17 ოქტ 2019
1016 Views
მეტი თავისუფლება

საქართველოს გაბრწყინების გასაღები - Meetup

ესე იგი, გვინდა, რომ გაბრწყინდეს საქართველო.

მაგრამ, სანამ გაბრწყინებამდე მივალთ, ამ ვიდეოს უყურეთ, რომ დაინახოთ თუ სად ვართ დღეს (HD-ში ჩართეთ)


რბილად რომ ვთქვათ, ცუდადაა საქმე.

ამ ვიდეომ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და ახლა შევეცდები გადმოვცე ის აზრები, რომელიც ბოლო დროს მიტრიალებდა თავში.
ამ ვიდეოში როგორც “მთავარი გმირი” ამბობს:

მილიონ ნახევარ ადამიანს არჩენს რუსეთი!

შესაბამისი სტატისტიკა არ მომიძებნია, მაგრამ არა მგონია, რეალობა დრამატულად განსხვავდებოდეს. მარტო ის ფაქტი, რომ ის ასე ფიქრობს, ჩემთვის საკმარისია, რომ დავიჯერო.

ანუ რა ხდება - საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარია (თუ მივამატებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იხდიან გადასახადს — გლეხები, ტაქსის მძღოლები, მუშები და სხვა თვითდასაქმებულები ეს რიცხვი სავარაუდოდ 500 ლარზე ნაკლები იქნება).

1000 ლარი რომ დავამრგვალოთ თვეში $400, საათში კი $2.30 გამოდის. მაგალითად, კალიფორნიაში მინიმალური ხელფასი, საათში, არის $10.5 რაც 2020 წლამდე $15 გახდება. აქ მინიმალური ხელფასი არ არსებობს, მაგრამ მაგალითისთვის, მასწავლებელის ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარია, საათში $1. თუ ამ ანაზღაურებას ჩავთვლით მინიმალურად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ დაახლოებით 10-ჯერ მეტს იხდიან.

სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასები ასე გამოიყურება:

  • 12,500 ლარი — ეროვნული ბანკის პრეზიდენტიის
  • 7,000 ლარი — უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  • 6,900 ლარი — საქართველოს პრეზიდენტი
  • 5 905 ლარი — პარლამენტის თავმჯდომარე
  • 5,040 ლარი — ცესკოს თავმჯდომარე
  • 3,540 ლარი — მინისტრი

( წყარო 1-ლი, წყარო მე-2 )


ამ წყაროებზე კომენტარების კითხვისას, გადავაწყდი ერთ ქალბატონს, რომელიც მუშაობს ქარელის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და წერს:

"თქვენ ეგ გეცოტავებათ და მე რომ 120ლარი მაქვს ხელფასი, რა ვქნა?"

ზოგს უნდა რუსეთი, ახსოვს ის 37 მანეთად გადაფრენები, ყავის სმაში ხელფასის აღება. მაგას რომ თავი დავანებოთ, დღეს, მაგალითად, მსმენია, რომ ზოგი რუსეთის მოქალაქეობის აღებაზე "ჩალიჩობს", რათა იქაური პენსია აიღოს.

ვინც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, იმათ რუსეთი ხომ უეჭველი ენდომებათ, მინიმუმ უკეთესი პენსია ექნებათ სიბერეში.

ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა გაძლიერდეს ფინანსურად.

ამისთვის ორი გზა არსებობს:

პირველი - დოვლათი შეიქმნას აქ (ფიზიკური და ინტელექტუალური წარმოება).

მეორე - დოვლათი შემოდინდეს გარედან (ინვესტიცია).

ხელისუფალთა ცქერაში, თუ როდის შეცვლიან რამეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, წლები გავიდა. სამწუხაროდ მგონია, რომ კიდევ ბევრიც გავა.

პატარა სქემას დაგიხატავთ.

ვთქვათ, გვყავს 1000 პროგრამისტი (ვინდოუსის გადაყენება არაა პროგრამირება), რომლებსაც საშუალოდ თვეში უხდიან 2000 ლარს (800$, რაც სათში დაახლოებით 4.4$), ანუ, ჯამში, ისინი თვეში შოულობენ 2 მილიონ ლარს, ანუ აწარმოებენ 2 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ ნაწარმის დიდი წილი ქართულ ბაზარზე რჩება და არ გადის ექსპორტზე.

თუ ეს პროგრამისტები თვითგანვითარებისკენ უფრო აქტიურად გადადგამენ ნაბიჯებს, გახდებიან საერთაშორისო ბაზრისთვის კვალიფიციური და მოთხოვნადი პროგრამისტები (ეს რამოდენიმე წელში მიღწევადია საკუთარ თავთან მუშაობით) მაშინ მათი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით $9000-ს მიაღწევს რაც საათში $50 ტოლფასია, ანუ 10-ჯერ მეტს იშოვნიან.

ეს ნიშნავს -1000 კაცი რომ ჯამში 2 მილიონს შოულობდა თვეში, ახლა 20 მილიონს იშოვის. ანუ ქვეყანაში წლის თავზე 24 მილიონიანი წარმოების მაგივრად, 240 მილიონი შემოვა. გარდა ამ რიცხვისა, რადგან ეს 1000 ადამიანი უცხოურ ბაზარზე იმუშავებეს დისტანციურად, მათ დაუგროვდებათ საერთაშორისო დონის გამოცდილება, და ექნებათ იმდენი ფული რომ დახარჯვა გაუჭირდებათ. შედეგად დაუგროვდებათ ძალიან კარგი გამოცდილება და დიდი ფული, მაგალითისთვის მათ შეეძლებათ საინვესტიციო ფონდი შექმნან, ან თვითონ დაიწყონ ბიზნესი.

თუ აქამდე 2000 ლარი ჰყოფნიდა და ახლა 20,000 ლარი აქვს შემოსავალი, რას უზამს ამ დამატებით 18,000 ლარს? ნუ თავიდან იყიდის სახლს, მანქანას, აგარაკს, იმოგზაურებს, მაგრამ რაღაც მომენტში, უბრალოდ დაიწყებს დაგროვებას. ანუ გაჩნდება ხალხი, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება და ბევრი კავშირი აქვს, აზრზეა და ბევრი ფული აქვს.

აი, 10 ასეთი ადამიანი წელიწადში 1,000,000$-ს შოულობს ჯამში. თავიანთი შემოსავალი რომ გააერთიანონ და მაგალითად 500,000$-იანი საინვესტიციო ფონდი გააკეთონ, ეგ უკვე საშვილიშვილო საქმეა. შეიძლება სტარტაპ აქსელერატორიც გააკეთონ, რომელიც ფულს ფელამუშების კუბების წარმოებაში ან ფეხსაცმლის კალაპოტების წარმოებაში არ ჩადებს.

ანუ,10 ადამიანს რამდენი რამის გაკეთება შეუძლია და 1000 ხომ საერთოდ სხვა სურათს შექმნის. ხომ ძალიან დიდი ზეგავლენა ექნება ამას საქართველოში არსებულ ზოგად სურათზე, თან ძალიან მალე.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ სხვა სფეროს ხალხიც, ასე გააქტიურდეს საერთშორისო ბაზარზე - დიზაინერები, არქიტექტორები, ფინანსისტები…
ასეთ რამეს ვერცერთი პარტია ვერ დაგვპირდება. უნდა ავწიოთ რბილი ადგილი და ჩვენ თვითონ ვიმოქმედოთ.

ეს ადამიანები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტს იშოვნიან (ცოდნა=კაპიტალი) და უფრო გამრავლდებიან.

ეს უშველის ბევრ რამეს.

ამოცანა თითქოს ამოვხსენით, მაგრამ დარჩა დიდი რთული საკითხი.

როგორ უნდა მიაღწიოს ერთმა და შემდეგ ათასმა 10X ზრდას?

ერთმა

სტაბილური შემოსავლისა და მანქანის ყოლის შემდეგ, კიდევ ბევრი რამეა, თუმცა ამას ვერ ვხედავთ, უცოდინრობით დაბრმავებულები. ან ვხედავთ, მაგრამ ახლაც კარგად ვართ, საქმის იქით “ცხოვრება გვაქვს” და სწავლის და განვითარების ინტერესი არ გვაქვს.

“Good mind is always hungry.”

მუდმივი სწავლა და განვითარება არის უმნიშვნელოვანესი!

პირველ რიგში, საჭიროა, რომ რამდენიმე ადამიანმა გაიაროს ეს გზა და შეძლოს X-იდან 10X-ამდე მივიდეს. პირადად ჩემთვის და რამდენიმე ჩემი მეგობრისთვის, ბოლო წლებში, თავდაუზოგავად შრომამ და თვითგანათლებამ, თავისი შედეგი გამოიღო. (ჩემი მეგობრის ეს სტატია Hacker way - The Only Way მგონი გამოსადეგი იქნება ზოგისთვის)

და დიახ: "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების".

ათასმა

აქ კი საჭიროა ის "ერთები" - ინდივიდები ჩაერთონ აქტიურად. რაც უფრო ადრე მოხდება ჩართვა - მით უკეთესი. ფინიშის ბოლომდე (1X-დან 10X-მდე) გასვლა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამაზე ზრუნვა დაიწყო. მათ, რომლებიც ხედავენ “გზას”, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყონ ამის კეთება.

პრობლემა

რაღაც მიზეზების გამო, ზოგი ადამიანი ცხოვრების კარიერულ/პიროვნული წინსვლის დროს იჭედება ლოკალურ მაქსიმუმში.

შევხედოთ ამ სურათს:

თუ ჩვენი მიზანია ამ სივრცეში მაქსიმუმს მივაღწიოთ, იმის მიხედვით საიდან ვიწყებთ ძებნას, შეიძლება აღმოვჩნდეთ ლოკალურ მაქსიმუმთან და არა გლობალურ მაქსიმუმთან.

მაგალითად, თუ ამ სურათის მარცხენა კიდიდან დავიწყებთ აღმასვლას და საკმარისად შორს ვერ ვხედავთ, აღმოვჩნდებით ლოკალურ მაქსიმუმთან.

რაც უფრო შორს შეგვიძლია ამ დროს გახედვა, უფრო სწორი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და იმის აღმოჩენაც შეიძლება, რომ ახლა ლოკალურ მაქსიმუმზე ვართ და წინ კიდევ ბევრი აღმასვლაა.

უამრავი ადამიანია ასე ლოკალურ მაქსიმუმზე გაჭედილი, არიან სტაბილურ ბიუროკრატიულ სამსახურში და ძვრა არ აქვთ.
რატომ?

ეგო

ერთ ადგილას, პატარა სოციუმში ყოფნისას, ვექცევით ეგოს ტყვეობაში და გვიჭირს ახალი რაღაცების მიღება.

სქემა ასეთია:

ვიღაც რაღაც ახალს გესაუბრება, შენ ეს ახალი რაღაც არ გაგიგია, ანუ არ დაგჭირვებია შენი 10 წლიანი კარიერის განმავლობაში, ანუ არაა პრაქტიკული, რადგან თუ პრაქტიკულია აქამდე დაგჭირდებოდა.

აი ასე ვართ სამუდამოდ ერთ ადგილას გაჭედილები.

რა არის საჭირო?

საჭიროა, რომ რაღაცნაირად თავი დავაღწიოთ ეგოს ტყვეობას და უფრო შორსმხედველნი გავხდეთ, მაგრამ როგორ? ამდენი ხანია ხომ უმოძრაოდ ვართ.

Meetup — შეკრება

Meetup-ის პირდაპირი შესატყვისი, მგონი, ქართულში არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია მისი განმარტების თარგმნა:

არაფორმალური შეკრება.

მათთვის, ვინც არ იცის რა არის "მითაფი" და არაფორმალური შეკრება არაფრის მთქმელია:

მითაფი არის შეკრება, ასე ვთქვათ, პატარა კონფერენცია, ოღონდ არაფორმალური. აი წარმოიდგინეთ, რომ ასე 50 ადამიანი შეიკრიბა. 4 ადამიანი აკეთებს მოხსენებას მათ მიერ შერჩეულ თემაზე. აუდიტორიაში არის ხალხი, რომელიც, ცდილობს გაიგოს ეს თემები. უსვამენ კითხვებს, ამატებენ თავიანთ გამოცდილებას და ხდება ცოდნის გაცვლა.

ამ ყველაფრის მიზანი კუნთების დატოლება კი არაა, არამედ - უბრალოდ ცოდნის გაზიარება. ცოდნის გაზიარებით კი ყველა ხეირობს- მომხსენებელიც და მსმენელიც. მომხსენებელი უფრო კარგად იაზრებს საკითხს და ისმენს აუდიტორიის აზრს და მსმენელი ისმენს რაღაც ახალს და თავისასაც ამატებს.
ეს მითაფების კულტურა ჰარმონიაში მოდის ილია ჭავჭავაძის წერილთან ცოდნის შესახებ:

"ღმერთმა შექმნა ქვეყანა მისცა მას უამრავი სიმდიდრე: ტყეები, მდინარეები, მთები. ადამიანს კი უანდერძა შრომა.
ხშირად ამბობენ, რომ ღმერთმა ჩვენს პატარა ქვეყანას, საქართველოს, ბევრი სიმდიდრე მისცა. უხვი კალთა დაბერტყა. ამას იმიტომ ამბობენ რომ ჩვენი “პატარძალსავით მორთული” საქართველო სხვა ბევრ ქვეყნებზე უფრო მდიდარია. ჩვენც, ქართველებიც მშრომელი, ჯანიანი და გამრჯე ხალხი ვართ.
მაშინ რატომ ვართ ღარიბები?
იმიტომ, რომ არ ვიცით სად რა სიმდიდრე დევს და საიდან რა ხერხით ამივიღოთ.
ყველაფერი გვაქვს — სიმდიდრეც, ხალხიც გამრჯე ვართ. მაგრამ არ გვაქვს ერთი რამ. ეს არის ცოდნა. ცოდნის გარეშე ჩვენ ვერ მოვიპოვებთ სიმდიდრეს. ცოდნა არის სიმდიდრის მოპოვების ხერხი. როგორც ამბობენ: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა. ზოგ ქვეყანაში ხალხს ცოდნა აქვს და ამ ცოდნით მცირე სიმდიდრეც კი, საკმარისია კარგი ცხოვრებისათვის. ზოგ ქვეყანას კი, ბევრი სიმდიდრე აქვს, მაგრამ ხალხს ცოდნა არ აქვს და არ იციან როგორ გამოიყენონ იგი.

ცოდნა ისეთი რამეა, რასაც ყველგან თან წაიღებ, ვერც ვერავინ მოგპარავს ან წაგართმევს.

დღევანდელ დროში, ცოდნა ყველაფერია. ფულზე უფრო დიდი მნიშნელობა აქვს, ხმალზე მეტად ჭრის და ზარბაზანივით უფრო ძლიერია.
ღონიერი ისაა, ვისაც ჭკუასთან ერთად ცოდნაც აქვს. ამიტომ ცოდნა სიმდიდრეა და მერე ისეთნაირი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს მისცე, შენ მაინც არაფერი დაგაკლდება, თუ არ მოგემატება.
ცოდნა ანთებულ სანთელს გავს. ერთი სანთლით შეგიძლია ათას სხვა სანთელსაც მოუკიდო. ამით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.

სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ცოტად ბჟუტავდეს სადმე ბნელაში, ქურდს, და მტერს აფრთხობს. იქ სინათლეა, — სჩანს ჰღვიძავთო.
ცოდნა სანთელს ერთ რამეში არ გავს. სანთელი შეიძლება ჩაქრეს, ხოლო ცოდნა კი არასოდეს ჩაქრება. იგი მამიდან - შვილზე, შვილიდან - შვილიშვილზე გადადის და უფრო ძლიერდება.
ცოდნამ არ იცის უფროს-უმცროსობა. როგორც თითონ ღმერთი, ცოდნა ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს გლეხსაც და თავადსაც. ყველას ერთნაირად დააშვენებს, ოღონდ კაცი იყოს მოწადინებული ცოდნისათვის."

მითაფი არის ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან და ერთმანეთს “ცეცხლს” უნთებენ. მითაფებზე სიარულით ადამიანები თავისუფლდებიან ეგოს ტყვეობისგან. როდესაც ეგოს ტყვეობის გამო რაღაც ეგონათ “ისე”, აქ ხედავენ რომ თურმე “ასეა”. ხვდებიან რომ რაღაცები შეიცვალა სამყაროში, ბევრი რამაა რაც არ იციან და სხვებმა იციან. და ისინი იწყენებ უფრო ფართოდ ხედვას რადგან ხედავენ სხვა “მაქსიმუმებს”.

მე პირველად მითაფზე 17 წლის აღმოვჩნდი და ჩემთვის შოკი იყო. მანამდე ჩემი პროფესიის ადამიანს არავის ვიცნობდი და იქ ათობით ასეთი ადამიანი იყო, ხორციელი, შემეძლო დავლაპარაკებოდი, მეკითხა რაღაცები, მესწავლა მათგან და ასეც ვაკეთებდი. მას შემდეგ იქ ბევრი ადამიანი გავიცანი, რამდენიმეს დავუმეგობრდი და ერთად ბევრი მაგარი რაღაც ვაკეთეთ.

ამას გარდა, პირადად მეც, შემაქვს მცირედი წვლილი პროცესის გაგრძელებაში, რადგან მითაფები იმდენად დიდი შედეგის მომცემი იყო ჩემი განვითარებისთვის, რომ ვთვლი რომ ეს საქმე სულ უნდა კეთდებოდეს.

მომხსენებელია მთავარი!

ლოჯისტიკურ საკითხებს რაც ეხება, დიდი არაფერია, აუდიტორიას რომელიმე უნივერსიტეტი გამოგიყოფს. მთავარია მომხსენებელი იპოვო, ეს კი ძალიან ჭირს რადგან ბევრს აქვს კომპლექსები და არასრულფასოვნების მომენტი. თვლიან, რომ მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება უნდა გქონდეს რამეში, იმისთვის, რომ ამ თემაზე ხალხს თავდაჯერებულად ელაპარაკონ. თუმცა ეს ასე არაა, უამრავი ახალი საკითხი ჩნდება, რომელშიც დიდი გამოცდილება ფიზიკურად ვერ გექნება, მითაფზე კი, როგორც ვთქვი კუნთების დატოლება არ ხდება, მთავარია ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, რაღაც ახალი ვისწავლოთ/ვასწავლოთ. კარგი კი ის არის, რომ მინიმუმ ერთი მომხსენებელი გყავს - შენ.

თემის არჩევა არაა ძნელი, მაგალითად, ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო რაზე დახარჯე? რაზე იწვალე ბევრი? რა ისწავლე ახალი? ხედავ ხო, უკვე ბევრი ვარიანტი გაქვს.

შენ რომ ხარ მონდომებული და რომ გინდა მოხსენების გაკეთება, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სხვა ერთი შენნაირიც იპოვო. მითაფებში რომლებიც პირადად მე დამიორგანიზებია, თავადაც ყოველთვის ვიყავი სპიკერი, ამიტომ უფრო ადვილად მოვძებნე თანამოაზრეები.
სულ პირველი მითაფის გაკეთება იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ მინდოდა იმ პერიოდში დაგროვილი ჩემი გამოცდილების სხვებისათვის გაზიარება იმდენად, რომ ამაზე მოხსენება მოვამზადე და სხვებიც მოვძებნე ვისაც ქონდათ რაღაც სათქმელი, აქ ცოტა კავშირები გჭირდება, თუმცა არც ესაა დიდად საჭირო. შეიძლება სულ 2 მოხსენება გააკეთოთ და უბრალოდ ერთი ადამიანის პოვნა დაგჭირდებათ მხოლოდ.
თოქის გაკეთება მთლად იოლი არ არის, მაგრამ სწავლებადია. უამრავი სტატია და ვიდეო რესურსია, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

ჩემი შედარებით უნიკალური გამოცდილება ამ მხრივ ასეთია:

მითაფის ჩატარებამდე, ყველა სპიკერი, რამდენიმეჯერ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუკეთებთ მოხსენებას. ფაქტობრივად იმიტირებულ მითაფს ვაკეთებთ. ამ დროს ერთმანეთს ვაძლევთ შენიშვნებს და მიმართულებებს თუ საით ჯობია რომ მოხსენება წავიყვანოთ. ვააშკარავებთ საკითხებს რომლებსაც მეტი ახსნა უნდა, ან ნაკლები და ასე შემდეგ. აქ ჩვენც ბევრს ვსწავლობთ.
ამას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ მინდა კარგი ხარისხის მოხსენებები გამოვიდეს, ეს აუცილებელი არაა მაგრამ კარგია განსაკუთრებით ნაკლებად გამოცდილი მომხსენებლების “მოსახოდად”.
ანუ

ამას არავინ არ გააკეთებს შენს გარდა!

ეს უნდა აკეთო შენ!

დღეს გვჭირდება ბევრი ილია ჭავჭავაძე!

ცოდნას უნდა გამრავლება, იმიტომ რომ ცოტაა!

ასე, ამ გზით შევძლებთ რომ "ერთებმა" გაააქტიურონ ათასები. მალე შეგვეძლება, რომ დიდი დოვლათი დავაგროვოთ და გავაბრწყინოთ საქართველო ✨✨✨

ბოლო მითაფის გახნისას, დაახლოებით ამ თემაზე ვილაპარაკე:

როგორც ეს სტატია, ისე ვიდეო, არ არის კავშირში პროგრამირებასთან, ნებისმიერ სფეროს ეხება.

ბონუსად

დავამატებ, რომ დღეს ჯეფ ბეზოსმა — ამაზონის დამფუძნებელმა სიმდიდრით ბილ გეითსს გაუსწრო და ახლა უკვე პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია.

აი 20 წლის წინანდელი მისი ინტერვიუ:

მსგავსი ზომის დოვლათი რომ შექმნა, თანამედროვეობას უნდა აუწყო ფეხი და არ უნდა ჩამორჩე. რაც მეტი კვალიფიციური და თანამედროვე ტექნოლოგიების აზრზე მყოფი ადამიანი ვიქნებით, მით მეტი შანსია, რომ რომელიმემ მსგავსი მასშტაბის შედეგს მიაღწიოს. თუ ჩამორჩენილები ვიქნებით, მაშინ გავაგრძელებთ ველოსიპედების თავიდან გამოგონებას, ან სხვა წარმატებული ბიზნესის კოპირებით დავკავდებით და ვიტყვით, რომ ეს ინოვაციაა.

ბონუსი 2

ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან:

მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება

ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;
ეს ნიშნავს რომ გადასახადებისგან თავისუფლდები თუ შემოსავალს უცხოეთიდან იღებ!!

P.S
მესმის, რომ ყველა პროფესიის ადამიანი ვერ მოახერხებს დისტანციურად მუშაობას, ექიმები მაგალითად, თუმცა უნდა აღინიშოს, რომ მიუხედავად ამისა მითაფები მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

P.P.S
აქამდე თუ მოხვედი, ეს ნამდვილად შენ ხარ და უნდა გადადგა ნაბიჯები ახლა! არ უნდა ველოდოთ სხვებს!

იდეური ინსპირაციები:

  • Intro To Systems Thinking
  • The Grand Model Of Psychological Evolution — Clare Graves & Spiral Dynamics

ავტორი: ირაკლი საფარელი

წყარო: medium.com

28.07.2017

 



კომენტარები