14 ოქტ 2019
2240 Views
მეტი თავისუფლება

მამათა და შვილთა ბრძოლა - Season 2

Previously in Season 1...

მე-19 საუკუნეში „მამათა და შვილთა“ პირველმა ბრძოლამ შექმნა ილია. მაშინდელი ახალგაზრდა, გლობალურად და თანამედროვედ მოაზროვნე თაობის ნაწილი, რომელსაც დასავლეთში მიმდინარე ინდუსტრიალიზაციის გლობალური მნიშვნელობა უკეთ ჰქონდა გააზრებული, დაუპირისპირდა ფეოდალურად ჩამოსხმულ "ხარაბუზა ღენერლებს" და ‘რომანტიკოსს პატრიოტებს’, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ მეტი პრივილეგიები უნდოდათ, რუსეთის და მისი კულტურის შემადგენლობაში.

პირველ სეზონში, ხალხმა ილიას არ დაუჯერა და ‘შვილებმა’ ეს ბრძოლა წააგეს: ილია მოკლეს, ქართველებმა რუსეთის ყმობა შეიფერეს, მერე კი, ქვეყანა კომუნიზმ-სოციალიზმისკენ გაექანა. შედეგი ყველამ ვნახეთ: ყოველი ჩვენგანი, ჩვენი შვილების ჩათვლით, ამის საფასურს დღემდე ვიხდით.

წაგებული ბრძოლის მიუხედავად, ‘შვილებმა’ დატოვეს  ქართველი ერის, თავისუფალი ერის ილიასეური ხედვა:

პიროვნული და სახელმწიფოებრივი თავისუფლების, თავისუფალი ბაზრის და ტოლერანტობის პრინციპებზე დამყარებული თვითშეგნება.

ქართველების ისტორიაში ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოხდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველების, როგორც ერთიანი ერის, კონცეფციის ჩამოყალიბება და გააზრება გლობალურ კონტექსტში. იმას აქ აღარ განვიხილავ, თუ როგორ შეცვალეს და დაამახინჯეს ილიას პიროვნება, მისი მსოფლმხედველობა და დანატოვარი ჯერ საბჭოთა კავშირმა და მერე ეკლესიამ. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი არასწორი, არა მართალი წარმოდგენა აქვს ილიაზე მოსახლეობის უმრავლესობას.

Season 2...

1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საზოგადოებას, საქართველოში, შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ახალი იდენტიფიკაცია და იდეოლოგია ილიას ხედვაზე აეწყო - ‘შაბლონი“ მზად იყო. სამწუხაროდ, ეს პროცესი მაშინ შოვინიზმა და ეკლესიამ გაიტაცეს.

მან ილიაც კი ‘შთანთქა’: ის წმინდანად გამოაცხადა, მის ‘ერობას’ შარავანდედი გადააფარა, ‘ბერობა-მწამებლობა“ დააბრალა, პოეტისა და მწერლის იაფასიანი, პოპულისტურ-რომანტიკული იარლიყიც მიაკრა. ილია არ იყო არც მოწამე და არც ბერი;

იყო პოეტზე და მწერალზეც მეტი: ის იდეოლოგი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი იყო, პირველ რიგში.

იმ სავალალო 90-იანების პერიოდში, ‘ახალ’ ქართულ თვითშეგნებას კორუმპირებული ყოფილი ჩინოვნიკები, ‘წითელი ინწილიგენტები’, კრიმინალები, ურაპატრიოტები, კარგი მსმელები, კაცური-კაცები, ‘ცეხავიკები’, შემოდგომის აზნაურები, ლუარსაბები და ქუჩის სამართლის ‘ქსივიანი’ რომანტიკოსები ძერწავდნენ. ზუსტად ეს ‘მამათა თაობა’, რომელიც 20-30 წელიწადში ცოცხალიც კი აღარ იქნება, დღესაც იღებს გადაწყვეტილებებს, აქვს ძალაუფლება და არაკეთილსინდისიერად მოხვეჭილი სიმდიდრე, რომ განსაზღვროს როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ მათი და თქვენი შვილები. 
ახლა შენ ხარ ახალგაზრდა, ჯერ შვილი არა გყავს, მაგრამ ახლო-მომავალში აპირებ რომ გყავდეს. წარმოიდგინე, რომ ის თუ თუ როგორ ქევყანაში იცხოვრებს შენი შვილი ოცი წლის მერე, ამას ახლა წყვეტენ ის ადამიანები, რომლებიც მე ზევით, წინა ეპიზოდებში აღვწერე.

როგორ ხასიათზე დადექი? გული ხომ არ გერევა? ხომ არ შეგეშინდა? თუ, ქვეყნიდან გაქცევა მოგინდა?

ეს ‘მამების თაობა’ კარგად ვიცით, სახეზე, სახელებით და ბიოგრაფიებითაც ვიცნობთ. ისინი არ დათმობენ, რადგან სხვანაირად არ ესმით, არ იციან და არც უნდათ. მათ ჰგონიათ, რომ შენზე უკეთესად იციან შენთვის რა არის უკეთესი საკუთარი ‘გემოვნებიდან და მორალიდან’ გამომდინარე, რადგან ისინი ‘უფროსები არიან’, ‘ამდენი აქვთ გამოვლილი და გამოცდილი’; მათ თავი ‘დამსახურებულ მოქალაქეებად’ და შენს მშობლად (მამად) მიაჩნიათ; დამოუკიდებელ, ზრდასრულ ადამიანს პატერნისტულად გეპყრობიან; პატარა სულელი და ცელქი ბავშვი ჰგონიხარ, სერიოზულადაც კი არ გიყურებენ.

დღეს მე უფრო მაინტერესებს ‘შვილების’ ცნობა და ცოდნა.

ვინ, სად და რამდენი არიან ისინი?

აჯობებენ ამჯერად ‘მამებს’ თუ ვერა?

ეს ‘შვილები“ ჯერ კიდევ ბავშვები არიან, ‘მამიკო და დედიკო’ უნდათ, თუ ისინი მზად არინ საკუთარი მომავალი თვითონვე განსაზღვრონ, თვითონვე მიიღონ ამის შესახებ გადაწყვეტილება-პასუხისმგებლობა და შესაბამისადაც იმოქმედონ?

მე ეს უფრო მანაღვლებს ახლა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ დღევანდელ ‘მამების თაობაში’ რამოდენიმე ‘შვილისნაირი’ ‘მამაც’ გამოერია და მათ დიდი წვლილი შეიტანეს საომავლოდ ‘შვილების თაობის’ გამარჯვებაში.  ყველაზე გამორჩეული მათ შორის, უდავოდ, კახა ბენდუქიძეა, რომელმაც მთელი თავისი ენერგია და რესურსი ახალგაზრდებში ჩადო. არც ბენდუქიძე იყო მარტო, არიან სხვებიც და ისინი ‘შვილებს’ მხარში უდგანან... თუ ‘შვილები’ არ ზარმაცობენ.

დღეს ‘შვილების თაობა’, განათლებით, აზროვნებით და რაოდენობრივადაც, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ილიას დროს. ვხედავ ძალიან ბევრ საინტერესო მოზარდს და ახალგაზრდას, მაგრამ მათ შორის ვერ ვხედავ ბევრ ლიდერს, პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, რაც აუცილებელია ‘მამა-მამაოების თაობაზე’ გასამარჯვებლად.  სხვანაირად არ გამოვა, არანაირად.  ჩვენ და ჩვენი შვილები კიდევ დიდი ხანი გადავიხდით იმ საფასურს ზევით რომ ვახსენე, თუ ‘შვილები’ ‘მამებს’ კიდევ ერთხელ მისცემენ გამარჯვების საშუალებას.

ამ სეზონის ბოლოს უნდა გაირკვეს ისევ ‘მამები’ მიიღებენ თავისას და ‘შვილები’ „ბებია-ბაბუმათისას“, ისე როგორც ეს მოხდა პირველ სეზონში, თუ, ამჯერად და ამ ერთხელ მაინც, ‘შვილები’ თავისას გაიიტანენ და ‘მამებს’ პენსიაზე გაისტუმრებენ.

ავტორი: გიორგი სანიკიძე



კომენტარები