხორციელდება აგრესია იმით, რომ A-ს "დაცვა" ხდება. არა, "აგრესიონისტი" ორჯერ უფრო მეტად შესაბამისი ტერმინია, რადგან ერთი მწარმოებლის მოგებისთვის ათი მომხმარებელი უნდა გატყავდეს.

"თავისუფალი ვაჭრობა, უბრალოდ, ადამიანებისთვის ისე ყიდვის და გაყიდვის ნების დართვას წარმოადგენს, როგორც ეს მათ სურთ. ძალის გამოყენება პროტექციას სჭირდება, რადგან ის ადამიანებისთვის იმის კეთებაში ხელის შეშლას გულისხმობს, რისი კეთებაც მათ სურთ. პროტექციული ტარიფები ისევეა ძალის გამოყენება, როგორც მბლოკავი ესკადრონები, და მათი მიზანიც იგივეა - ვაჭრობისთვის ხელის შეშლა. ამ ორს შორის განსხვავება ის არის, რომ მბლოკავი ესკადრონების მეშვეობით ქვეყნები ცდილობენ თავიანთ მტრებს შეუშალონ ვაჭრობაში ხელი, ხოლო პროტექციული ტარიფების მეშვეობით ქვეყნები საკუთარი ხალხისთვის ცდილობენ ვაჭრობაში ხელის შეშლას. პროტექცია გვასწავლის, რომ საკუთარ თავს მშვიდობის დროს ვუქნათ ის, რის გაკეთებასაც ჩვენი მტრები ჩვენთვის ომის დროს ესწრაფვიან"

— ჰენრი ჯორჯი

ამდენად, თავისუფალი ბაზარი არ არის ის სისტემა, რომელშიც მწარმოებლები, ანუ, ბიზნესმენები კმაყოფილები და ბედნიერები არიან. თავისუფალი ბაზარი ის სისტემაა, რომელშიც ბიზნესმენები მუდმივად გრძნობენ კონკურენტების ქშენას საკუთარ ყურთან და ერთადერთი, რითაც შეიძლება მათ მსახვრელ ხელს თავი დააღწიონ, არის მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის და / ან დაბალი ფასის შეთავაზება. გასაკოტრებელი ბიზნესი უნდა გაკოტრდეს და უფრო უკეთესით ჩანაცვლდეს. თავისუფალი ბაზარი ის სისტემაა, რომელშიც ბედნიერი და კმაყოფილი არის მომხმარებელი; ის სისტემა, რომელშიც მომხმარებელი არის მეფე, ხოლო ბიზნესი - მისი მსახური. თავისუფალი ბაზრის პირობებში ქონება შეიძლება დააგროვო მხოლოდ ერთი გზით: თუკი კონკურენტებს აჯობებ, ანუ, თუკი მომხმარებელს რაიმე სერვისს კონკურენტებზე უფრო ხარისხიანად და/ან იაფად მიაწვდი. ეს ქმნის დოვლათს და ყველა მდიდრდება, რადგან მყიდველიც მოგებაშია და გამყიდველიც.

ამავე დროს, თავისუფალი ბაზრის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ერთი რომელიმე ადამიანი სხვებთან შედარებით კატასტროფულად გამდიდრდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ იგივეს კეთება დაიწყონ, რასაც ეს წარმატებული ადამიანი აკეთებს, და საკმაოდ მალე გამოჩნდებიან ისინი, რომლებიც იმავე საქმეს მასზე უკეთ გააკეთებენ - ანუ, მომხმარებელს იმავე სერვისს უფრო ხარისხიანად და/ან იაფად მიაწვდიან. სახელმწიფო მის მიერ დაწესებული რეგულაციებით და გადასახადებით ზღუდავს ღარიბებისთვის ბაზარზე შეღწევას და მდიდრებთან თავისუფალ კონკურენციას, რითაც ხელს უშლის ღარიბებს, რომ მდიდრები შეუზღუდავ კონკურენციაში დაამარცხონ და ბაზრიდან განდევნონ. ამდენად, სხვებთან შედარებით სუპერმდიდრები მხოლოდ სახელწიფოს არსებობის პირობებში შეიძლება წარმოიქმნან.

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები