სიახლეები

თეატრისა და კინოს ისტორიის შესახებ

ისტორიას მხოლოდ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ამბები არ ქმნიან. ისტორია იმ მოვლენების ერთობლიობაა, რომელიც ქვეყანაში ხდება დროის კონკრეტულ მონაკვეთში და მის მოზაიკას სხვა ბევრი პროფესიისა და ინტერესის ადამიანი ავსებს.

გადაცემაშიც მინდა სხვადასხვა პროფესიების ისტორია მოვისმინო, იმ პროფესიების, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, თავიანთი საჯარო ხასიათის გამო მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.

საბჭოთა  საქართველოში ალბათ სულ რამდენიმე საჯარო ადგილი იყო, სადაც ადამიანები ერთმანეთს,  გასართობად და დასასვენებლად ხვდებოდნენ. სწორედ ასეთი ადგილი იყო საბჭოთა თეატრი და კინო. 

საზოგადოების ე.წ. ელიტურმა ნაწილმა, სულ იცოდა ვისი სახელი და გვარი ეწერა თეატრისა და კინოს აფიშებზე. პირადად იცნობდნენ და გულშემატკივრობდნენ თეატრისა და კინოს საყვარელ გმირებს. თუმცა, ჩვენ არასდროს ვიცოდით რეალური ისტორია, ქართული თეატრისა და კინოს შესახებ. ამაზე საჯაროდ საუბარი თითქოს აკრძალული იყო.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მარტივად გავიგოთ რა გადიოდა 30-იანი წლების ქართულ თეატრში, მაგრამ იმის გაგება, როგორი იყო ატმოსფერო და ადამიანთა ურთიერთობების დამკვიდრებული მორალი 1937 წლის რეპრესიების ფონზე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ყველაფრის კონტექსტი ძალიან ბუნდოვნად ვიცით ან საერთოდ არ ვიცით, ხოლო კონტექსტის ცოდნის გარეშე, რამეზე დასკვნების გაკეთება უპასუხისმგებლობაა.

დიქტატურაში, ნამდვილ ისტორიას აფიშაზე არ წერენ, პირიქით, აფიშები ისე იწერება, რომ მკითხველს სინამდვილის ამოცნობა გაუჭირდეს. ფაქტია, რომ ჩვენ გვყავდა, ბევრი ძალიან ნიჭიერი ხელოვანი (შეიძლება გენიოსებიც კი) მათ მოუწიათ საბჭოთა დიქტატურის პირობებში შეესრულებინათ როლები, ან დაედგათ  წარმოდგენები, მაგრამ არ ვიცით, რა არჩევანი და ცდუნება იდგა მათ წინაშე ყოველდღიურად, რათა ცხოვრებისა და საქმის კეთების გაგრძელება შესძლებოდათ აბსოლუტურ დიქტატურაში, რომელიც ადამიანებს უმიზეზოდ ხოცავდა.

მაინტერესებს, რა იყო წარმატებისთვის საჭირო ქართულ თეატრსა და კინოში. 

როგორ და სად წყდებოდა, რა შეიძლებოდა და რა არა? 

მოკლედ, თეატრისა და კინოს რეალური ისტორია მაინტერესებს - როგორი იყო საბჭოთა ხელოვნება, რა ღირებულებებზე იდგა, რა შეცვალა საქართველოს დამოუკიდებლობამ და როგორ მოხდა ღირებულებათა გადაფასება, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

ასევე, ადამიანები მაინტერესებს.

თეატრისა და კინოს გენიოსები, როგორ უყურებდნენ ისინი საბჭოთა სამყაროს?  ესმოდათ თუ არა სად უწევდათ ცხოვრება? 

რამდენმა იფიქრა ან სცადა გაქცევა?

მაინტერესებს როდის არ თამაშობდნენ და როდის იყვნენ გულწრფელები? 

რა ითვლებოდა მაშინ საპატიებელ ან უპატიებელ საქციელად?

რას ნიშნავდა გადარჩენა არტისტისთვის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში?

რა შეცვალა საბჭოთა კავშირის დანგრევამ და როგორი წარმოედგინათ დამოუკიდებელი საქართველო?


ამ კითხვებზე მაინტერესებს საუბარი:

ქალბატონ ლანა ღოღობერიძესთან.
ბატონ რობერტ სტურუასთან.
ბატონ ელდარ შენგელაიასთან.

სამწუხაროდ, პირადად არც ერთს არ ვიცნობ და ტელეფონზე შეიძლება კარგად ვერ ამეხსნა რაზე ვაწუხებ, ამიტომ გადავწყვიტე ამ ფორმით ვთხოვო სტუმრობა და საკუთარი თვალით ნანახი ისტორიის მოყოლა.

პატივისცემით,

იაგო ხვიჩია
 

კომენტარები