სიახლეები

589 Views
ეკონომიკა

ხალხი ითხოვს შიმშილს - ხალხი იღებს შიმშილს

ხალხი: წაგვლეკეს არაბებმა, ჩვენი მიწები მიაქვთ, ქართველობას გვართმევენ, ხმალი ავლესოთ, ააიიტ ...

მთავრობა: კრძალავს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვას.

შედეგი: დაირღვა საკუთრების უფლება, შემცირდა სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე ინვესტიციები, მიწები გაიაფდა და გლეხები უფრო გაღარიბდნენ.

ხალხი: ხაზარაძე მევახშე !!! "რამხელა პროცენტებია", "სული გაგვძვრა", ვიხრჩობით ვალებში, ხალხს სახლებს ართმევენ და ქუჩაში ტოვებენ ...

მთავრობა: არეგულირებს საბანკო სექტორს

შედეგი: კოტრდებიან "მისოები", ბანკებს აღარ ყავთ კონკურენტები, კრედიტების და განვადებების გაცემა გართულდა, კრედიტის იმედზე მომავლის დაგეგმვა გართულდა, იპოთეკით სახლის ყიდვა თითქმის შეუძლებელი გახდა, განვადებით ტელეფონის და სხვა ტექნიკის შეძენა გართულდა, დაზარალდა თითქმის ყველა სექტორი, ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი, სარემონტო მასალების სექტორი, სარემონტო სერვისები და ა.შ.

ხალხი: რას გავს ქალაქის ცენტრი, რა სიმახინჯეა ეს ერთმანეთზე მიწყობილი კორპუსები, მანქანით ვეღარ გაივლი, ამდენი მუშები იღუპებიან მშენებლობებზე ...

მთავრობა: არეგულირებს სამშენებლო სექტორს.

შედეგი: სამშენებლო სექტორის წილი ეკონომიკაში საგრძნობლად შემცირდა, საბანკო რეგულაციების გამო ხალხი ვეღარ ყიდულობს ბინებს და ვინც ყიდულობს, იხდის ბევრად უფრო მეტს.

ხალხი: რესტორანში ვერ დაჯდები, გაკვამლულია სულ სიგარეტით, ვინც არ ვეწევით ცოდოები არ ვართ? და საერთოდაც, მოწევა მავნებელია, დაანებეთ თავი საერთოდ.

მთავრობა: არგეულირებს თამბაქოს მოხმარებას, კრძალავს დახურულ შენობებში მოწევას, ზრდის აქციზის გადასახადს 100%-ით.

შედეგი: ისევ დაირღვა საკუთრების უფლება, სიგარეტი გაძვირდა 6-7 ლარამდე, რესტორანებში ვეღარ ვქეიფობთ, თუ ვქეიფობთ და ნახევარი სუფრა მუდმივად მოსაწევადაა გასული და ქართველობას ვკარგავთ.

ხალხი: რა ამბავია ქალაქში, საშინელი საცობებია, რამდენი ტაქსია, ჩამოდიან სოფლებიდან და აქ ტაქსაობენ, ზოგს საერთოდ რა სუნი ასდის, დანჯღრეული ძველი მანქანები, ამომწვარი "სიდენიები",  ვერ დაჯდები ეგეთ მანქანაში ...

მთავრობა: არეგულირებს ტაქსებს, აჰყავს აღრიცხვაზე, ავალდებულებს 100 ლარიანი ლიცენზიის აღებას, მანქანის თეთრად გადაღებვას და კრძალავს ფერადი მანქანებით ტაქსაობას.

შედეგი: ისევ დაირღვა საკუთრების უფლება, ათასობით ადამიანი რჩება უმუშევარი, ათასობით ოჯახი რჩება შემოსავლის გარეშე, შემცირდა ტაქსების რაოდენობა, გაიზარდა მოთხოვნა, შემცირდა მიწოდება და ამის გამო მგზავრობის ტარიფები თითქმის გაორმაგებულია, სერვისის ხარისხი დარჩა იგივე.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კიდევ ბევრი ირიბი პოლიტიკური დაკვეთაა ხალხის მხრიდან რომელსაც მთავრობა ასრულებს და ამით ისევ ხალხი ზარალდება, დენცქვიტაში ვყოფთ თითებს და დენი რომ გვირტყამს მერე ვტირით. საკუთარ სახლში, შემოსასვლელშივე ვისაქმებთ და სუნი რომ დგას, მაგაზეც სხვას ვეჩხუბებით, სამწუხაროდ ასე იქნება მანამ, სანამ არ გავიაზრებთ რომ:

1) ადამიანი არის თავისუფალი არსება,

რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და თვითონ განსაზღვრავს რა ჭამოს, რა დალიოს, რა მოიხმაროს, რა დოზით, ვის მიყიდოს თავისი საკუთრება, როგორი სახლი აიშენოს, როგორი განათლება მიიღოს და მისცეს საკუთარ შვილებს, როგორი ფერის მანქანით იაროს, რამდენი იმუშაოს, როგორი ანაზღაურებით და არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ამ ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა ნებისმიერ არაძალადობრივ არჩევანში ჩაერიოს და შეზღუდოს, რამხელა ლეგიტიმაციაც არ უნდა ჰქონდეს ზე-დემოკრატიის პირობებშიც კი.

2) ნებისმიერი რამ, რასაც თავისუფალი ადამიანი, არაძალადობრივი გზით მოიპოვებს, თავისი შრომის თუ გაცვლის შედეგად, არის მისი კერძო საკუთრება, რომელიც ხელშეუხებელია.

არავის არ აქვს უფლება ადამიანის კერძო საკუთრებაში წესები დაუდგინოს ან მიუთითოს, როგორ განკარგოს ის.

ჩემი არ გჯერათ? ვნახოთ რას ამბობს ილია ჭავჭავაძე:

ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს

 - ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და კანონი.

თუმცა მიწის პატრონს ამ შემთხვევაში სასყიდელი ეძლევა, მაგრამ მაინც ეს ამბავი კერძო უფლების ზღუდეთა შერღვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან აქ საკუთრების დათმობა იძულებულია, ძალაუნებური და არა ნებაყოფილობითი მოსაკუთრის მხრით.

 ილია ჭავჭავაძე, "ცხოვრება და კანონი".

3) "იბერიის გაბრწყინება" შეუძლებელია ეკონომიკური განვითარების გარეშე.

ღარიბი და გაბრწყინებული ერი გინახავთ სადმე? რაც უფრო დიდი ზომისაა მთავრობა და მისი ხარჯები, რაც უფრო დიდი დოზით ერევა მთავრობა ჩვენს ყოველდღიურობაში და მზრუნველი დედის ამპლუიდან პატერნალიზმით და პროტექციონიზმით არის დაკავებული, მით უფრო ნელა იზრდება ეკონომიკა, მით უფრო ნელა იზრდება ადამიანების თავისუფლებისა და შესაბამისად პასუხისმგებლობის დონეც, რადგან მემარცხენე მთავრობების მიერ თავს მოხვეული "საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა" და პატერნალიზმით, თავში გვიტენიან, რომ ჩვენ არ ვართ ზრდასრული, ჩამოყალიბებული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ცხოვრება, ბიუროკრატებზე უკეთესად დაგეგმონ და განკარგონ.

ახლაც არ გჯერათ?

ისევ ილიას მოვიშველიებ, როგორც უდიდეს ქართველ განმანათლებელს: 

საცა თავისუფლება არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა.

"მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენი ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა".-წერდა ილია.

"ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის - უძრავი ქონებაა თუ მოძრავი - რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა".

"პროტექციონობის მიზანია შინაურს საქონელს მოპირისპირე მოაცილოს ბაზარში და თვით სხვა ამ ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს... გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ასეთი პოლიტიკა ანდერძაგებულია და დაწუნებული", - ილია ჭავჭავაძე, სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა

„საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას".

ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად.

მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მე მჯერა რომ ჩვენი ერის მამა - ილია (II არა, მართალი) მართლა მართალი იყო და აუცილებლად უნდა დავუჯეროთ, თუ გვინდა, რომ ამ ნეხვიდან ამოვიდეთ, სუნი აღარ გვაწუხებდეს და ღირსეულად ვიცხოვროთ.

ავტორი: დავით გაგუა

კომენტარები