სიახლეები

279 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ცეკას მდივანს კი არა, საბჭოთა კავშირს უნდა ვებრძოლოთ!

დროა, თვალი გავახილოთ - ვცხოვრობთ საქართველოს სსრ რესპუბლიკაში, საბჭოთა ცეკას მდივნებით, საბჭოთა პოლიციით, პროკურატურით და სასამართლოთი. რეალურად არც კი გვინდა გამოღვიძება. თუ ვიღვიძებთ, იმისთვის რომ ყველანი გავერთიანდეთ საბჭოთა ცეკას მდივნის ჩამოსაგდებად. მერე რა უნდა ვქნათ? ახალი ცეკას მდივანი უნდა მოვიყვანოთ? 

- ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“, 20 სექტემბრის აქციაზე #სირცხვილია საკუთარი სიტყვით გამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ამბობს, რომ საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე ისევ საბჭოთა სისტემა მოქმედებს და ქვეყანასაც „ცეკას მდივნები“ მართავენ.

საბჭოთა სისტემაა, რომელიც ადამიანებს უყურებს როგორც ცხვრების ფარას, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება არ არის ადამიანი. მისი ხატი ვინ იქნება, რეალურად, ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. გახარია იყო გუშინწინ, გუშინ დანიშნეს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი და რა, რეიდებით არ დაიწყო ენერგიულად?

პოლიციელები გვყავს ხალხის სხეულზე მოფათურეებად გადაქცეული. მათ აქვთ დავალება, ხალხს სხეულზე უფათურონ - გააჩერონ უდანაშაულო ადამიანები იმის გამო, რომ შს მინისტრი როგორი მაგარი გვყავს, ეს დაინახოს ხალხმა. ამ მენტალიტეტით საზრდოობს ეს სისტემა. ეს არის რეალურად საბჭოთა სისტემა.

მე იმის თქმა არ მინდა რომ ანარქისტი ვარ, რომელიც სისტემის დანგრევას მიესალმება და აშ. არა, ჩვენ საბოლოო ჯამში, ყველანი ვრჩებით სისტემაში, მე სხვა სისტემის აგება მინდა უბრალოდ. ეს სისტემა არის რეჟიმი, მიზანი ამ სისტემის იყო, რომ შექმინილიყო ერთი დიდი ციხე, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი.

ამ დიდ ციხეში ყველას უნდა ეშინოდეს წესებისა და იმ ადამიანების, რომლებიც სისტემის თავში დგანან. თუმცა, იმ სისტემის თავში მდგომი ადამიანებიც არიან მონები. ნებისმიერი საბჭოთა გენერალური მდივანიც მონა იყო ჩვეულებრივად, არაფრის უფლება არ ჰქონდა. სინამდვილეში, ეს სისტემა არის ისეთი, სადაც არავინ არ არის თავისუფალი. ყველა მონაა ამ სისტემაში. ყველას ვიღაცის ეშინია იმიტომ რომ ეს სისტემა არის მკვლელი, თავისი ბუნებით. 

ამის ახსნა მინდოდა იმ დღეს აქციაზე #სირცხვილია - მინდოდა ადამიანებისთვის დამენახებინა რომ სისტემა კი არ დანგრეულა, სისტემა გადმოიბარეს იმ პერიოდის მოსამართლეებისგან და პოლიციელებისგან და დასვეს თავიანთი ხალხი. დასვეს ჯერ მაგალითად ედუარდ შევარდნაძე, რა, შევარდნაძე ანტისაბჭოთა ტიპი იყო თავისი შინაარსით?

მერე მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი რომელმაც რა სისტემა ააწყო. არ მჯერა, რომ ის პუტინისგან დაინიშნა, მაგრამ მჯერა, რომ ის თავისი მენტალობით და მმართველობის სტილით და იმითი რაც ააშენა, იყო საბჭოთა მოქალაქე და მან საბჭოთა კავშირი ააშენა თავისი წითელჰალსტუხიანი პროკურორებით, პატრულით და პოლიციით. 

სისტემის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ძალოვნებს, ძალადობასა და ძალადობაზე მონოპოლიას, მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც სტალინმა და ნებისმიერმა სხვა საბჭოთა ლიდერმა, ისე არ ჩაიგდო ხელში და ზუსტად იგივე სისტემა არ ააწყო სასამართლოში, პროკურატურაში პოლიციასა და ა.შ?. 

მერე მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავიდან სწორ მესიჯებს აგზავნიდა მაგრამ როგორც კი მან „შეისწავლა პოლიტიკა,“ დღეს ჩვეულებრივად გყავს ლიდერი რომელიც არის საბჭოთა ცეკას მდივანი ისევე როგორც მანამდე სააკაშვილი იყო, მანამდე შევარდნაძე და ა.შ," - განაცხადა ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ იაგო ხვიჩიამ 20 სექტემბრის აქციაზე #სირცხვილია, საკუთარ სიტყვით გამოსვლაში სწორედ საბჭოთა კავშირზე ისაუბრა და განაცხადა რომ „სისტემა უნდა დაინგრეს“.
 



ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები