23 ოქტ 2019
1587 Views
მეტი თავისუფლება

გოცირიძე მიქაუტაძეს: გირჩმადიდებლობა ლეგიტიმურია?

თქვენ იცით, რომ არსებობს ასეთი რელიგია საქართველოში, რომელსაც ჰქვია გირჩმადიდებლობა, ანუ შეიძლება ვუწოდოთ გირჩთაყვანისმცემლობა. შეიქმნა "გირჩი"-ს რელიგიური ორგანიზაცია. გირჩმადიდებლობა, როგორც რელიგია, თქვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, ლეგიტიმურია?

- ამ შეკითხვით გუშინ პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს მიმართა. 

კითხვის დასმის დროს გოცირიძემ განმარტა რომ საუბარი "გირჩი"-ს მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას "ბიბლიური თავისუფლება" შეეხებოდა. რაზეც, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ "ქვეყანაში რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებაა და ყველა პირი თავისით გადაწყვეტს როგორი რწმენა ექნება და ექნება თუ არა საერთოდ". 

რომან გოცირიძე ასევე დაინტერესდა იმითაც, რატომ ებრძვის ხელისუფლება "ბიბლიურ თავისუფლებას" და რატომ შეაქვთ პარლამენტში ორგანიზაციის წინააღმდეგ კანონპროექტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არა დეპუტატებს. თუმცა, ამ შეკითხვაზე პასუხი მიქაუტაძეს არ ჰქონდა. 

გოცირიძემ  "ბიბლიური თავისუფლების" წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის წარმდგენი, ირაკლი სესიაშვილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი ფოტოს პრეზერვატივებზე დახატვის შემდეგ, სესიაშვილმა კანონპროექტი უკან გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" 2016 წელს დააფუძნა. ამ გზით პარტიამ მონობისგან, ანუ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან 30 ათასამდე ახალგაზრდა დაიხსნა. 



ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები