სიახლეები

ცოტა რამ ჩე გევარას გამოსახულებიან მაისურებზე

დავუშვათ, რომ ყველამ იცოდით ადოლფ ჰიტლერის ხატვის ნიჭის შესახებ, რომ ის ხატავდა ღია ბარათებსა და სახლებზე ვენაში, უყვარდა ძაღლები და თავის არაჩვეულებრივ გერმანულ ნაგაზს "ბლონდის" ეძახდა, რომ ხშირად გამოხატავდა სოლიდარობას ხალხის მიმართ. თქვენ შეიძლება სიამოვნებით გეტარებინათ მაისური ასეთი ადამიანის გამოსახულებით, ასეთი ქარიზმატული ტიპის ფოტო ლამაზი იქნებოდა თქვენს ბერეტზეც.

თუმცა თქვენი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ იქნებოდა არასრულყოფილი.

თუ მოგვიანებით აღმოაჩენდით, რომ ბიჭი თქვენს მაისურზე, მასობრივი მკვლელობების ავტორი იყო, კითხვა გაგიჩნდებოდათ თქვენს პროფესორთან, რატომ გამოტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ამ ადამიანის შესახებ, მისი დახასიათებისას.

ეს ჰიპოთეზა დღეს რეალობაა ბევრ თანამედროვე კოლეჯსა და უნივერსიტეტში. ბოლივიაში მისი გარდაცვალებიდან ორმოცდათორმეტი წლის შემდეგ, მანიაკი სოციალისტი ერნესტო ჩე გევარა კვლავ ჰედლაინებზეა და მისი გამოსახულებები აფუჭებს მშვენიერ ტანსაცმელს.

ფილმებსა და პოპ კულტურაში, ჩე აღწერილია, როგორც თავგადასავლებისა და თავმდაბალი ცხოვრების მოყვარული მოტო ბაიკერი, რომანტიკული რევოლუციონერი სექსსიმბოლო.  ჩე გევარას სახელის გათეთრება და გამართლება მაინც ხდება, მისი საშინელი ისტორიის მიუხედავად, რომ ის იყო ფიდელ კასტროს მარჯვენა ხელი და უამრავი მკვლელობაა მის სახელზე, მის სახელს ათეთრებენ, თითქოს კარგი განზრახვა ჰქონოდა თავის დროზე.

ჟურნალისტ ჰუმბერტო ფონტოვას 2007 წელს გამოქვეყნებულ აღსანიშნავ სტატიაში, ავტორი ერნესტო ჩე გევარას შესახებ, მხატვრულ ლიტერატურასა და რეალურ ფაქტებს შორის განსხვავებას შეეხო. სტატიის სათაური იყო:

 „ნამდვილი ჩე გევარა და სასარგებლო იდიოტები, რომლებიც აიდეალებენ მას

ვინ იყო ჩე გევარა?

მითი: ინტერნაციონალი, ხალხის კაცი. ადამიანური, მამაცი თავისუფლებისთვის მებრძოლი. ლიტერატურისა და ცხოვრების მოყვარული. ღარიბთა და ჩაგრულთა ადვოკატი.

რეალობა: ცივსისხლიანი მკვლელი. სადისტი მწამებელი. ძალაუფლებისმოყვარე მატერიალისტი. ტერორისტი, რომლის მანიაკალურმა მიდრეკილებებმა სისხლისღვრა და განადგურება გამოიწვია მთელ ლათინურ ამერიკაში.

ქვემოთ მოცემულია ნაკლებად ცნობილი ინფორმაციები მაისურებზე ხშირად დატანილი ფსიქოპათის შესახებ, ფონტოვას წიგნიდან და სხვა წყაროებიდან.

  • ჩე გევარამ საჯაროდ დაუკრა ტაში საბჭოთა კავშირის უნგრეთში შეჭრას 1956 წელს და საბჭოთა ტანკებთან მებრძოლ სტუდენტ მომიტინგეებს ფაშისტები უწოდა.
  • კუბაში 1959 წლის კომუნისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, საკუთარ თავს ერთ – ერთი ყველაზე მდიდრული სასახლე მიუძღვნა ჰავანაში - საკუთარი იახტის ნავსადგურით, უზარმაზარი საცურაო აუზით, შვიდი აბაზანით, საუნით, მასაჟის სალონითა და ხუთი ტელევიზორით.
  • ჩე გევარა წამყვან როლს ასრულებდა 1961 წლის კუბის წიგნიერების კამპანიაში და ამავდროულად, ეხმარებოდა რეჟიმს სასტიკი პოლიტიკის წარმართვაში განსხვავებული აზრისა და ოპოზიციური მედიის გასანადგურებლად.
  • როგორც ფონტოვა თავის ბიოგრაფიაში წერს, ჩე იყო წიგნების დაწვის და იმ ავტორების სიკვდილით დასჯის ინიციატორი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მას. დესპოტი კომუნისტები ადამიანებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, მაგრამ კიდევ უფრო მეტს მუშაობდნენ იმაზე, რომ დარწმუნებულიყვნენ, ეს ხალხი მხოლოდ იმას კითხულობდა და წერდა, რაც მათ სურდათ. ჩე გევარამ პირველად, საჯაროდ წიგნების დაწვის დროს, დაწვა 3000-ზე მეტი წიგნი ჰავანის ქუჩებში.
  • ჩეს მხარდამჭერი ბიოგრაფი, ჯორჯ კასტანედაც კი აღიარებდა, რომ ერნესტო ცენტრალურ როლს თამაშობდა კუბის "უსაფრთხოების აპარატების დამკვიდრებაში” კასტროს რეჟიმის პირველ ხანებში. 
  • ამ პერიოდში ჩე ზედამხედველობდა ათასობით კუბელის წამებასა და სიკვდილით დასჯას, სასამართლოს გარეშე. 

კუბელი პოეტი და დიპლომატი არმანდო ვალადარესი, ავტორი 
წიგნისა -

„ყველა იმედის წინააღმდეგ: ჩემი ცხოვრების 22 წელი კასტროს გულაგში“

ამბობს, რომ ჩე "იყო სიძულვილით სავსე ადამიანი", ის "ვინც სიკვდილით დასაჯა ხალხი, ვინც ამის გამო არასდროს მდგარა სასამართლო პროცესზე და არასოდეს გამოცხადებულა დამნაშავედ".

ჩე გევარა არც ერთნაირად ავიწროვებდა ყველას, მაგალითად განსაკუთრებულად არ მოსწონდა გეები და სექსუალური ორიენტაციის გამო, უამრავი ადამიანი ჩასვეს ციხეში. ჩე ასევე ცნობილი რასისტიც იყო. 

ფიდელ კასტრომ  ჩე გევარა დანიშნა კომუნისტური კუბის პირველ „ეკონომიკის მინისტრად“ და ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. თვეების განმავლობაში კუბური პესო პრაქტიკულად უსარგებლო იყო. კასტრომ ის ინდუსტრიების მინისტრადაც დანიშნა და ყველა ამ საქმეში ჩე გევარა ერთნაირი არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდა.

ჩე კასტროს ეკონომიკური მეფე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან არაფერი იცოდა ეკონომიკის შესახებ მარქსისტულ ციტატებს მიღმა. მისი ყოფილი მოადგილე, ერნესტო ბეტანკური, ამბობდა, რომ ჩე ”უგულებელყოფდა ყველაზე ელემენტარულ ეკონომიკურ პრინციპებს”. წარმოება შემცირდა და დღეს იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე რევოლუციამდე იყო.

საბჭოთა რაკეტების განთავსება კუბაზე, რომელთაც 1962 წელს კინაღამ ახალი მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინეს, იყო ჩე გევარას იდეა. და როდესაც კენედის ადმინისტრაციამ დაიწყო ზეწოლა საბჭოეთზე რაკეტების გატანისთვის, ჩემ საჯაროდ განაცხადა, თუკი რაკეტები იქნებოდა კუბელების კონტროლის ქვეშ ისინი აუცილებლად დაიბომბებოდა აშშ-დან, იმიტომ რომ სოციალიზმის იდეა მოითხოვს ატომური ომის მილიონობით მსხვერპლს.

ჩე გევარამ 1965 წელს დატოვა კუბა, ძალადობრივი აჯანყებების განსახორციელებლად ჯერ აფრიკაში, შემდეგ კი უკან ლათინურ ამერიკაში. იგი დააპატიმრეს ბოლივიელმა სამხედროებმა 1967 წლის 8 ოქტომბერს. 

დაფიქრდით ორჯერ (რეალურად, მხოლოდ ერთხელაც საკმარისი უნდა იყოს ) ვიდრე ჩე გევარას გამოსახულებიან მაისურს ჩაიცვამთ საშობაოდ ან ვინმეს აჩუქებთ მას.

ავტორი: Lawrence W. Reed

თარგმანი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები