სიახლეები

საქართველოს დაბადებაზე

"პროცესის" პირველი ათეული (უკვე თერთმეტი) ეთერში გავიდა. მაყურებელმა მოისმინა ათი განსხვავებული ისტორია, მოყოლილი ათი განსხვავებული ადამიანის მიერ.

ათივე ამბავი ისტორიის ერთ პერიოდს აღწერს, ოღონდ სხვადასხვა თვალიდან და რაკურსიდან დანახულს.
ვგრძნობ, ჯერ კიდევ მიჭირს 80-90-იანი წლების საქართველოს სრული სურათის დანახვა, მაგრამ კონტურებს ვხედავ და ამ ეტაპზე, ერთადერთი, რისი სრულად დაჯერების უფლებასაც ვაძლევ თავს, არის ის, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ყოველი მათგანის თვალიდან სხვადასხვანაირად ჩანს ის რეალობა, რომელშიც მათ უწევდათ მოქმედება.

ყველა სხვადასხვანაირად მომზადებული, უფრო სწორად, მოუმზადებელი შეხვდა იმ რეალობას, რომელიც იყო საქართველოს უახლეს წარსულში.

ამიტომ, ჯერ ძალიან ადრეა მსაჯულობა და მტყუან-მართლის გარჩევა. ამ ქვეყანაში არავის მოუსმენია ყველა მხარისთვის.

გადაცემაში ბევრი რამე საჯაროდ პირველად ითქვა, ბევრმა ადამიანმა შეცდომებიც აღიარა და მოიბოდიშა.

გადაცემის მთავარი წარმატება ის არის, რომ სტუმრებმა სცადეს გულწრფელად ელაპარაკათ.
თუმცა, ვგრძნობ, რომ გადაცემებს რაღაც მაინც აკლია, თითქოს ცალ-ცალკე ისტორიებია, რომელიც არ უკავშირდება ერთმანეთს.

სინამდვილეში კი პირიქითაა, მოყოლილი ისტორიები ერთსა და იმავე რეალობას აღწერს. რეალობას, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად ხედავს და ჩემი აზრით, ამიტომაც არ გვესმის ერთმანეთის.

ათი ისტორია კი, უკვე გვაძლევს საშუალებას, გამოვთქვათ მოსაზრებები და შთაბეჭდილებები. წინასწარი დასკვნა-ვარაუდები გავაკეთოთ და სამსჯელოდ გამოვიტანოთ.

მგონი სწორედ ეს აკლდა პირველ ათეულს, შეფასებითი მსჯელობები და სხვადასხვა სტუმრის მიერ ნათქვამი ფაქტობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან შედარება- გადამოწმება, რათა მაყურებლისთვის მხარეების პოზიციისა და მათ შორის კონტრასტის დანახვა უკეთ იყოს შესაძლებელი.

ვფიქრობ, მე უნდა დავწერო (ან ჩავწერო) ყველა გადაცემაზე მოკლე ბლოგი, რომელშიც აღვწერ ყველა გადაცემასა და სტუმართან დაკავშირებით ჩემს აზრს: რატომ მოვიწვიე სასაუბროდ კონკრეტული სტუმარი;

რა გავიგე მისგან ახალი და რა ითქვა გადაცემაში ადრე ნათქვამი ფაქტის საწინააღმდეგო;
რისი გაგება მაინტერესებდა თითოეული სტუმრისაგან და მოვახერხე თუ არა ეს;
ვხედავ თუ არა ურთიერთკავშირს სტუმრების მიერ მოყოლილ ამბებს შორის;


კარგი იქნება, თუ თქვენც დაწერთ. ამით ძალიან დავეხმარებით ერთმანეთს.
ყველა ბლოგთან დაკავშირებულ დისკუსიაში მივიღებ მონაწილეობას, მოვისმენ შენიშვნებს და მივიღებ რჩევებს.

ვფიქრობ, ასე უფრო ადვილად შევძლებ საქართველოს უახლეს წარსულში არსებული რეალობის მოზაიკის შევსებას, ,,პროცესი“-ს მაყურებელთან ერთად.

პატივისცემით:

იაგო ხვიჩია

კომენტარები