შეიმეცნე მაქსიმალურად _ "შმაქსი"-ს დევიზი

"შეიმეცნე მაქსიმალურად"- "შმაქსის" მასწავლებლების გადამზადების დეპარტამენტის უფროსის, ჰერმან საბოს განაცხადებით, სწორედ ეს იქნება "შმაქსის" მთავარი დევიზი.

როგორც მაესტროს ეთერში საბომ აღნიშნა, "შმაქსი"-ში გაწევრიანება ძალიან მალე, მარტივად იქნება შესაძლებელი. კონტრაქტის გაფორმებისას, "შმაქსისტი" მასწავლებლის ვალდებულება თვეში მხოლოდ 20 ლარი იქნება, გაწეულ შრომაში გამომუშავებულ თანხას კი მასწავლებელი თავად განკარგავს.

ჰერმან საბოს თქმით, არსებობს კონკრეტული კანონები, რომლის მიხედვითაც "შმაქსი" სრულიად კანონიერად მოქმედებს და თბილისის მერის მოადგილის განცხადება ზღაპრის კატეგორიიდანაა.

ეს ჩვენი სავაჭრო ნიშანია და ანაზღაურებას ვიღებთ არა ადამიანების სხვადასხვა ლოკაციებზე გადაყვანაში, არამედ მათთვის განათლების მიცემაში.

ამბობს საბო მაესტროს ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა იყო ამ კამპანიით გირჩის მთავარი გზავნილი, ჰერმან საბო აღნიშნავს, რომ ამით პირველ რიგში "გირჩის" იდეოლოგია, რომლისთვისაც არასდროს გადაუხვევიათ, კიდევ ერთხელ გასაგები გახდა ადამიანებისთვის

მთელი ჩვენი იდეოლოგია თავიდან ბოლომდე, ყველაფერი რაც მოგწონებიათ და რაც არ მოგწონებიათ გირჩში, დგას ერთ მარტივ პრინციპზე, ადამიანს ჰქონდეს ნებისმიერი რამის კეთების საშუალება რაც მას სწორად მიაჩნია, თუ ამით სხვას ზიანს არ აყენებს და ამ პროცესში მესამე პირის ჩარევა არის ჩვეულებრივი ძალადობა.

როგორც საბო ამბობს, ძალიან დიდი განსხვავებაა, რაღაცის შემოთავაზებასა და რაღაცის დავალდებულებას შორის, შესაბამისად, ქალაქის მერს შეეძლო ეს თეთრი მანქანები უბრალოდ ერთ-ერთ ვარიანტად დაეშვა და არა სავალდებულოდ ექცია:

შეეძლო გამოსულიყო და ეთქვა რომ ვისაც უნდა თეთრი მანქანა ჰყავდეს, ერთად გავათეთროთ თბილისი, როდესაც ისინი გვაიძულებენ რომ ასეთი თუ არ იქნება, მაშინ არანაირად არ იქნება, მანდ უკვე  ვბრაზდებით ხოლმე და ვიფიქრებთ ისეთ გამოსავალს, რითაც საბოლოო ჯამში, წაგებული დარჩება მხოლოდ კალაძე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 



კომენტარები