სიახლეები

ჯაფარიძე პატრულს: გაფრთხილებთ, პატივისცემით მოეპყარით შმაქსის მასწავლებლებს

ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით "შმაქსი"-ს მასწავლებლების დაჯარიმებას ეხმიანება. 

პანიკას თესენ, უნდათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთოს ამ პროექტში.

ამბობს ფეისბუქის ლაივში, ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, "გირჩის" ოფისში ამ წუთებშიც მიდის ხალხი და რეგისტრირდება "შმაქსის" მასწავლებლად.

სისტემა გვებრძვის ფორმალური წესებით. ვერცერთი "შმაქსის" მასწავლებელი, რომელმაც დაიცვა ის ინსტრუქცია რომელიც გირჩის ოფისში მიიღო, ვერ დააჯარიმა პატრულმა. თუკი შმაქსის მასწავლებელი ამბობს, რომ ის არის მასწავლებელი, ცოდნას გადასცემს და ანაზღაურებას იღებს იმაში, რომ მოასმენინა ან რაღაც ინფორმაცია მიაწოდა მგზავრს, მას პატრული ვერ ეხება.

ზურაბ ჯაფარიძე საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს მიმართავს, რომლებმაც "შმაქსისტების" დაშინება სცადეს, ჯაფარიძის თქმით, ყველა ის პატრულის თანამშრომელი, რომელიც ამ ადამიანების დაპანიკებას შეეცდება, გასაჯაროვდება "გირჩის" მიერ, რადგან "შმაქსი" საგანმანათლებლო კომპანიაა და რეალურად არცერთ კანონს არ არღვევს.

ნებისმიერ პატრულის თანამშრომელს, რომელიც დაუწყებს შმაქსის მასწავლებელს "კაჩაობას" და დაშინებას, საუბარს იმაზე რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაუჯდებიან და ჩაწერენ რას ასწავლიან და ა.შ. ამ ტიპის პატრულის თანამშრომლების შესახებ ჩავიწერთ ყველა მონაცემს და გავსაჯაროვებთ, გაგაშავებთ ბოლომდე თითოეულ თქვენგანს

მიმართავს ჯაფარიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

თქვენს ფოტოებს ნახავს მთელი თბილისი, მინდა იცოდეთ, გაფრთხილებთ, რომ პატივისცემით მოეპყრათ ჩვენს მასწავლებლებს, ეს არ არის თამაში, არ გვაინტერესებს რა მასშტაბის ბრაზი აწუხებს კალაძეს ან მის მოადგილეს, ჩვენ არ ვარღვევთ არცერთ კანონს და ეს პროექტი არის ჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროექტი, რომლის გაფართოებასაც ვაპირებთ თბილისის გარეთაც. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით "გირჩს" ჯერჯერობით გამოხატვის თავისუფლების გარდა, სხვა ბრძოლის მეთოდი არ გააჩნია და მაქსიმალურად გამოიყენებენ სწორედ ამ გზას.  

თუ გაინტერესებთ სადამდე შეიძლება გავწელოთ გამოხატვის თავისუფლებით ბრძოლის გზა, შეგიძლიათ დაურეკოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და ჰკითხოთ რა დაემართა მას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები