სიახლეები

ესტონეთის ეკონომიკური სასწაული

მარტ ლაარი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1992-1994 და 1999-2002 წლებში
7 აგვისტო, 2007 წელი

ესტონეთი ჩრდილოეთ ევროპის პატარა ქვეყანაა, რომელიც ბალტიის ზღვის პირას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს. სამუელ ჰანთინგტონის მიხედვით, ესტონეთი დასავლური ცივილიზაციის საზღვარია - საზღვარი, სადაც ცივილიზაციები ერთმანეთს ეჯახება. ამის გამო, ესტონეთი დიდ ინტერესს იწვევს ისტორიკოსებში, თუმცა, აქაურ ხალხს რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება.


მთელი ისტორიის განმავლობაში, ესტონელებს თავისუფლებისთვის უხდებოდათ ბრძოლა. 1918 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1940 წელს კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის საბჭოთა კავშირმა დაიპყრო. ომის დროს კომუნისტურ ტერორს ვებრძოდით, მაგრამ დავმარცხდით. ოკუპაციის შედეგად ქვეყანამ მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა.


ამის მიუხედავად, არ დავნებებულვართ. როდესაც 1980-იანმა წლებმა ახალი შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენ ის გამოვიყენეთ. ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საბჭოთა იმპერიისგან თავის დაღწევა სცადა და 50 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, 1991 წელს, კვლავ მოიპოვა თავისუფლება.


ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვქონდა, სხვა არაფერი. ესტონეთი საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ გაანადგურა. 1939 წელს ესტონეთში ცხოვრების დონე მეტნაკლებად ისეთივე იყო, როგორც მეზობელ ფინეთში. შემდგომ ესტონეთმა თავისუფლება დაკარგა, ხოლო ფინეთმა, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაკარგვის მიუხედავად, შეძლო თავისუფლების შენარჩუნება.

ორი განსხვავებული პოლიტიკური სისტემის პირობებში არსებობამ ესტონეთისა და ფინეთის განვითარების დონეებს შორის დიდი სხვაობა გამოიწვია. ხალხი ფინეთის ყურის ორივე მხარეს ბეჯითად სწავლობდა და შრომობდა, მაგრამ მხოლოდ ფინეთი ყვაოდა. თავდაპირველად ორივე ერთ დონეზე იყო, მაგრამ 1987 წლისთვის ფინეთში მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 14 370 დოლარს მიაღწია, ხოლო ესტონეთში, ოპტიმისტური გათვლებითაც კი, მშპ მხოლოდ 2 000 დოლარს შეადგენდა.


ამასთანავე, ხშირად თავად კომუნიზმის მოწინააღმდეგენიც კი ვერ ამჩნევდნენ რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც სოციალისტური აზროვნებიდან მომდინარეობდა. ხალხის უმრავლესობა იმედოვნებდა, რომ კომუნისტური ხელისუფლების თავიდან მოშორება და ეკონომიკის გათავისუფლება საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ქვეყანა სწრაფად დაწეოდა დასავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რეალურად რამდენად ჩამორჩენილი და განუვითარებელი იყო კომუნისტური ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება უფრო რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ.

 

შესაძლებლობების ფანჯარა

1992 წლის იანვარში, ესტონეთში ძალიან ციოდა. ქვეყანაში კომუნიზმის დასასრულს ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. მაღაზიები სრულებით დაცარიელებულიყო და რუსულ რუბლს არავითარი ღირებულება აღარ გააჩნდა. 1992 წლისთვის, სამრეწველო პროდუქციამ 30 პროცენტით იკლო - ბევრად მეტით, ვიდრე 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს. რეალური ხელფასები 45 პროცენტით შემცირდა იმ დროს, როდესაც ინფლაცია 1 000 პროცენტს აღწევდა და საწვავის ფასებმა 10 000 პროცენტზე მეტით აიწია.


ხალხი საკვების საყიდლად საათობით იდგა რიგში. პური და რძის პროდუქტები ნორმირებული იყო. იმის გამო, რომ გათბობისთვის გაზი არ გვქონდა, მთავრობამ ქ. ტალინის მოსახლეობის დიდი ნაწილის სოფლებში ევაკუაცია გადაწყვიტა. ერთადერთ მოქმედ „ინსტიტუტს” არაოფიციალური ბაზარი წარმოადგენდა.


ესტონეთი სრულებით რუსეთზე იყო დამოკიდებული, ვინაიდან საგარეო ვაჭრობის 92 პროცენტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ესტონეთს ძალიან ცოტა რამ გააჩნდა, რის გაყიდვასაც მსოფლიო ბაზარზე შეძლებდა. საბჭოთა მმართველობის ეკონომიკამ ესტონეთის ეკოლოგია გაანადგურა, ინფრასტრუქტურა კი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უცხოელ ექსპერტთა უმრავლესობისთვის ესტონეთი მხოლოდ „მორიგი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა“ იყო, რომელსაც უკეთესი მომავლის დიდი პერსპექტივა არ გააჩნდა.


არც თავად ესტონელებს სჯეროდათ უკეთესი მომავლის.

ესტონეთის რეალობასა და მათ წარმოსახვაში არსებულ ნორმალურ ცხოვრებას შორის არსებული უფსკრულის შემხედვარე, ადამიანები მიხვდნენ, რომ პატარა ნაბიჯები საკმარისი არ იყო. ესტონეთს გაბედული, გიგანტური ნახტომი ესაჭიროებოდა.

ამასთანავე, დროის დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა. ქვეყნის ძირფესვიანი რეფორმისთვის სწრაფ მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ 1992 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩატარებულ პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე, ესტონელმა ხალხმა ხმა მისცა მათ, ვინც საბჭოთა წარსულთან კავშირის გაწყვეტის ყველაზე რადიკალური გზა და რეფორმების ყველაზე დამაჯერებელი პროგრამა შესთავაზა.


რეფორმაზე ორიენტირებულ მთავრობას ბევრი დრო არ აქვს აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. ხალხის მიერ პოლიტიკოსებისადმი გამოცხადებულ ნდობასა და იმ ტკივილს, რის გადასატანადაც ისინი მზად არიან, გარკვეული ზღვარი აქვს. ამ ზღვარის გადაკვეთამ რეფორმატორებისა და მათ მიერ გაკეთებული ახალი შეთავაზებების მიმართ სერიოზული უარყოფითი უკურეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. ლ. ბალცეროვიჩი, პოლონეთის ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი არქიტექტორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა „ექსტრაორდინარულ პოლიტიკას”. ბალცეროვიჩის თანახმად, გადატრიალებისთანავე დაწყებულ რადიკალურ ეკონომიკურ პროგრამას მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის მიღების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე დაგვიანებულ რადიკალურ პროგრამას ან არარადიკალურ ალტერნატივას, რომელიც მძიმე ღონისძიებებს ნელ-ნელა გაატარებდა. მისი სიტყვებით:

 მწარე წამლის ერთბაშად მიღება უფრო იოლია, ვიდრე ხანგრძლივად, რამდენიმე დოზად.

ბალცეროვიჩის თეორია ეყრდნობა ვარაუდს, რომ უცხოური ბატონობისგან გათავისუფლება ქვეყანაში განსაკუთრებულ განწყობას და შესაბამის პოლიტიკურ შესაძლებლობებს წარმოქმნის. შესაბამისად, მთავრობას ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ეძლევა, რომლებსაც ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში ვერ მიიღებს.


ამ თვალსაზრისით, კრიზისი იმდენად კრიზისი არ არის, რამდენადაც ხელსაყრელი შესაძლებლობა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების მოკლე მიმოხილვაც კი ცხადყოფს, რომ სოციალური უკმაყოფილების გამოხატვის ინტენსივობასა (მაგ, დემონსტრაციები და გაფიცვები)  და  მიმდინარე ეკონომიკურ პროგრამას შორის, არ არსებობს არავითარი კავშირი. რეალურად, საჭირო გადაწყვეტილებების მიღების დაგვიანებამ შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს, რაც გადაწყვეტილების დროულად მიღების შემთხვევაში არ მოხდება.

რეფორმის დროს დროის ფაქტორი ყველაფერია.


დროულად მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა ქვეყანას უპირატესობა მოუპოვოს და სწრაფი განვითარების შედეგად ელექტორატის უფრო დიდი კმაყოფილება გამოიწვიოს. დაგვიანებული სწორი გადაწყვეტილებები მაინც სწორი გადაწყვეტილებებია, მაგრამ შედეგები ხშირად ისეთივე წარმატებული აღარ არის.


თუმცა, ხელსაყრელი მომენტი დიდხანს არ გრძელდება. ის სწრაფად აძლევს გზას მოწინააღმდეგე პარტიებისა და დაინტერესებული ჯგუფების იმგვარ პოლიტიკას, რომელიც უფრო რეალურია, რაც დამკვიდრებული დემოკრატიის პირობებში სრულიად ბუნებრივია. პარტიები ყოველთვის ცდილობენ შექმნან ისეთი დღის წესრიგი, იდეოლოგიური პროფილი, რომელიც ამომრჩეველთა პრაქტიკულ ინტერესებს უფრო მეტად დაიცავს და დააკმაყოფილებს. ამ პირობებში, რადიკალური გადაწყვეტილებების გატანა ძნელდება და რეფორმის ტემპიც ბუნებრივად კლებულობს.


თუ გარდამავალი ქვეყნები ექსტრაორდინარული პოლიტიკის პერიოდს რადიკალური ეკონომიკური პროგრამების დასაწყებად ვერ გამოიყენებენ, მათ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობა მაინც ეძლევათ, მაგრამ უფრო რთულ ეკონომიკურ პირობებში. ქვეყნებს, რომლებიც ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებენ, მაკროეკონომიკური არასტაბილურობის, გადაჭარბებული და ქაოსური სახელმწიფო რეგულირებისა და მასიური კორუფციის საფრთხე ემუქრებათ.


როგორც წესი, ამ ქვეყნებს მეორე შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ ეძლევათ, რაც ხელისუფლებაში მოსული პარტიები საბოლოოდ დამარცხდებიან. თუმცა, თუ მეორე შანსსაც გაუშვებენ ხელიდან, ძალიან გაუჭირდებათ ხალხის დაყოლიება, რომ უკვე ორჯერ უშედეგოდ გადატანილი ტანჯვა კიდევ ერთხელ გამოიარონ.


იქიდან გამომდინარე, რომ არსებითი რეფორმები შედარებით მოკლე დროში უნდა გატარდეს, მოსამზადებელი პერიოდიც ხანმოკლეა. შესაბამისად, მიღებული კანონები შეძლებისდაგვარად მარტივი უნდა იყოს.  ამავდროულად, კონკრეტული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად საჭირო რესურსებიც შეზღუდულია. ანდერს ასლუნდი გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის კვლევისას, დაბეჯითებით იმეორებს, რომ სწორედ ამ შეზღუდვების გამოა საჭირო სიმარტივე. (Anders Åslund, “Possible Future Directions for Economies in Transition,” in Joan M. Nelson, Charles Tilly, and Lee Walker, eds., Transforming Post-Communist Political Economies (Washington D.C.: National Academy Press, 1998), pp. 455–470.

 

ესტონეთი ცდილობდა ყველა ამგვარი გამოცდილება გამოეყენებინა. ორი მთავარი გაკვეთილი ჩვენივე რეფორმის პროცესში ვისწავლეთ. ერთი ის, რომ ჯერ პოლიტიკაზე უნდა გვეზრუნა და შემდეგ ეკონომიკური რეფორმა გაგვეტარებინა. მეორე კი ის, რასაც კარგად ცნობილი სარეკლამო სლოგანი ამბობს: „Just do it“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელება რეფორმის დასაწყებად და ბოლომდე მისაყვანად, თუნდაც ეს მოკლევადიან ტკივილს იწვევდეს.

პირველ რიგში პოლიტიკისთვის უნდა მიგვეხედა, რადგან რადიკალური რეფორმების გასატარებლად და შესანარჩუნებლად ცვლილებების განხორციელების თაობაზე ლეგიტიმური კონსენსუსისთვის უნდა მიგვეღწია. კონსენსუსი მხოლოდ დემოკრატიის პირობებში, რეგულარული, ანგარიშვალდებული ინსტიტუციონალური სტრუქტურებისა და თავისუფალი და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით მიიღწევა. ამ მომენტიდან წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ნებისმიერი კავშირის გაწყვეტა აშკარად ტოტალიტარულ წარსულთან, მის სტრუქტურებთან და წარმომადგენლებთან.

პირველი ნაბიჯები: მონეტარული რეფორმა და მაკროსტაბილიზაცია

ესტონეთში რეფორმების დასაწყისი ისეთივე იყო, როგორიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში (ე.წ. „გარდამავალ ქვეყნებში”). თუმცა, ზოგ სფეროში შესაძლოა გაცილებით უარესიც კი. ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა რეფორმების დაწყება უფრო ადრე, 1989-1990 წლებში, შეძლეს, ესტონეთში კი ეს პროცესი 1991-1992 წლებში დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ დროის დაკარგვას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ესტონეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად ნადგურდებოდა.

ესტონეთის პირველი რეალური რეფორმა 1992 წლის ზაფხულში გატარებული სავალუტო რეფორმა იყო. საკუთარი ვალუტის შემოღება ესტონეთისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. თავდაპირველად ეს ძალიან შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა. სავალუტო რეფორმის მომხრეები რეფორმის სხვადასხვა გზას გვთავაზობდნენ, თუმცა ყველა მათგანი სამ რამეს ისახავდა მიზნად: აღმოსავლეთიდან მომავალი ინფლაციის ზეგავლენის აღმოფხვრა, მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული გაწონასწორებული სავალუტო კურსის გარანტირება და ნაღდი ფულის კრიზისთან ბრძოლა.


ესტონეთმა სავალუტო რეფორმა 1992 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პირველმა შემოიღო საკუთარი ვალუტა. სავალუტო ბირჟის ფუნქციონირებამ და გერმანულ მარკასთან ესტონური კრონის მიბმამ ვალუტა პირველივე დღიდან სრულად კონვერტირებადი გახადა.

გაცვლითი კურსის ისეთ მყარ ვალუტასთან მიბმამ, როგორიც გერმანული მარკა იყო, ესტონეთის ეკონომიკა უფრო სანდო გახადა.

თუმცა, იმისათვის, რომ სავალუტო ბირჟის არსებობას სარგებელი მოეტანა, ესტონეთს ბიუჯეტიც უნდა დაებალანსებინა. ბიუჯეტის დაბალანსება, როგორც პოლიტიკური სლოგანი, პოპულარული იყო, მისი იმპლიმენტაცია კი – არა. 

თუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში პირველი „შოკური თერაპია“ ფასების გათავისუფლება იყო, რაც ბუნებრივად გამოიწვევდა ფლუქტუაციას, ესტონეთში ამგვარი შოკური თერაპია 1992 წლის ბიუჯეტის დაბალანსება გახდა. ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრაზე ორიენტირება არა მარტო თეორიული თვალსაზრისით იყო სწორი, არამედ პრაქტიკულადაც უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მკაფიოდ მიუთითებდა, რომ სავალუტო რეფორმა წარმატებას ვერ მიაღწევდა, თუ ბიუჯეტი მკაცრად არ გაკონტროლდებოდა.

სწორედ ბიუჯეტის დაბალანსება გახდა 1992 წლის სექტემბერში ახლად არჩეული მთავრობის მთავარი ამოცანა. მთავრობა, რომელსაც „Pro Patria Union“ ედგა სათავეში, იმ ჯგუფებისა და პარტიებისგან შედგებოდა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და, შესაბამისად, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი კომუნისტურ წარსულთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. მთავრობის წევრები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მე, როგორც ესტონეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, 32 წლის ვიყავი, ბევრი მინისტრი კი ჩემზე ახალგაზრდა იყო.

სხვა ახალგაზრდების მსგავსად, არც ჩვენ ვიცოდით რა იყო შესაძლებელი და რა არა, ამიტომ შეუძლებელს ვაკეთებდით.


მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი კოალიციური მთავრობის შექმნით დაიწყო. რადიკალური რეფორმების პროგრამის დაწყება „რიგიკოგუში“ (ესტონეთის პარლამენტი) მტკიცე და სტაბილური უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იყო. უმრავლესობის სიდიდეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან „პრო პატრიას” მთავრობას ერთი ხმის უპირატესობა ჰქონდა. მთავარი იყო, ამ უმრავლესობას ეფექტურად ემუშავა. ამის მისაღწევად კი კოალიციის ყველა წევრს საკუთარი ამოცანა და მთავრობის დღის წესრიგი კარგად უნდა სცოდნოდა.

ამ მიზნის მისაღწევად მთავარ ამოცანად კოალიციური შეთანხმების დადება დავისახეთ, რის შედეგადაც კოალიციის წევრებმა არა მარტო ადგილები გაინაწილეს მთავრობაში, არამედ სამოქმედო გეგმაც ნათლად წარმოადგინეს. კოალიციის ყველა წევრმა მოაწერა ხელი შეთანხმებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის ეკონომიკური რეფორმების ასამოქმედებლად. მაშინაც კი, როდესაც ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებებს მძაფრად უტევდა, ჩვენ მაინც გვყავდა უმრავლესობა პარლამენტში საჭირო კანონმდებლობის მისაღებად.

ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებას რამდენიმე კვირა დასჭირდა. ამ პროცესში ესტონეთს რამდენიმე უცხოური არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრი დაეხმარა, როგორებიცაა ‘heritage foundation’, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ადამ სმითის ინსტიტუტი და შევედეთის „ტიმბრო“. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის პირველ არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა იმავე პარტიების მიერ, რომლებიც ის ის იყო მთავრობაში მოვიდნენ. რეფორმების დღის წესრიგის დიდი ნაწილის წარდგენა და შემდგომი განხილვა სწორედ ამ ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე ხდებოდა, სადაც მოსახლეობას დეტალებს უკეთ აცნობდნენ. სავარაუდოდ, ამ ცენტრების გარეშე მთავრობის სამოქმედო გეგმის სწრაფად და ეფექტურად შემუშავება შეუძლებელი იქნებოდა.

მომზადებულები რადგან ვიყავით, სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაც მოგვეცა.

ბიუჯეტის დაბალანსებას სუბსიდიებისა და მთავრობის ზომის რადიკალურ შემცირება სჭირდებოდა, რაც არაპოპულარული იყო, მაგრამ კოალიციური შეთანხმების წყალობით, რომელიც ბიუჯეტის დაბალანსებას უმნიშვნელოვანეს ამოცანად განიხილავდა, მათი განხორციელება შევძელით. 

ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ოპოზიციის ჩართვაც ვცადეთ, მაგრამ ისევე, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ თანამშრომლობა არ ისურვეს. პირიქით, აქტიურად განაგრძეს საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების წინააღმდეგ ბრძოლა საპარლამენტო ბარიერებისა და ქუჩაში გამართული აქციების მეშვეობით. ასეთ ვითარებაში მთავრობას გარანტიები სჭირდებოდა, რომ უმრავლესობიდან ყველა მხარს დაუჭერდა და დრო ზედმეტ დისკუსიებში არ დაიხარჯებოდა.

ერთხელ პარტიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც ის ის იყო იმშობიარა, სამშობიაროდან პირდაპირ პარლამენტში გადავიყვანეთ, რათა მნიშვნელოვანი კანონმდებლობისთვის დაეჭირა მხარი.

რეფორმები ნაწილ-ნაწილ კი არ უნდა გატარდეს, არამედ რაც შეიძლება დიდი დოზებით. პოლიტიკური წინააღმდეგობა დიდი და პატარა რეფორმის დროს ერთნაირია. რამდენიმე თვეში დიდი რაოდენობით საჭირო კანონი მივიღეთ და ბიუჯეტიც დავაბალანსეთ. ამის შემდეგ გამოვეცით კანონი, რომლის მიხედვითაც, ესტონეთის პარლამენტს განსახილველად მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტი შეიძლებოდა წარდგენოდა. ამ მექანიზმმა მთავრობას მისცა იმის საშუალება, რომ მომდევნო წლებში დაბალანსებული ბიუჯეტი უფრო მარტივად გაეტანა. დაბალანსებული ბიუჯეტი ესტონეთის ერთ-ერთი საფირმო ნიშანი გახდა.

ესტონეთმა უპირველეს ამოცანად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა დაისახა.  სავალუტო რეფორმა, მიბმული ვალუტის მკაცრი კონტროლი და დაბალანსებული ბიუჯეტი ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მექანიზმები იყო. მკაცრი ფინანსური შეზღუდვების პირობებში მთავრობა უფრო იოლად წყვეტდა, როგორ უნდა ემოქმედა. ფულის ბეჭდვის ან რამე სხვა გზით ფულის მასის გაზრდის შესაძლებლობის არარსებობის გამო, მთავრობას მხოლოდ ხარჯების შემცირებით შეეძლო ბიუჯეტის დაბალანსება. ბიუჯეტის დასაბალანსებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი შემოგვთავაზა, თუმცა, მთავრობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მომენტი და ესტონეთის მომავალი, სესხების ნაცვლად, რადიკალურ რეფორმებზე აეგო.

ამ ცვლილებების უპირველესი ტალღა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების სუბსიდირების „ცუდ პოლიტიკად“ გამოცხადება და გაუქმება იყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი კერძო კომპანიების განსავითარებლად, რადგან

სუბსიდიები ძველ, ხშირად დრომოჭმულ წარმოების სტრუქტურებს უხანგრძლივებს არსებობას და ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებას უშლის ხელს.

სუბსიდიების გაუქმებამ მარტივი და აშკარა მესიჯი გაუგზავნა საბჭოთა საწარმოო დინოზავრებს: თუ არ ამოქმედდებით, ბაზარზე არსებობას შეწყვეტთ. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, უმრავლესობამ ამოქმედება არჩია.
კოალიციური შეთანხმების განხილვისა და მოლაპარაკებების დროს პარტნიორებთან და საზოგადოებასთან გულწრფელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ რეფორმის პირველი რამდენიმე წელიწადი უაღრესად რთული იქნებოდა, შესაბამისად, პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებიც ასეთი ზომების გატარებას ემხრობოდნენ, იცოდნენ, რაც მოხდებოდა. ამ მიდგომამ კოალიციას სულ მცირე წელიწად-ნახევრის მანძილზე შეუნარჩუნა ერთსულოვნება.

ჩვენს სამთავრობო კოალიციას კარგად ესმოდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩვენ მიერ დასახული გეგმის განხორციელება იყო. საპირისპირო შემთხვევაში, ხალხს მოუწევდა იმ გაჭირვების მოთმენა, რაც უპირობოდ ახლავს თან ეკონომიკის სტაბილიზაციას, თუმცა შედეგს ვერ დაინახავდა.

ესტონეთი განიცდიდა ცხოვრების დონის, სამრეწველო წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მშპ-ს გარდაუვალ ვარდნას. აქედან გამომდინარე, თითოეული წარმატებული ნაბიჯის გადასადგმელად ძველი, არაეფექტური, ხელოვნურად გახანგრძლივებული ეკონომიკის ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის „უხილავი ხელის” დამკვიდრება იყო საჭირო.

1993 წლისთვის ამ ღონისძიებათა პირველი შედეგები დავინახეთ. მაკროეკონომიკური ვითარება სტაბილური გახდა. თუ 1992 წელს ინფლაციის დონე 1000 პროცენტს შეადგენდა, 1993 წელს ეს მაჩვენებელი 89.8 პროცენტამდე, ხოლო 1995 წელს 29 პროცენტამდე, შემცირდა. ეკონომიკამ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ აიღო გეზი და ექსპორტმა სწრაფად იწყო ზრდა. ყველა ამ მაჩვენებელმა რეფორმის მეორე ეტაპზე გადასვლის დიდი შანსი მოგვცა და ესტონეთი გრძელვადიანი და რეალური განვითარების გზაზე დააყენა.

(პირველი ნაწილი)

(II ნაწილი);(III ნაწილი)

თარგმანი: მარიამ ივანიძე

კომენტარები