სიახლეები

ხმის უფლება

                                     [იყიდება ყველაფერი, გარდა სინდისისა,
                                        ხოლო სინდისი რა არის და რა არა, კაცმა არ იცის.]

როგორც წესი, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო დაფუძნებულია ხალხის ნებაზე. წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, ხალხის ნების განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს წარმოადგენს არჩევნები. არჩევნების მეშვეობით ადამიანები, პირადი, სუბიექტური სიმპათიებისა და კონკრეტული თუ აბსტრაქტული მოლოდინების მიხედვით ირჩევენ სასურველ საარჩევნო სუბიექტებს, რომელსაც უკეთებენ სახელმწიფოს მართვის უფლების დელეგირებას - სწორედ ამ პროცესებში ვლინდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის მთავარი არსი და იდეა.
საარჩევნო უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის  24-ე მუხლის მიხედვით, რომლის თანახმადაც: 

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩვლის ნების თავისუფალი გამოვლენა.

მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულ დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართების იერარქიულად დაბალ საფეხურზე დგას, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს ეკრძალებათ ამომრჩევლების ნების ყიდვა კონკრეტული თანხის ან სხვა სამართლებრივი სიკეთის სანაცვლოდ, რაც მიჩნეულია „ამომრჩევლის მოსყიდვად“ და სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. ეს წინააღმდეობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, ასევე იმ საღ აზრთან, რომლის მიხედვითაც ადამიანი არის რაციონალურად მოაზროვნე არსება და ის არის ბატონ-პატრონი, როგორც საკუთრი თავის, ასევე საკუთარი თავისუფალი ნების.

საარჩევნო უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი მეშვეობით ადამიანს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვის პროცესებში. წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში ჰყავდეს  წარმომადგენელი სახელმწიფო ორგანოებში. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეს ენიჭება საარჩევნო უფლება და არა საარჩევნო ვალდებულება. იგი თავისუფალია არჩევანში, აღნიშნული უფლების გამოყენება-არგამოყენებასთან დაკავშირებით.

ზოგადი შეფასების მიხედვით, ადამიანის საარჩევნო უფლება (ამ შემთხვევაში, ხმა) არის კონკრეტული სამართლებრივი სიკეთე, რომლის გამოყენების შედეგადაც შესაძლოა დადგეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე ამ სამართლებრივი სიკეთის მიმღები საარჩევნო სუბიექტისთვის. აღნიშნული რეგულაცია (რომ ხმის ყიდვა წარმოადგენს დასჯად ქმედებას) ამომრჩეველს უზღუდავს საშუალებას, მიიღოს დამატებითი სიკეთეები, მათ შორის ფულადი სახით, საკუთარი უფლების რეალიზების შედეგად, საუბარია საარჩევნო უფლებაზე.

შედარებისათვის, მივყვეთ მოქმედი კანონმდებლობის ლოგიკას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, თუ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს, ეკრძალება ამომრჩევლის ნების, (ხმის) სანაცვლოდ მათთვის თანხის გადაცემა, ანუ ხმის ყიდვა, ყოველგვარი ძალადობისა და დაშინების გარეშე, მხოლოდ ორმხრივი თავისუფალი ნების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, კანონმდებელი, მხოლოდ ცალმხრივად თვლის, რომ საარჩევნო ხმებით „ვაჭრობა“ არის დასჯადი. ცალმხრივად, ვინაიდან, დასჯადია მხოლოდ ხმის ყიდვა და არა მისი გაყიდვა.  ამავე ლოგიკის მიხედვით, თუ ჩავთვლით, კონკრეტული სამართლებრივი მნიშვნელობის სიკეთის, ამ შემთხვევაში ხმის ყიდვა უნდა ისჯებოდეს, ბუნებრივია აღნიშნული რეგულაცია უნდა ვრცელდებოდეს შემთხვევაზე, როდესაც ხდება მისი გაყიდვა. მოკლედ რომ ვთქვათ, კანონმდებლის ლოგიკური მიმდინარეობის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს როგორც კონკრეტული პარტია თუ პასიური საარჩევნო უფლებით მოსარგებლე სხვა სუბიექტი, ასევე ის ამომრჩეველი, რომელმაც გაყიდა საკუთრი ხმა - რაც ბუნებრივია წარმოადგენს ცალსახა აბსურდს, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის, როგორც რაციონალურად მოაზროვნე ინდივიდის თვისუფალ ნებას და ცალსახად ერევა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაში, რომლის მიხედვითაც დაცულია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.

აღნიშნული რეგულაცია ამომრჩეველს უზღუდავს შესაძლებლობას გაყიდოს საკუთარი ხმა, ვინაიდან ნებისმიერი პარტია, რომელიც გააკეთებს მსგავსი ტიპის შეთავაზებას ამომრჩევლის წინაშე, ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.

ამომრჩევლის მოსყიდვის პარალელურად, რა შინაარსი დევს წინასარჩევნო დაპირებაში? იგი სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა ოღონდ ჰიპოთეტურად, თანაც სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ იმ ამომრჩევლის ფულის გამოყენებითაც, რომელიც მმართველ პარტიას, რომელსაც გააჩნია ბიუჯეტის განაწილების უფლება, საერთოდ არ უჭერს მხარს. მარტივი მაგალითისთვის, კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ეუბნება, „მომეცი ხმა და სახლთან მისასვლელ გზას დაგიგებ ჩემი ფულით“ - ამ ქმედების განხორციელებისათვის საარჩევნო სუბიექტი ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.
მეორე მაგალითი, როდესაც კონკრეტული პარტია ამომრჩეველს ეუბნება „მომეცი ხმა, და არჩევნების მოგების შემდეგ, დავაგებ შენს სახლთან მისასვლელ გზას, ბიუჯეტის (ხალხის) ფულით“ - თავისუფალია ყოფელგვარი რეგულაციისაგან. ეს ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ეს უკანასკნელი პრიმიტიული მაგალითი, შედარებული წინასთან, ნათელი ლუსტრაციაა იმისა, რომ საარჩევნო სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ ადამიანებისგან ხმების ყიდვის, ფულის თუ სხვა ისეთი სამართლებრივი სიკეთეებს მეშვეობით, რომელიც არ ლახავს სხვის საკუთრების ან სხვა უფლებას, ხოლო ამომრჩევლებს, უნდა ჰქონდეთ მათი ნების თავისუფლად რეალიზების  და ამ რეალიზების შედეგად კონკრეტული სარგებლის მიღების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისუფალი ნების საფუძველზე და ყოველგვარი ძალადობისა და უფლებების შელახვის გარეშე - თავისუფლად.
რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული სახის რისკებიც. მაგალითად, შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა პარტიამ, რომელიც ამომრჩევლის ხმის მოსყიდვის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, არ გაატაროს მოქალაქეების ინტერესები და იზრუნოს საკუთარი პირადი მიზნებისათვის და იმ თანხის მოსახლეობისგან, დავუშვათ, ორმაგად ამოღებაზე, რომლის გაღებაც დასჭირდა ხელისუფლებაში მოსასვლელად -  ბუნებრივია, რომ ეს რისკი ნამდვილად არსებობს. მაგრამ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ პარტიას რომელსაც არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ აქვს ნაყიდი, იმავეს არ გაიმეორებს. ორივე შემთხვევაში, არსებობს კონკრეტული სახის პოლიტიკური რისკი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნებზე მისვლითაც და არმისვლითაც იღებს საკუთრ თავზე, საკუთარი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. ის ამომრჩეველიც, რა თქმა უნდა, რომელიც ყიდის ხმას, იღებს რისკს საკუთარ თავზე და ის ამომრჩეველიც, რომელიც საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას ახდენს ყოველგვარი თანხის გარეშე, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისადმი პირადი სიმპათიებით, ან სამომავლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოსალოდნელი ბენეფიტებიდან გამომდინარე. 

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი არის რაციონალურად მოაზროვნე არსება, მას გააჩნია რა თავისუფალი ნება, და ამ თავისუფალი ნების მეშვეობით დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ბუნებრივია იგი თავად იღებს პასუხისგებლობას, მის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯსა თუ განხორციელებულ ქმედებაზე. ასევე, იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ადამიანს აქვს უფლება, თადავ გადაწყვიტოს ვის მისცეს ხმა, რა დაპირების საფუძველზე, თუნდაც სრულიად უმიზეზოდ, ასევევ საერთოდ მისცეს თუ არა, ან მისცეს და ამ ხმაში აიღოს ფული. ნებისმიერი ჩამოთვლილი ასპექტი ადამიანის გადასაწყვეტია მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, რადგან ის სრულფასოვანი, რაციონალური არსებაა და თითოეულ საკუთრ გადაწყვეტილებაზე თავადაა პასუხისმგებელი.

                                                                             ავტორი: მიხეილ წურწუმია                          

კომენტარები