სიახლეები

ხმალაძე: ტაქსის ტარიფები ფაქტობრივად არ გაზრდილა

ტაქსების ვიზუალური სტანდარტიზაცია აუცილებელია, ძალიან ცოტა გაგახსენდებათ ისეთი განვითარებული ქალაქი, სადაც არ არის გაკეთებული ტაქსების ვიზუალური სტანდარტიზაცია, ამიტომ ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

ტაქსის რეგულაციებსა და ტარიფებზე, თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა "იმედის" ეთერში.

ჩვენ რომ გრძელვადიანი და თანმიმდევრული რეფორმა გაგვეტარებინა, ალბათ სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზების შედეგს მივიღებდით ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ... რა დააშავა თეთრმა ტაქსმა და თეთრი ტაქსების რეფორმამ?

როგორც ხმალაძე აცხადებს, ტაქსის ტარიფს რეალურად არ მოუმატია და მხოლოდ 1-ლ ოქტომბერს, რეგულაციის ძალაში შესვლის პირველ დღეს, შეიმჩნეოდა ქალაქში ტაქსების სიმცირე, შესაბამისად ფასის მატებაც, მხოლოდ მაშინ იყო საგრძნობი.

ტაქსის ბაზარზე საბოლოო ჯამში, ბაზრის პრინციპიდან გამომდინარე, პირების იმავე რაოდენობა ჩაერთვება, რაც იყო და ფასი იმავე ნიშნულზე დადგება. თავდაპირველად მივიღეთ, დაახლოებით 5 %-იანი ზრდა, იყო გარკვეული სპეკულაციური ფასები, იმიტომ რომ გარკვეული ცვლილება მოხდა 1-ლ ოქტომბერს, მაგრამ უკვე დასტაბილურდა 3-4ოქტომბერს და ახლა, დაახლოებით, მხოლოდ 1 %-იანი ზრდა ფიქსირდება

მერის მოადგილე, შმაქსების თემასაც შეეხო, მისი თქმით, მხოლოდ "გირჩის" პარტიული აქტივი გადაადგილდება "შმაქსის" ტრაფარეტით და ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ:

მე რომ პატრულთან მივიდე და ვუთხრა, ქურდი ვარ, ქურდობას ვაპირებ და დამიჭირეთ  მეთქი, ფაქტზე თუ არ დამიჭირეს, რანაირად მოახდენს სამართალდარღვევის დადგენას და მერე ამაზე რეაგირებას. 

აცხადებს ხმალაძე "შმაქსისტების" არ დაჯარიმებაზე. როგორც ის აღნიშნავს, მგზავრის გადაყვანის დროს თუ გააჩერებს პატრული შმაქსისტებს, ისინი აუცილებლად დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილის ამ განცხადებების მიუხედავად, უკვე 100-მდე შმაქსისტი გადაადგილდება თბილისის ქუჩებში და მათგან საპატრულო პოლიციას არცერთი არ დაუჯარიმებია, გარდა იმ ორი შემთხვევისა, როცა მომხარებელმა და შმაქსის მასწავლებელმა დაარღვიეს შმაქსით სარგებლობის ინსტრუქცია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები