24 ოქტ 2019
665 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: კორუფციის დამარცხების მთავარი გზა მთავრობის ხარჯების შემცირებაა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პორტალ "ნიუპოსტზე" გასული გადაცემის "ინტერვიუ ვანიჩკასთან" სტუმარი იყო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - საქართველოში არსებულ კორუფციასა და დღევანდელ მდგომარეობაზე, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მას კორუფციასთან ბრძოლის სხვანაირი გზა წარმოუდგენია, განსხვავებით წინა და ახლანდელი ხელისუფლებებისგან:

სააკაშვილის მთავრობაში თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯეროდა, კორუფცია იმით დაამარცხეს, რომ ვანო იყო მაგარი მინისტრი ან ადეიშვილი იყო მაგარი ტიპი. სინამდვილეში კორუფცია დამარცხდა იმით, რომ ბენდუქიძემ რეგულაციები გააუქმა, ერთის მხრივ, რითიც ადამიანების სახელმწიფოსთან კონტაქტი შემცირდა და ქრთამის მიცემის შესაძლებლობები განახევრდა და მეორე, ეს იყო გამჭვირვალობის შემოტანა შესყიდვებში. ჩემი აზრით, კორუფციის დამარცხების მთავარი გზა არის, რომ მთავრობის ხარჯები შევამციროთ და გადასახადები დავწიოთ. 40 მილიარდიდან მესამედს რომ მთავრობა ხარჯავს, ცხადია, იქიდან მოიპარავენ, ამიტომ ამის მინიმუმამდე დაყვანაა საჭირო.

- ამბობს ჯაფარიძე, ვანიჩკას ეთერში.

ჟურნალისტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა ზურაბ ჯაფარიძის მისამართით, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, "ევროპული საქართველოს" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ყოფილი ხელისუფლების, მათ შორის, არც ივანიშვილის პოლიტიკური დანაშაულისთვის გასამართლებას არ აპირებენ. როგორც ჯაფარიძემ თქვა, "გირჩი" ადამიანების ციხეში ჩაყრის მომხრე არ არის,მით უფრო დღევანდელი სასამართლოს პირობებში:

ამ შემთხვევაში, ხაზის გავლებაა სწორი. მაგალითად თუ კონკრეტული ადამიანი ჩივის, რომ დაზარალდა და მაგალითად, ფარცხალაძემ მას ქონება წაართვა, თუ ის ადამიანი ამას დაამტკიცებს, ფარცხალაძე უნდა წავიდეს ციხეში, აქ ვავლებ მე ხაზს.

ზურაბ ჯაფარიძე პრივატიზაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვინც ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების, სახელმწიფოსგან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბრუნების პროექტზე იმუშავებს, "გირჩი" იმ მხარეს დადგება, ისევე როგორც სხვა მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლის საკითხებზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები