ხვიჩია: შმაქსი გამოხატვის თავისუფლების პროექტია და არა კანონში ხვრელის პოვნა

"შმაქსი" რეალურად სოციალური პროექტია, ეს ეხება საზოგადოების ძალიან დაბალ და საშუალო ფენას, მათ, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, დაეცვა საკუთარი ინტერესები მერიის რეგულაციების წინაშე.

იაგო ხვიჩიამ მედჰოლდინგ "კვირას" ეთერში პრესკონფერენცია გამართა და "შმაქსთან" დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით "შმაქსისტების" ქალაქში დაუბრკოლებლად გადაადგილებას ხელს ის კი არ უწყობს, რომ ჩვენი სახელმწიფო კანონმდებლობას სიტყვა-სიტყვით იცავს, არამედ ის ფაქტორი, რომ ადამიანების უმრავლესობამ გაიაზრა ის აბსურდი, რომელშიც აღმოვჩნდით თბილისის მერიის წყალობით.

შმაქსაობამ შეიძინა სახალხო მხარდაჭერა, "გირჩის" ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა. ადამიანები გვწერენ, თქვენში ვცდებოდი, სხვა ხალხი მეგონეთ და კარგი ხალხი ყოფილხართო. ამას მარტო "გირჩის" მხარდამჭერები არ ვხედავთ, ამას ხედავს ყველა და მათ შორის ხელისუფლება.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, თბილისის მერიის რეფორმა, არამხოლოდ მორალურად არასწორია, რაც მთავარია არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება როგორც საკუთრების უფლებას, ასევე გამოხატვის თავისუფლებას და რაც უფრო მეტ რეგულირებას დაუმატებენ ამ რეფორმას, კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია. 

"მაქვს თუ არა უფლება, ჩემს მანქანას, ჩემს საკუთრებას რამე დავაწერო,საკუთარი სურვილით?  ნებისმიერი რეგულირება, რომელიც მე ჩემს მანქანაზე შმაქსის დაწერას ამიკრძალავს, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ამის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება იქნება როგორც არაკონსტიტუციური, ასევე ძალიან არაპრესტიჟული ამ ხელისუფლებისთვის. "

იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სინამდვილეში ეს სწორედ გამოხატვის თავისუფლების საკითხია და არა ის თემა, "გირჩმა" კანონში კიდევ ერთი ხვრელი იპოვა.

სინამდვილეში უფრო დიდი ხვრელი იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის მერიამ ვერ გაითვალისწინა, ტაქსთან ბრძოლა რეალურად გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება დააჯარიმონ დღევანდელი კანონმდებლობით შმაქსისტები, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მათი დაჯარიმება ტაქსისტობის გამო შეუძლებელია, თუ თავად მანქანის მძღოლი არ იტყვის, რომ ის არის ტაქსისტი და არა შმაქსისტი.

"თუ შმაქსისტი ხარ, კანონმდებლობის რეგულირება არ გეხება, ტაქსისტობა წარსულს ჩაბარდა, ახლა შმაქსისტობის დროა."

პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით,  ხვიჩია აღნიშნავს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ "გირჩისთვის" საგანმანათლებლო პროექტი უცხო არ არის, სასწავლო ცენტრი ბორბლებზე, სიახლეა. ამ ბიზნესის მიზანია, რომ პროექტში ჩართული რაც შეიძლება მეტი ადამიანი ერთმანეთს მარტივად დააკავშირონ. 

ვეცდებით ადამიანებს ავუხსნათ, რომ ეს არ არის კანონში ხვრელის პოვნის ამბავი, ეს არის გამოხატვის თავისუფლების ამბავი. როცა ჩვენ კანონში ხვრელს ვერ ვიპოვით, ეს ნიშნავს არა იმას, რომ კანონში ხვრელი არ არის, არამედ იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება წაგვართვა მთავრობამ.

იაგო ხვიჩიამ, პირდაპირ ეთერში წაშალა ტაქსის კომპანია "ბოლტის" აპლიკაცია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ მოატყუეს ადამიანები, როცა განაცხადეს, რომ ტაქსის ტარიფები მხოლოდ 3-5 %-მდე გაიზარდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 



კომენტარები