სიახლეები

პარასკევია დღესაო, ანუ მიწათმოქმედება თბილისში

საქართველო ოდითგანვე მიწათმოქმედი ქვეყანა იყო. მართალია, არცთუ ისე დიდი მიწები გვაქვს, ვერც ისეთი მოსავალი მოგვყავდა, რომ მსოფლიო გაგვეოცებინა და ამით ბევრი ფული გვეშოვა, მაგრამ მაინც არ ვიშურებდით ძალ-ღონეს და მიწას ვჩიჩქნიდით.

რაც არ უნდა გვაგინოს ახალგაზრდებს ძველმა თაობამ, მათ არაფრით ჩამოვრჩებით და ჩვენც მივყავით ხელი მიწათმოქმედებას, ძირითადად თბილისში და ძირითადად პარასკევს.

ასეა, ვთესავთ ფულს კრიპტომატში და ვიმკით "დრაგებს" მიწაში. თუ ვინმე იკითხავთ, რატომ ვჩიჩქნით მიწას, გეტყვით - მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერი ტიპისა და ოდენობის "დრაგის" შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე სახელმწიფო რვიდან ოც წლამდე პატიმრობას გვისჯის. მეტად გასაგები რომ იყოს, სახელმწიფო გვსჯის იმ ქმედებისთვის, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული ან მომჩივანი.

პირველ რიგში, ჩამოვთვლი დანაშაულთა სიას, რომელიც იმაზე ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე MDMA-ს ან LSD-ის მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული, შემდეგ კი უფრო ფართოდ გავშალოთ თემა.

მუხლი 108. განზრახ მკვლელობა:
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა:
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 126. ძალადობა:
სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 137. გაუპატიურება
გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით:
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

მუხლი 140. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან:
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 143. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი):
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე,

მუხლი 1441. წამება:
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით.

მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში:
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ამ ფაქტზე ჯერ არავინ დასჯილა.

მუხლი 179. ყაჩაღობა
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მუხლი 232. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება:
ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება:

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 323. ტერორისტული აქტი:
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.მუხლი 323.

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ სხვაობის დასანახად ზემოჩამოთვლილი დანაშაულებიც საკმარისია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო მკვლელებს, პედოფილებს, მოძალადეებს, ყაჩაღებსა და ტერორისტებს უფრო წყალობს, ვიდრე დრაგების მომხარებლებს. წყალობაში პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მკვლელებიც იგულისხმებიან.

რატომ გვინდა დრაგები?

პასუხის გაცემას კითხვის დასმით დავიწყებ - რატომ გვინდა ალკოჰოლი ან ყავა? ორივე იწვევს დამოკიდებულებას და ალკოჰოლი ნარკოტიკულ საშუალებებზე არანაკლებ მავნებელია.

ადამიანი, რომელიც ბევრს სვამს, ლოთია და ვნებს საკუთარ თავს, არავინ იჭერს.
ადამიანი, რომელიც დამღლელი დღის ბოლოს 1 ჭიქა ღვინოს მიირთმევს, ნორმალურად ითვლება და არავინ იჭერს.
ადამიანი, რომელიც პარასკევს ბევრს სვამს ბარში, ითვლება ნორმალურ ადამიანად და არავინ იჭერს.

ადამიანი, რომელიც ბევრ ნარკოტიკს მოიხმარს, ნარკომანია და ციხეში სვამენ.
ადამიანი, რომელიც დამღლელი დღის ბოლოს 1 "ჯოინთს" მოწევს, ნარკომანია და ციხეში სვამენ.
ადამიანი, რომელიც პარასკევ საღამოს სტიმულატორს იღებს განტვირთვისა და ცეკვისთვის, ნარკომანია და უშვებენ ციხეში.

ეს არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოკლე შედარება. ორივეს მიღების შემთხვევაში გარკვეულწილად ვზიანდებით, მაგრამ სასჯელი პირველ შემთხვევაში საერთოდ არ არსებოს და არც უნდა არსებობდეს. თუმცა, გაუგებარია, რატომ არსებობს ის ნარკოტიკების შემთხვევაში.

რატომ გვინდა ლეგალიზაცია?

ამ კითხვაზეც იმავე პასუხს გაგცემდით, რომ არა ერთი ძალიან კარგი და წარმატებული ქვეყანა პირინეის ნახევარკუნძულზე, რომელსაც პორტუგალია ჰქვია. 1920 წლიდან პორტუგალიაში, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ავტორიტარული მმართველობა იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელები მკაცრად მორწმუნე და კონსერვატორი ერია, ამით კი ეს ქვეყანა გარკვეულწილად საქართველოს ჰგავს.

ჩვენ მსგავსად, პორტუგალიასაც დემოკრატიის არც თუ ისე დიდი გამოცდილება ჰქონდა, როცა ნარკოტიკების მოხმარების რეალური პრობლემის წინაშე დადგა. პროცესი 1970 წლიდან დაიწყო და თითქმის 30 წლის განმავლობაში პორტუგალიაში არ არსებობდა ოჯახი, სადაც მინიმუმ ერთი წევრი მაინც არ იყო ნარკოდამოკიდებული. ზედოზირებით გარდაცვლილთა რიცხვი 2000 წლის ბოლოს მილიონ ადამიანზე 104-ს შეადგენდა, შიდსის ახალი შემთხვევები კი 624-მდე ადიოდა. მთავრობამ დაიწყო მომხარებლების დემონიზაცია, მათთან სიახლოვე ისჯებოდა მორალურად და სამართლებრივად, თუმცა სურათი მხოლოდ უარეობისკენ იცვლებოდა.

2001 წელს პორტუგალის მთავრობის მიერ ყველა ნარკოტიკული საშუალება დეკრიმინალიზდა, რამაც შესამჩნევი შედეგი გამოიღო. მაგალითისთვის, 2015 წელს, მილიონ ადამიანზე, ზედოზირებით გარდაცვალების, 4 შემთხვევა დაფიქსირდა, შიდსის ახალი შემთხვევები 2013 წელს 74-მდე ჩამოვიდა, ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი კი საგრძნობლად შემცირდა.

ფაქტები ჩემი დასკვნების გარეშეც მეტყველებენ, მაგრამ თუ მკითხავთ, აქ დეკრიმინალიზაცია წერია და შენ ლეგალიზებას რატომ ითხოვო, შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩემი პასუხი, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შედარებაზე.

რა გვიშლის ხელს?

სახელმწიფოს მკაცრი ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე ბაზარზე ყველა სუბსტანციის დეფიციტია, მაგრამ მოთხოვნა არსებობს, არალეგალური გზებით შეძენა კი არცთუ ისე მარტივია, რაც თავის მხრივ "დრაგების" წარმოუდგენლად მაღალ ფასს გვაძლევს (ბაზრის პრინციპია, რაც უფრო ნაკლებია პროდუქტი, მით მეტია ფასი). მიუხედავად წნეხისა, არალეგალური გზებისა და დეფიციტისა, სისტემა მაინც მუშაობს და ეს იცის ყველამ, მათ შორის შსს-ს შუშებიან შენობაშიც და უფრო მეტიც, ისინი «კრიშავენ» ბარიგებს შესაბამისი წილის სანაცვლოდ. ეს გონივრული ეჭვია, ოღონდ იმაზე მეტად გონივრული, ვიდრე "მენტების" მიერ ხალხის უაზრო ჩხრეკა ასევე გონივრული ეჭვის საფუძვლით.

როგორც კი დეკრიმინალიზაციაზე დაირხევა ხმა, ეს კრიშები ბაზარზე შემოყრიან ხოლმე ბინძურ დრაგებს, რომელიც სიკვდილს იწვევს. საზოგადოება უმალვე ყვირის, რომ ნარკოტიკები კლავს, იდეა კი დასაწყისშივე სამარდება. თუმცა, მგონი დროა იცოდეთ, რომ ნარკოტიკები კი არა შსს კლავს, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც და თუ არ იცით ამის შესახებ, ან არ გახსოვთ, ან ფაქტები გნებავთ, დემურ სტურუა დაგუგლეთ.

ასე რომ, სანამ ეს ნაგავი კრიშები ჯიბეს ისქელებენ ჩვენი სიკვდილის ხარჯზე, არაფერიც არ გვეშველება!

არსებობს ემოციური ნაწილი:

1) მოგეწონებათ თქვენი შვილი ნარკოტიკებს რომ იღებდეს?

არ ვიცი, რატომ მოგწონთ, როცა თქვენი შვილი ალკოჰოლს სვამს ან სიგარეტი უჭირავს ხელში, თქვენ ფოტოს უღებთ და მერე სოც. სივრცეში ათავსებთ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რა არ მოგეწონებათ – თქვენს შვილს დალევის გამო რომ ციხეში მიაქანებდნენ და თქვენს შვილს დრაგების გამო რომ ციხეში გააქანებენ რვიდან ოც წლამდე ვადით. გამოსავალი არის არა დაჭერა, არამედ პირადი საუბრები მშობლებსა და შვილებს შორის, რადგან სახელმწიფო მშობელზე უკეთესი აღმასრულებელი ვერ იქნება.

ზედოზირებით სიკვდილი?

თუ ზედოზირების ჭრილში გადავიყვანთ საუბარს, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ ზედოზირებით გარდაცვალება შეიძლება გამოიწვიოს წყალმა, ყავამ, ანალგინმა, ციტრამონმა, საჭმელმა, ალოკოჰოლმა და ბევრმა ისეთმა პროდუქტმა, რომელიც სრულიად ლეგალურია.

პირადი გამოცდილება.

ხშირად უთქვამთ, რაც არ იცი, იმაზე ბოლომდე გულწრფელად ვერასდროს ისაუბრებო. წელს პირველად გავსინჯე ერთ-ერთი სტიმულატორი. მართალია, მე მიწის თხრა არ მომიწია, მაგრამ მოსავალი ნამდვილად კარგი გამოდგა, სიყვარული, ცეკვა და ბედნიერება მოდიოდა ერთდროულად, გარშემო ყველას ვეხუტებოდი, ენდორფინების ზღვაში ვიყავი ჩავარდნილი და მინდოდა, არასდროს დასრულებულიყო. ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია გაიაზრო, რომ ამის გამო ხალხს იჭერენ. ძალიან ბევრი ლამაზი და კეთილი ახლაგაზრდა ცეკვავს, ბედნიერია, ამ დროს კი სახელმწიფო მოდის და გიჭერს, ამის პარალელურად კი ბარები სავსეა, ადამიანები სვამენ და ერთობიან (არ ვითხოვ რომ ალკოჰოლი გახდეს კრიმინალი), თუმცა მათთან არავინ მიდის და არბევს.

რა უნდა გავაკეთოთ?

ყველამ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გამოვჩნდეთ, ხმა ამოვიღოთ და ვთქვათ, რომ ჩვენც მოვიხმართ, ან მოგვიხმარია, ან მომავალში გავსინჯავთ და ეს არ არის დანაშაული. 1 ან 2 ადამიანი კარგია, მაგრამ ბევრი ადამიანი უკვე შედეგის მომცემია - გაიხსენეთ "გირჩის" ოფისში მარიხუანას დარგვის აქტი, ფეხებიც ვერ მოჭამეს!

ადამიანების წინააღმდეგ სისტემა ვერაფერს იზამს, ყველა სისტემას ეშინია ადამიანის და თავად იქამდე ეცდებიან ჩვენს შეშინებას, სანამ არ გავიაზრებთ, რომ მათი რეპრესიები ჩვენდამი შიშითაა გამოწვეული, რადგან ,,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაას’’ პრინციპი მოქმედებს.

ახლა საჯაროობის დროა!

ავტორი: ნიკა კეკუტია

კომენტარები