სიახლეები

გიგა მაქარაშვილი - 93 დღიანი თრილერი 20 ივნისის შემდეგ

20 ივნისიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, აქციების #სირცხვილია საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადავა. დღეს საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება - სწორედ აქ აპირებენ აქციის ორგანიზატორები თავიანთი ერთწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენას. 

მანამდე კი, განვლილ დღეებთან დაკავშირებით, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიგა მაქარაშვილს ვესაუბრეთ.

"ყველამ ვიცით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი - ვნახეთ პარლამენტში წამოსკუპებული გავრილოვი და ისე რომ ერთმანეთის დაძახება არ დაგვჭირვებია და არც დარეკვის საჭიროება დამდგარა, უცებ რამდენიმე ათასი ადამიანი გავჩნდით პარლამენტთან, საიდანაც გავრილოვი გააპარეს და „რედისონში“ გადაიყვანეს. გადავედით „რედისონთან“, ჩავკეტეთ მისი ყველა შესასვლელი, ოღონდ კი არ ამოვქოლეთ, ნებისმიერი ადამიანი შედიოდა და გამოდიოდა, არავის არ ვერჩოდით.

20 ივნისი, აქცია პარლამენტთან. 

ველოდებოდით და გვინდოდა, რომ გავრილოვი არ გამოსულიყო ჩვენი პროტესტის გარეშე და ეგრძნო, რომ საქართველოში არ უყვართ და არ არის საქართველოს მეგობარი. ეს ყველაფერი უნდა გაეგო ამ კაცს. ასეც მოხდა, რის შემდეგაც, რუსეთის ხელისუფლებამ ჩვენი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა და იმავე ღამით, საქართველოს ხელისუფლების ხელით, რუსეთის ხელისუფლებამ, სამაგალითოდ დაგვსაჯა.  

დაგვსაჯა და ალბათ იმაზე ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ბოლო წერტილი და ამის მერე რამის გაპროტესტებას ვეღარ გავბედავდით, მითუმეტეს, რომ გასაპროტესტებელი ბევრი აქვს ამ ხელისუფლებას - შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

ამის მერე დაიწყო ნამდვილი თრილერი, 93 დღიანი, სამი თვისთავი გახდა დღეს ის ამბის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში იქნება ძალიან, ძალიან განსაკუთრებული და ჩემი უტოპისტური ხედვით, ეს არის ახალი ეტაპი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა სამოქალაქო საზოგადოება იწყებს ქვეყნის გადარჩენას მოსისხლე მტრისგან და მის მიერ დანიშნული ხელისუფლებისგან. 

ბევრი მძიმე დღე გადავიარეთ, ორგანიზატორები მუდმივად ვართ ტროლების, ბოტების  მსხვერპლი, ათასი სისულელე დაგვაბრალეს, ხან რომელი ქვეყნის აგენტები ვართ, ხან რომელი ორიენტაციის, სარწმუნოების და ა.შ. მოგვიქსიეს „ორკები“, მთელი ღამე ტყვეობაში გავატარეთ. მემგონი ის ღამე ისტორიული იყო და ოდესმე ამას, წლების მერე მაინც, კარგად მოყვება რომელიმე შემდეგი თაობა - როგორ ვაჯობეთ შავბნელ ძალას მუსიკით და ღიმილით, გალესილი ჯვრებით და კომბლებით მოსულ ხალხს. 

მთელი ღამე გვიშლიდნენ, პირჯვარს ნუ იწერთ ჩვენთან ერთადო. „როლინგ სთოუნსსა“ და „პინქ ფლოიდზე“ ყურებს იხშობდნენ, რომ ის სატანური მუსიკა არ გაეგოთ - ამ დონის ხალხთან გვქონდა საქმე, სამწუხაროდ. თუმცა, ეს ხალხიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ახლა მათთვისაც ვზრუნავთ.

9 ივლისი, დილა ლევან ვასაძის კონტრაქციის შემდეგ.

არ გვინდა ძალადობრივ რეჟიმში ცხოვრება, არ გვინდა გვაბრმავებდენ, გვატყუებდნენ, არჩევნების წინ გვაშინებდნენ, სამ კილო კარტოფილზე ყიდულობდნენ ხმას მარტო იმიტომ, რომ მთელი ოთხი წელი მერე იზრუნონ იმაზე, რომ გგაგვაღარიბონ და კიდევ უფრო დაგვასუსტონ. 

მერე უკვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ უნდა გადავსულიყავით ახალ ეტაპზე. ახლა დადგა ამ ტრანსფორმაციის დრო. გადავწყვიტეთ, ძალიან ბევრი ფლანგიდან დავარტყათ „ქართულ ოცნებას“. ოღონდ ისე, ბუნებრივია, რომ კანონის ფარგლებში დავრჩეთ. 93 დღის განმავლობაში, არცერთი კანონი არ დავარღვიეთ, მიუხედავად უწყვეტი პროტესტისა, მიუხედავად პროტესტის ფართო გეოგრაფიისა, ბევრი მსვლელობისა და ა.შ. 

გასული 93 დღის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ალბათ, პროპორციულ არჩევნებთან ერთად, რომელსაც, თავის მხრივ, ბევრი თაობა ითხოვდა და ჩვენ შემთხვევაში დაიდო ეს შედეგი, იყო ნათლად გამოჩენა რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა და შედგა. ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ვისწავლეთ და ამ პერიოდში ვხედავდით თავისუფალ, ფერად ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი დაძახების გარეშე მოდიოდნენ სამშობლოს სამსახურში. მიუხედავად მათი შეხედულებებისა, პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა, ადამიანები მოდიოდნენ და იდგნენ არა ჩემ ან რომელიმე ორგანიზატორის ან პოლიტიკური ლიდერის გვერდით, იდგნენ თავიანთი სამშობლოს სიყვარულში, სამსახურში.

მსგავსი რამ 1989 წლის 9 აპრილის მერე არ ყოფილა ამ ქვეყანაში და ის ბრძოლა თუ ქვეყნის დამოუკიდებლობით დასრულდა, ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქვეყნის საბოლოოდ დახსნით რუსული კლანჭებისგან. 

მე პირადად, უკვე დავიწყე რეგიონებში სიარული და ვეძებ იქ ადამიანებს. არ არის ადვილი იქ ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც არ ეშინია ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის უფროსის, მერის, გუბერნატორის და ა.შ. პატარ-პატარა მაფიოზები ჰყავთ ყველა კუთხეში გაგზავნილი, რომლებიც აკონტროლებენ ყველაფერს და ასე უშლიან ადამიანებს თავისუფალი სიტყვის თქმას და გამოხატვას. 
აქციის ორგანიზატორებს ძალიან, ძალიან ბევრი იდეა გვაქვს და იმედი გვაქვს, ბრძოლაში ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება.

ამის საზომი იქნება დღევანდელი, 20 სექტემბრის აქცია, სადაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა იმიტომ რომ ამ აქციაზე იქნება ის პირველი ეტაპი და წუთები, როცა სრულიად განსხვავებული და უნიკალური ბრძოლა დაიწყება - სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად და რუსული კლანჭებისგან დასახსნელად..

დღეს უნდა მოვიდეთ ყველანი ქვეყნის სამსახურში იმისთვის, რომ ერთდროულად ძალიან ბევრმა ადამიანმა დავიწყოთ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების კარდინალური ტრანსფორმაცია და დარაზმვა ქვეყნის გადასარჩენად. დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ ხმამაღლა რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ოკუპაციას და პრორუს ხელისუფლებას, რომელიც გვაბრმავებს, გვაშინებს და გვაღარიბებს. დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ წარმმართველი ძალა ჩვენს ქვეყანაში და არავის არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას".
 

ესაუბრა მარია გეგეჭკორი

კომენტარები