სიახლეები

ესტონეთის ეკონომიკური სასწაული (ნაწილი II)

ესტონეთის რეფორმატორი პრემიერ-მინისტრის, მარტ ლაარის ცნობილი წერილი "ესტონეთის ეკონომიკური სასწაული" (1-ლი ნაწილი)

(ნაწილი II)

საჯაროობა

რეფორმისას პირველი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი იყო. პირველ ეტაპზე მთავრობის ამოცანები შედარებით მარტივი და, უმეტესად, არსებული რთული ვითარებით განპირობებული იყო. მეორე ეტაპზე არჩევანის თავისუფლება და ამით გამოწვეული შედეგები გაიზარდა. პირველ ეტაპზე მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა ნებისმიერ პატარა გუნდს შეეძლო, რეფორმების ზემოდან ქვემოთ განხორციელების გზით. თუმცა, მეორე ეტაპზე წარმატების მიღწევა მიმდინარე პროცესებში უფრო მეტი ხალხის ჩართვას, მათი გულის მოგებასა და დამოკიდებულების შეცვლას მოითხოვდა.

მაკროეკონომიკის სტაბილიზაციის შოკურმა თერაპიამ ხალხი გამოაფხიზლა - ისინი მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ. ამ (მეორე) ეტაპზე საჭირო იყო მათვის იმედის, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დანახვება. დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილების გარეშე პოსტკომუნისტური სირთულეები მახედ გადაიქცეოდა და ხალხი ვერც წინსვლას შეძლებდა იმისათვის, რომ ესტონეთი კანონის უზენაესობას დაქვემდებარებული, თავისუფალი მთავრობისა და თავისუფალი ბაზრის მქონე „ნორმალურ“ ქვეყნად ქცეულიყო.

საბჭოთა კავშირის მიერ თავსმოხვეული სოციალიზმის გამო ხალხი დამოუკიდებელ აზროვნებას, ინიციატივის გამოჩენას და რისკზე წასვლას შეჩვეული არ იყო. ბევრს დასჭირდა იმ ილუზიიდან გამოყვანა, რომ მათი პრობლემები სხვებს უნდა გადაეჭრათ, 

ბევრს დასჭირდა იმ ილუზიიდან გამოყვანა, რომ მათი პრობლემები სხვებს უნდა გადაეჭრათ, რაც პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი. საჭირო იყო ხალხის დამუხტვა, ამოძრავება, დაძალება, რომ გადაწყვეტილებები თავად მიეღოთ და პასუხისმგებლობაც ეწვნიათ.

მთავრობამ გამოაცხადა, რომ მხოლოდ იმათ დახმარებას შეძლებდა, ვინც დამოუკიდებლადაც იმუშავებდა. ეს პრინციპი არაპოპულარული აღმოჩნდა, მაგრამ მან ხალხის დამოკიდებულების ცვლილებას შეუწყო ხელი. 

ამ მიზნების მისაღწევად ესტონეთს უნდა გამოენახა გზა იმისათვის, რომ ხალხს ბიზნესის წარმოების სხვადასხვაგვარი შესაძლებლობა მისცემოდა. ჩვენ მივხვდით, რომ ამ შესაძლებლობების შექმნისათვის საჭირო იყო მსოფლიო ბაზრისათვის კარის გაღება, კონკურენციის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ადამიანთა დიდ ნაწილს ამგვარი ღიაობა აშინებდა. ამიტომ, მთავრობას მათთვის გზა უნდა ეჩვენებინა.

ესტონეთის მცირე და ღია ეკონომიკა ისტორიულად ვაჭრობას ეფუძნებოდა. საბაზრო ეკონომიკაზე უმტკივნეულოდ და სწრაფად გადასასვლელად ღია ეკონომიკას ბევრი უპირატესობა გააჩნია. ის წარმოქმნის რესურსების გადანაწილებისათვის საჭირო, ბაზარზე ორიენტირებულ რაციონალურ პროცესებს, ნერგავს კონკურენციას, ქვეყანას დასახული პრიორიტეტების შესაბამისად სპეციალიზაციისა და განვითარების საშუალებას აძლევს და გამარჯვებულის გამოვლენის უფლებას მთავრობის ნაცვლად ბაზარს ანიჭებს.

ღია პოლიტიკა გამჭვირვალე გარემოს ქმნის, რაც მწარმოებლებს ბაზარზე მარტივად ორიენტირების შესაძლებლობის მესიჯს აწვდის. ასევე, ის ხელს უწყობს ქვეკონტრაქტული აქტივობების განვითარებას, რაც იწვევს გარდამავალ ქვეყნებში არსებული კვალიფიციური (გამოცდილი), თუმცა დაბალანაზღაურებადი მუშახელის მომსახურებით დაინტერესებას.

ამისათვის, ესტონეთმა სატარიფო და არასატარიფო ბარიერები შეამცირა და ყველა საექსპორტო შეზღუდვა გააუქმა, რამაც ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის ზონად აქცია.

თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, ერთი მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ, როგორც დავინახეთ, სატარიფო დაცვა ძირითადად იმ სექტორებისთვის არის ხელსაყრელი, რომლებიც პოლიტიკურად არი ორგანიზებული და არა იმ სექტორებისთვის, რომლებიც შეიძლება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეს მათ.

ღია პოლიტიკა ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო კონკურენციას, რეკონსტრუქციას და ეკონომიკის ზრდას. ღია პოლიტიკამ ბევრი ისეთი ახალი კომპანია მოიზიდა, რომლებმაც ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული ქარხნები გახსნეს. რასაკვირველია, ამგვარ პოლიტიკას მწვავე პროტესტი, დემონსტრაციები და „ეკონომიკის სტრატეგიული ნაწილებისა“ და „ადგილობრივ მეწარმეთა“ დაცვის მოთხოვნის შემცველი პეტიციები მოჰყვა.

ჩვენ ამ პროტესტს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით და რეფორმებს, რაც შეიძლება სწრაფად ვახორციელებდით. როდესაც ღია პოლიტიკის პირველი შედეგები გამოიკვეთა, რეფორმების უკუქცევა უფრო გაძნელდა. ღია პოლიტიკა მუდამ არაპოპულარულია, მაგრამ არავის სურს იმ სისტემის შეჩერება, რომელიც რეალურად მუშაობს.

გარდამავალი ეკონომიკის მქონე ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ესტონეთი იყო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე სესხის აღება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, როგორიც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდია.

განვითარების ფონდის დახმარება რომ აგვეღო, ვდგებოდით რისკის ქვეშ, ქვეყანა კვლავ ჩამორჩენილთა რიგებში დარჩენილიყო. განვითარების ფონდის დახმარებას შესაძლოა მოძველებული ტექნოლოგიების ან დრომოჭმული რეკომენდაციების ფორმა ჰქონდეს, რაც თანამედროვე ქვეყნებს უკვე აღარ ადგებათ. ასეთი დახმარებები გარდამავალ ქვეყნებს ართმევს შესაძლებლობას,  ჩამორჩენილობა განვითარების პლაცდარმად გამოიყენონ.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვითხოვდით მეტ ვაჭრობას და არა რაიმე სხვა სახის დახმარებას. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა, მაგრამ არც ამისთვის მიგვიქცევია განსაკუთრებული ყურადღება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა გვქონდა. როდესაც ხალხს გადაწყვეტილებას ვაცნობდით, ყურადღება ეროვნულ სიამაყეზე გავამახვილეთ და მათაც მშვენივრად გაგვიგეს.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გარდამავალ ქვეყანებში თითქმის ერთნაირია, მიღწეული შედეგები უკიდურესად განსხვავდება. ქვეყნების ნაწილი ცდილობს უცხოელი ინვესტორი ისეთი სატყუარებით მიიზიდოს, როგორიცაა გადასახადებისგან გათავისუფლება, პრივილეგიებისა და სპეციალური უფლებების შეთავაზება. ამის ალტერნატივა კი ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნაა, რომელიც ადილობრივ და უცხოურ ინვესტიციებს ერთმანეთისგან არ ასხვავებს და ორივეს თანაბარ პირობებს სთავაზობს. 

ესტონეთმა მეორე გზა ირჩია. თავდაპირველად ეს მიდგომა მრავალი დისკუსიის საგანი გახდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციის შეთანხმებაში ეს მიდგომა მკაფიოდ გვქონდა გაწერილი, საკითხი სწრაფად გადაწყდა. როდესაც რამდენიმე წელიწადში დადებითი შედეგები გამოჩნდა, აღარავის სურდა ამ მიდგომის შეცვლა.

მიწის გაყიდვის შესახებ კანონის მიღებამ უცხოელი ინვესტორების უსაფრთხოების უფრო მაღალი გარანტი უზრუნველყო და მათ გაუგზავნა მესიჯი, რომ საკუთრების უფლებაც დაცული იქნებოდა.

ამავდროულად გაუქმდა ზოგიერთი უცხოელი ინვესტორისათვის მიცემული სპეციალური პრივილეგიები, რამაც სტიმული მისცა სხვა სახის ინვესტიციებს. მალევე, 1993-1994 წლებში, ესტონეთი უცხოელი ინვესტორებისთვის თითქმის უცნობი ადგილიდან, მათივე მექად იქცა. მსოფლიოში ესტონეთის რეპუტაციის ამაღლების კუთხით მთავრობის მიერ გაწეულმა სისტემატურმა შრომამ ასევე წაახალისა უცხოეთიდან შემომავალი ინვესტიციები.

ამის შედეგად 1990-იან წლებში ესტონეთმა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა. უცხოური ინვესტიციების დიდმა ნაკადმა შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, შესაძლო გახადა ძველი ქარხნების რეკონსტრუქცია, შემოიტანა ახალი ცნობიერება/ტექნოლოგიები, რამაც ესტონეთი უფრო თანამედროვე და კონკურენტუნარიანი გახდა.

თუმცა, გარდამავალ პერიოდში რეალური წარმატების მისაღწევად ქვეყანამ მხოლოდ მსოფლიოს კი არ უნდა გაუღოს ბაზარი, არამედ საკუთარ ხალხსაც. ასევე აუცილებელია დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შენების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საზოგადოებაში დიალოგისა და პარტნიორობის პრაქტიკის დანერგვა. ფაქტობრივად, ეს სამმხრივი დიალოგი იყო სახელმწიფოს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის. 1992 და 1993 წლებში მთავრობამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის ტიპის პროფკავშირების თავისუფალ პროფკავშირებად გარდაქმნას. ამან წარმოშვა დიალოგი მთავრობასა და ხალხს შორის, რამაც თავიდან აგვაცილა მსხვილი პროტესტები და დემონსტრაციები, განსაკუთრებით, რეფორმის პირველ და ყველაზე მტკივნეულ პერიოდში.

სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მთავრობამ დანარჩენ ორ მხარეს ესტონეთის არსებული ვითარება გააცნო. მნიშვნელოვანი იყო, მოლაპარაკებები ყველაზე რთულ პრობლემებზე ყოფილიყო ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობდა მკაფიო პრიორიტეტების დასახვას. მაგალითად, როდესაც შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უმუშევრობის დაძლევა იყო, უფრო მარტივად გასაგები გახდა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა.

პროფკავშირები მიხვდნენ, რომ პრივატიზაციისას ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა, მაგრამ ეს არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იყო - თუ საწარმოების პრივატიზება და რეკონსტრუქცია არ მოხდებოდა, საბოლოოდ საწარმოებში მომუშავე ყველა ადამიანი დაკარგავდა სამსახურს. პრივატიზაციაზე თანხმობის სანაცვლოდ პროფკავშირებს მიეცათ შესაძლებლობა, პრივატიზაციის სააგენტოსათვის წარედგინათ შეთავაზება, თუ რამდენი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო მათთვის გარანტირებული ახლად პრივატიზებულ კომპანიებში. ეს იყო საპრივატიზაციო შეთანხმებაზე მათი დაყოლიების ერთგვარი პირობა.  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პროფკავშირებისთვის იმის გასაგებად ახსნას, რომ მათ ძალაუფლებასთან წვდომის რეალური შესაძლებლობა ეძლეოდათ და მთავრობასა და პროფკავშირებს შორის რეგულარული დიალოგი დაინერგებოდა.

ამ ნაბიჯების გადადგმამ სტიმული მისცა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. რამეთუ გამოიწვია მენტალიტეტისა და მიდგომების ფუნდამენტური ცვლა. ხალხი საკუთარი, დამოუკიდებელი აზრის გამოთქმას და გადაწყვეტილებების მიღებაზე არსებითი ზემოქმედების მოხდენას მიეჩვია. ისინი მიხვდნენ, რომ მათი მომავალი მათივე აქტიურობაზე იყო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობა მაშინაც კი, როდესაც ისინი რეფორმატორი მთავრობის კრიტიკოსებად გვევლინებიან. პრესის თავისუფლება თანამედროვე საზოგადოების არსებითი ნაწილია - მის გარეშე საზოგადოებას ფუნქციონირება არ შეუძლია. დემოკრატიის დამყარება საზოგადოების ყველა ფენაში აუცილებელია წარმატებული გარდაქმნის მისაღწევად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაქმნის დადებითი შედეგები საწინააღმდეგო მიმართულებით აღარასოდეს შემოტრიალდება.

კანონის უზენაესობა

რადიკალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელება შეუძლებელია ეკონომიკური სივრცის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ კანონის უზენაესობა მუდამ იყო და დღესაც თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი საყრდენსა და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ზოგიერთ გარდამავალ ქვეყანაში დროულად ვერ მიხვდნენ მის მნიშვნელობას. ზოგს სჯეროდა, რომ არსებითი რეფორმების განხორციელება სათანადო კანონმდებლობის გარეშე, მხოლოდ მთავრობის დადგენილებების საფუძველზეც მოხერხდებოდა ან, უბრალოდ, ძველი სტრუქტურები თავისით დაიწყებდა დაშლას ახალი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების შექმნის გარეშე.


სამწუხაროდ, ზოგიერთ გარდამავალ ქვეყანაში პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ მკაფიო კანონმდებლობის შექმნისა და მთავრობის მიერ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციის გარეშე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სასწაულებრივად შექმნიდა მეტ დოვლათს. ხშირად ისინი არასათანადო ყურადღებას უთმობდნენ მთავრობის განახლებასა და გაძლიერებას (გაზრდის ნაცვლად)


თუმცა, მხოლოდ კარგი კანონმდებლობა არ კმარა. ყველა გარდამავალმა ეკონომიკამ უნდა შექმნას ეფექტური და მოქმედი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ახალ კანონმდებლობას ქაღალდიდან პრაქტიკაში გადაიტანენ. ფორმალური სამართლებრივი სისტემები კანონმდებლობის პირველად ინტერპრეტაციას და სისრულეში მოყვანას მოსამართლეებს, პროკურორებს, არბიტრებს, სასამართლო მოხელეებს და კერძო სამართლის სპეციალისტებს აკისრებს. ამ სისტემების განვითარება და დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებისთვის. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ეფექტური საზოგადოებრივი სამსახურების შექმნას.

კანონის უზენაესობის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან, გარდამავალი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მანკიერებასთან, ბრძოლაში.

კორუფცია ყვავის მაშინ, როდესაც სახელმწიფო მოხელეები ან კერძო პირები ქრთამის აღებით უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე დანაკარგს. სწორედ ასეთ ვითარებას ვაწყდებით გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობაში. ბუნდოვანი ან გაუმჭვირვალე წესები, მკაცრი რეგულაციები და ყოვლისმომცველი კონტროლი ოფიციალურ პირებს დიდ ძალაუფლებას, ქრთამის აღების მრავალ შესაძლებლობას და საზოგადოებრივი სიმდიდრის მითვისების ფართო მასშტაბს სთავაზობს.

ესტონეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა საბაზრო ეკონომიკის რეფორმირება, სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის განვითარებაა.

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ეკონომიკაში კონკურენციას ზრდის, კორუფციული ქმედებების ჩადენის მოტივაციას ამცირებს.

საგარეო ვაჭრობაზე კონტროლის შემცირება, კერძო მრეწველობაზე შემზღუდველი ბარიერების მოხსნა და სახელმწიფო კომპანიების იმგვარი პრივატიზაცია, როგორიც კონკურენციას წაახალისებს, ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას. იმ შემთხვევაში, თუ კანონები გამჭვირვალე და ნათელია, თუ სახელმწიფოს არ აქვს უფლებამოსილება, გასცეს ბიზნეს ლიცენზიები და შეზღუდოს ექსპორტი/იმპორტი, ამ სფეროებში ქრთამის აღების შესაძლებლობაც ქრება.  სუბსიდიების, „რბილი“ სესხების და სხვა მსგავსი პრივილეგიების გაუქმებაც აქრობს მექრთამეობის სტიმულს.

ამგვარი მეთოდებისა და მიდგომების საშუალებით ესტონეთი წარმატებით ებრძოდა კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. ეროვნულ ეკონომიკაში კონკურენციისთვის გზის გახსნა და რეალური რეფორმების განხორციელება საუკეთესო გზაა კრონი კაპიტალიზმის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია სათანადო ყურადღება და რესურსები დაეთმოს სამართლებრივ რეფორმას, კანონმდებლობისა და პოლიციის რეფორმას და ეფექტური, გამჭვირვალე ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის პირველ წლებში ეს სფეროები შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდეს. ჩვენ ეს საკითხები რეფორმის პრიორიტეტულ სიაში შევიტანეთ, რის შედეგადაც ესტონეთი გარდამავალ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნად იქცა და კორუფციის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს ვიდრე ევროკავშირის სხვა წევრებს.

და ბოლოს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბანკო რეფორმა. ბანკები ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. თუ იქ ორგანიზებული დანაშაული დაიმკვიდრებს ადგილს, მალე ის მთელ ქვეყანაში გავრცელდება. ფულის გათეთრება, შავი ფულის მიმოქცევა და ყველა სხვა სახის მანკიერი ოპერაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩამოშორდეს საბანკო სისტემას. მთავრობა უაღრესად ფხიზლად და შეუდრეკლად უნდა იდგეს ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან ბნელი წარმომავლობის ფულს მუდამ ბნელი ხალხი მოსდევს.

ესტონეთმა ყველა სახელმწიფო ბანკი გააუქმა, რამაც ბუნებრივად წარმოშვა მოთხოვნა კერძო ბანკებზე. ბანკები ერთმანეთთან კონკურირებდნენ და მთავრობა მათი გაკოტრების ბუნებრივ პროცესს ხელს არ უშლიდა.

ასეთი გამჭვირვალე დამოკიდებულების გამო ესტონეთს ყველაზე ეფექტური და არაკორუმპირებული საბანკო სისტემა აქვს ევროკავშირის ახალ წევრ-ქვეყნებს შორის.  

საკუთრების რეფორმა

ეკონომიკური გარდაქმნის ფუნდამენტი კერძო საკუთრებაზე დამყარებულ სისტემაზე გადასვლაა. კერძო საკუთრების გარეშე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელია. უსაფრთხო, საკუთრების უფლების მაღალი გარანტიების მქონე თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მათ შორის: საკუთრების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნება, არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და კერძო ბიზნესის ხელახლა წარმოქმნა. რეფორმატორებისთვის მთავარი პრივატიზაციის მასშტაბი კი უნდა იყოს, არამედ ის, თუ როგორ და როდის უნდა მოხდეს პრივატიზაცია.

რეალურად, პრივატიზაცია არასდროს არის პოპულარული. მას ხმები არ მოაქვს. შესაბამისად, პრივატიზაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განხორციელდეს. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დრო პრივატიზაციისას არ არის, მით უმეტეს, რომ ისინი ყველა შემთხვევაში მის წინააღმდეგი წავლენ.

საკუთრების რეფორმას და პრივატიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთრების უფლების გარეშე ეკონომიკაში არსებითი რეფორმა ვერ გატარდება. ეს ორი რეფორმა აუცილებელი წინაპირობაა ბაზრის ფუნქციონირებისთვის და ერთადერთი გზა ხალხისა და ბიზნესის დამოკიდებულების შესაცვლელად, რამეთუ ის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცვლილებების დასაწყებად იძლევა ბიძგს. რეალურად, პრივატიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანა მოგების მაქსიმიზაცია კი არ არის, არამედ ეკონომიკური  ცვლილებების ამ მიმართულებით იმპლემენტაცია.

ამ მიზნის მისაღწევად, ამავდროულად, საჭიროა საკუთრების უფლების დაცვის მკაფიო გარანტიებისა და სათანადო სამართლებრივი პირობებისა და ინსტიტუტების შექმნა. არ უნდა არსებობდეს საკუთრების კანონმდებლობის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. თუმცა, ამ ამოცანის შესრულება არ არის მარტივი, რადგან ქონებრივი ურთიერთობები კანონმდებლობის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ასეთი კანონები მყისიერად არის მისაღები, რათა ძველი ქონებრივი ურთიერთობები წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ახალთან.

ესტონეთში კანონი საკუთრების რეფორმის შესახებ  პირველად 1992 წლის დასაწყისში მივიღეთ. მასში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვამახვილებდით კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული და ნაციონალიზებული ქონების თავდაპირველი, კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ საკუთრების დაბრუნება შეუძლებელი იყო, ხალხს კომპენსაციას ვაძლევდით, თუმცა არა ფულის, არამედ საპრივატიზაციო ვაუჩერების სახით. ამ ვაუჩერებით მათ პრივატიზებული კომპანიის ან მიწის მინორიტარული წილის ყიდვა შეეძლოთ. დარჩენილი ქონების პრივატიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, თუ კონკრეტულად რა ქონება უნდა დაბრუნებოდათ კანონიერ მფლობელებს. მიწისა და ბინების პრივატიზაცია ხალხისათვის დარიგებული ვაუჩერების მეშვეობით მოხდა. ამის შედეგად უამრავი ადამიანი გახდა კერძო საკუთრების მფლობელი.

ეს რთული პროცესი იყო. მემარცხენე პარტიები მწვავედ აპროტესტებდნენ ამგვარი ზომების გატარებას და მიტინგებს მართავდნენ, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე შევინარჩუნეთ და პროცესი დავაჩქარეთ. მას მერე, რაც ადამიანები მესაკუთრეები გახდნენ, ამ პროცესის უკუქცევა მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ იქნებოდა შესაძლებელი. როგორც ყველა სხვა ტიპის რეფორმისას, სისწრაფეს საკუთრების რეფორმის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს ისეთი კანონების მიღებაა საჭირო, რომლებიც საკუთრების უფლების დაცვას არა მხოლოდ თეორიულად უზრუნველყოფს, არამედ პრაქტიკულადაც.

მსხვილი ობიექტების პრივატიზაცია ესტონეთის საპრივატიზაციო სააგენტომ (Estonia’s Treuhand) ღია აუქციონზე განახორციელა. უმეტეს შემთხვევაში თითოეული კომპანიის საკონტროლო პაკეტი ერთ მთავარ მყიდველს გადაეცემოდა, რითაც კომპანიებმა ლეგიტიმური მფლობელები შეიძინეს და, ამავდროულად, შესაძლებელი გახდა იმის უზრუნველყოფა, რომ პრივატიზაციაში ყველას მიეღო მონაწილეობა. პრივატიზაციის მიზანი მთავრობისთვის მოგების მოტანა კი არა, საჭირო ინვესტიციების და პრივატიზებულ საწარმოებში დროის გარკვეულ პერიოდში მუშათა მცირე რაოდენობის უზრუნველყოფა იყო. ასეთი პოლიტიკის შედეგად პრივატიზაციამ უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაიარა და ესტონეთი მესაკუთრეთა ქვეყნად იქცა.

თარგმანი: მარიამ ივანიძე

კომენტარები