რატომ არ გვინდა თავისუფლება?

ნებისმიერი ერისა თუ ხალხის ისტორიას რომ გადავხედოთ, შევამჩნევთ, რომ სავსეა თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის რომანტიკული ლეგენდებითა თუ ფაქტებით.

ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რაც არსებობს კაცობრიობა, იმ დროიდანვე არსებობს თავისუფლების იდეაც. აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეროვნულ თავისუფლებას არ ვგულისხმობ. ისევე როგორც შეიძლება გინდოდეს ოკუპანტისგან და მტრისგან გათავისუფლება, ასევე შეიძლება ილტვოდე გათავისუფლდე შენი ქმრისგან, უფროსისგან, მეზობლის მზერისგან, მშობლებისგან, გადასახადებისგან და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ფაქტი ერთია: თავისუფლება კარგია და არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მას არ გაცვლის არაფერში (როგორც მინიმუმ გააზრებულად, ხოლო გაუაზრებლად როგორ ხდება ამას ქვევით განვავრცობ).

მაშინ რატომ ხდება, რომ ადამიანი და საზოგადოება ყოველთვის იგონებდა და იგონებს სხვადასხვა სახის „ბორკილებს“, რომ პატარ-პატარა ნაწილებით შეავიწროვოს თავისუფლება.

ასეთი „ბორკილია“ მაგალითად მორალი, რომელიც იმისდა მიუხედავად, რომ გვგონია, თითქოს შუბლში არსებული უხილავი ძარღვიდან მოდიოდეს, სინამდვილეში ადამიანის შექმნილი პროდუქტია, ამიტომაცაა რომ ის „ცოცხალი ორგანიზმია” და დროის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირია, რომ აღარაფერი ვთქვა გეოგრაფიაზე, მორალი ხომ დედამიწის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვანაირია. მაგალითად თუ ადრე ითვლებოდა რაღაც სიგიჟედ, დღეს უკვე "მოსულა", ასევე, თუ ჩვენთან "მოსულა", სხვაგან შეიძლება ამორალურად ითვლებოდეს და პირიქით.

ასეთი „ბორკილია“ რელიგიაც. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე დაახლოებით 4,200 რელიგიაა და ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათი აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ერთი საერთო: უხილავი ღმერთი რომელიც გვიწესებს ქცევის თავისუფლების საზღვრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გვიბრაზდება და გვსჯის.

ასეთი „ბორკილია“ გადასახადები, რეგულაციები და სხვადასხვა შეზღუდვა, რომელსაც ჩვენივე არჩეული მთავრობა გვიწესებს, ჩვენ კი მოგვწონს ეს და წარმატებით ვირჩევთ თავიდან ასეთებს.

რატომ? რატომ მიილტვის ადამიანი ერთდროულად როგორც თავისუფლებისკენ, ისე მისი შეზღუდვისკენ?

პასუხი იმაზე მარტივი და ბანალურია ვიდრე თავისუფლების დიად ცნებას ეკადრება:

მეტი თავისუფლება = მეტ პასუხისმგებლობას

პასუხისმგებლობას კი ადამიანი ბუნებრივად გაურბის. თანაც, გაურბის მისი სხვაზე გადატანით თუ დაკისრებით.

რაღაცის გაკეთებას ვერ ვრისკავ და ვამართლებ მორალით: „ასეც უნდა იყოს, სხვანაირად არც შეიძლება.“

ცოდვის ჩემს თავზე აღება არ მინდა, ვაი და ღმერთმა დამსაჯოს, ამიტომ პასუხისმგებლობა გადამაქვს სხვა პირზე: „მამაომ მომცა თევზზე კურთხევა.“
ჩემი ცხოვრების ბედ-იღბლის ჩემს ხელში აღების მეშინია, ამიტომ მინდა რომ სახელმწიფო მმართავდეს, შესაბამისად პასუხისმგებლობასაც იღებდეს ჩემს კეთილდღეობაზე, ამისთვის მზად ვარ მივუყარო ჩემი შრომით ნაშოვნი გადასახადების სახით, დავემორჩილო ყველა მის ხუშტურს და როგორც მეტყვის ისე ვიცხოვრო, რასაც ამიკრძალავს ამიკრძალოს, რა ფერადაც მანქანას გადამაღებინებს, გადამაღებინოს და ა.შ.

არადა, თუ შენს ხელში არ აიღე შენი ცხოვრების საჭე, დიდი ალბათობით კარგად ვერ დაასრულებ. ასეა საზოგადოების, ერის საქმეც. თუ ერმა თვითონ არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორი ქვეყანა უნდა რომ ააშენოს, სავარაუდოდ ვერაფერს ვერ ააშენებს. 

“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, ალბათ ამას გულისხმობდა ილიაც, რომ ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს თავისუფალი საზოგადოების გარეშე, თავისუფალი საზოგადოება კი არ არსებობს თავისუფალი ადამიანის გარეშე. 

თავისუფლებისთვის პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო: შენს ცხოვრებაზე, შენს ქალაქზე, შენს სოციუმზე, შენს ქვეყანაზე.

პასუხისმგებლობა არ ტეხავს.

თავისუფლება ასწორებს.

#მეტითავისუფლება

ავტორი: ნიკოლოზ არჩვაძე



კომენტარები