სიახლეები

2268 Views
პოლიტიკა

გირჩის მმართველმა საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

ვინ უნდა იყოს და როგორ უნდა შეირჩეს "გირჩი"-ს CEO - პარტიის მმართველმა საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე, გირჩის ტოპ-ხუთმა პოლიტიკოსმა და პარტნიორმა, პარტიის მართვის შესახებ ისაუბრა.

მათი გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში შეირჩევა დროებითი CEO, რომელიც საქმიანობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი შემცვლელი ახალი წესით არ აირჩევა - იგეგმება, რომ პარტიის პლატფორმის მენეჯერის ვაკანსია საჯაროდ გამოცხადდეს და შეირჩეს ადამიანი, ვისი ფუნქციაც ოფისის გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობის აღება იქნება. 

ბორდის წევრების გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში მმართველთა საბჭო გაფართოვდება და მას ბოლო ექვსი თვის ტოპ-ხუთი კონტრიბუტორი დაემატება. 

გირჩის მმართველთა საბჭო ამჟამინდელი შემადგენლობით ექვსი თვის ვადით იმუშავებს, რის შემდეგაც ბორდის განახლებული შემადგენლობა დამტკიცდება. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბორდში ყოფნა ერთ ადამიანს, ზედიზედ მაქსიმუმ ორჯერ შეეძლება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახლადდაფუძნებული საგანმანათლებლო კომპანიის "შმაქსი" შესახებაც. განიხილეს ქოლცენტრის ამოქმედებისა და სამომავლოდ, აპლიკაციის გაკეთების აუცილებლობაც. 

დღევანდელ სხდომას ნიუ-იორკიდან ჩაერთო პარტიის ერთ-ერთი მმართველი, გიორგი ყაბანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „გირჩის" მმართველი საბჭო არსებული ხუთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსისა და ხუთი ყველაზე მსხვილი პარტნიორისგან დაკომპლექტდა. 

ეს არის პარტიის ახალი პლატფორმის გამოყენებით დაკომპლექტებული პირველი წარმომადგენლობითი ორგანო. ახალი წესების ნაწილი ეტაპობრივად დაინერგა ყველასთვის უკვე ცნობილი პლატფორმისა და აღრიცხვის სისტემის (ჯედების) სახით. 
 

საბჭოს წევრი, ხუთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

2. იაგო ხვიჩია

3. ჰერმან საბო

4. ვახტანგ მეგრელიშვილი

5. ლევან ჯგერენაია
 

საბჭოს ხუთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია:

1. ბექა მუზაშვილი

2. ლაშა ხვიჩია

3. ირაკლი მეტრეველი

4. გიორგი ყაბანაშვილი

5. გოგა ხაჩიძე



ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები