23 ოქტ 2019
611 Views
პოლიტიკა

არასრულად გათეთრებული ტაქსები კალაძისათვის პრობლემაა

მძღოლები, რომლებსაც მანქანები სრულად არ აქვთ თეთრად გადაღებილი ან ფირი არ აქვთ სრულად გადაკრული, დაჯარიმდებიან.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ვიცე-მერს ამ პრობლემის აღმოფხვრა დაავალა.

მინდა შევეხო ერთ საკითხს, ეს არის ავტომობილები, რომლებიც A კატეგორიაში არიან, თუმცა მათი ავტომობილები არ არის მთლიანად ან გადაღებილი ან ფირი არ აქვთ მთლიანად გადაკრული. მე მგონია, ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამისი საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, „ბამპერები“ არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან, მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება დაჯარიმებადი და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა, რომ მოიყვანონ იმ სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული.

-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ  პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, "შმაქსისტობას" სთავაზობს.

შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია მოვიდეს "გირჩის ოფისში", ბესიკის 4 ნომერში. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს და განაგრძოს მუშაობა. 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები