20 სექ 2019
3388 Views
მეტი თავისუფლება

პატრიარქის დალოცვილთა სია

ახლადდანიშნული პრემიერმინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე დღის წინ საქართველოს პატრიარქს ეწვია. პატრიარქმა დალოცა იგი და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.


„უწმინდესმა გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა“ - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


ეს პატრიარქის მიერ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დალოცვის პირველი შემთხვევა არ არის. პოლიტიკოსები ხშირად ჩნდებიან ხოლმე მის გვერდით და ცდილობენ ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ.

პატრიარქის მიერ დალოცვილი მაღალი თანამდებობის პირების სია

ზვიად გამსახურდია


ილია II 1990 წლის 14 ნოემბერს დაესწრო საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიას, დალოცა სესიის მონაწილეები, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქსა და ზვიად გამსახურდიას შორის დაპირსპირება არსებობდა.


ედუარდ შევარდნაძე


ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, თბილისში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე პირველად სიონის ტაძარში მივიდა, სადაც მალევე მოინათლა კიდეც. მისი ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.



როგორც პატრიარქმა თქვა, ედუარდ შევარდნაძის ნათლობა არ ყოფილა მოულოდნელი და ის ნათლობისთვის დიდხანს ემზადებოდა:

 

 

 

 

მიმაჩნია, რომ ედუარდ-გიორგი შევარდნაძის ცხოვრებაში ნათლობა არ ყოფილა მოულოდნელი მოვლენა. იგი დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა ამისათვის და გადაწყვეტილება უცებ, ერთ დღეში არ მიუღია. სამთავროს დედები იხსენებენ, მცხეთაში მუშაობის დროს როგორ ადიოდა ხოლმე იგი მონასტერში და ყოველნაირად ეხმარებოდა მათ. ბატონი ედუარდი სულ ამბობდა: მე მინდა ეს იყოს გაცნობიერებული, შეგნებული, გულწრფელი, ღვთის რწმენით ნაკარნახევი ნაბიჯიო.


ედუარდ შევარდნაძის ვიკიპედიის გვერდზე წერია, რომ ის მართლმადიდებელი 1992 წელს გახდა.

თუმცა, მიუხედავად პატრიარქისა და ედუარდ შევარდნაძის ასეთი ურთიერთობისა, 2003 წლის 23 ნოემბერს პატრიარქი არ მივიდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე. ეს ის დღეა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, ვარდებით შეიჭრნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

 

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის პირველი ნაწილი გელათის მონასტერში გაიმართა, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტად აკურთხეს. პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიალს ამჯერადაც ილია მეორე მართავდა.

სააკაშვილი ასევე შეხვდა სასულიერო პირებს. როგორც ცნობილია, 2004 წელს ინაუგურაციის შემდეგ სააკაშვილმა ფიცი დავით აღმაშენებლის საფლავთან დადო.

2012 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი ალავერდის ტაძარს ეწვია.

ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი დგას იქ, სა­დაც ხალ­ხს ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს და ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ნუ­გე­ში და თა­ნად­გო­მა.

- გა­ნა­ცხდა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ალა­ვერ­დის ტა­ძარ­ში, სა­დაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­და.

სქართველოს პატრიარქმა ქვეყნის პირველ პირს ალავერდის მონასტრის მარანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად დაათვალიერებინა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიები გააცნო, ხოლო შემდეგ კი ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად დალოცა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ეწვივნენ საქართველოს პატრიარქს, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ პატრიარქს მიხეილ სააკაშვილი უფრო უყვარს.

 

ნინო ბურჯანაძე

2015 წლის იანვარში კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ტაძარში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა. წირვის დასასრულს პატრიარქი ამბიონიდან გამობრძანდა, ნინო ბურჯანაძე დალოცა და წმინდა ნინოს ხატი გადასცა, - ნათქვამია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

ბიძინა ივანიშვილი


წინამორბედებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქმა უკვე სამჯერ დალოცა.

პირველად ეს 2013 წელს მოხდა, როცა ილია მეორემ პრემიერმინისტრი ივანიშვილი ქვეყნისთვის გაკეთებული საქმისთვის დალოცა.

პატრიარქთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან მისული ექსპრემიერი ივანიშვილი 2019 წლის აპრილში ილია მეორემ მეორედ, უკვე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დალოცა.


„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც „ქართუდან“ ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
 

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი მესამედაც, 2019 წლის 9 ივნისს დალოცა.


მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს,-განაცხადა ილია მეორემ.


შეგახსნებთ, რომ 2019 წლის 9 ივნისს მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა.


გიორგი კვირიკაშვილი

პატრიარქის მიმართვა კვირიკაშვილს წინასაარჩევნოდ: თქვენ უყვარხართ და თქვენი სჯერა ხალხს - ასე მიმართა პატრიარქმა პრემიერმინისტრ კვირიკაშილს 2016 წლის 6 აგვისტოს.


პრემიერი კვირიკაშვილი პატრიარქს მისი ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში ეახლა, სადაც ილია მეორის დალოცვა მიიღო. 

ფოტო: on.ge


"თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო მინისტრებო, მე მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი, ძლიერი წმინდანია თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ორჯერ არის ნახსენები ღმერთი ილიახ ელ ელოღიმ და იახბერ - უფალი ჩვენი ღმერთი. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს დალოცვილი იყავით და გაიხარეთ."
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში საპალამენტო არჩევნები იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა. პრემიერი ღარიბაშვილი 2014 წლის 5 აგვისტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდა. 
პრემიერის პრესსამსახურის მიერ მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა პატრიარქთან ერთად მთელი დღე გაატარა. მათ ლარსის გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და დარიალის ხეობაში ახლადგახსნილი ეკლესია მოილოცეს. 

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქთან

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბორჯომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა. პატრიარქმა, ნათლული, პრემიერის უმცროსი შვილი, გაბრიელი მოიკითხა და მთავრობის მეთაური უკვე მეორედ დალოცა.

კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი და ივანიშვილი


2015 წლის დეკემბერში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი - ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ისინი ამბიონზე მიიწვია და დალოცა. 


არჩილ თალაკვაძე


2019 ივნისში საქართველოს პატრიარქს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად ეწვია. პატრიარქმა ისინიც დალოცა.

არჩილ თალაკვაძე პატრიარქთან


"ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე "ფეისბუკზე".

ჯაბა იოსელიანი

2001 წლის 10 ივლისს პატრიარქი, მარჯანიშვილის თეატრში ჯაბა იოსელიანის 75 წლის იუბილეზე იმყოფებოდა, სადაც მხედრიონის დამფუძნებლის შესახებ სიტყვა წარმოთქვა და დალოცა.

როგორც პატრიარქი ამბობს, იგი მივიდა მოშიმშილე ჯაბა იოსელიანთან და უთხრა: "თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და რას იტყვის ხალხი? რომ მე, რომ შიმშილი შევწყვიტო, და მე ვუთხარი, ხალხი იტყვის იმას, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს".

ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად, მემარჯვენე და მემარცხენე, უმცირესობა და უმრავლესობა, ბერი და ერი, რადგან ეს ჭირდება საქართველოს. აი ეს უნდა გააკეთოს ჯაბამ დღეს. ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი! ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

 - ილია II.

 

 

 

ავტორი: ლევან ჯგერენაია



კომენტარები