სიახლეები

გაცვეთილი Р

ადამიანი დაბადებიდანვე წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ მექანიზმს, ბირთვს, რომელიც მუდამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესშია. ასევე,  თუკი ის არ უშვებს შეცდომებს, წარმოუდგენელია მიაღწიოს რაიმე განვითარებას. თუ მშობელი თავიდან ბოლომდე მოტივირებულია იმაზე, რომ  პატარა ბავშვს არ დააცადოს არასწორი გადაწყვეტილებებისგან გამოწვეული პასუხისმგებლობა გაიაზროს, მსგავსი სიტუაცია, ყოველთვის  ხელს შეუშლის  პიროვნების ჯანსაღად ჩამოყალიბების პროცესს.

რა პარალელი შეიძლება გავავლოთ ამ შემთხვევაში საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის?
სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, არის დესპოტი მშობელი, რომელიც ფიქრობს რომ თუ ის ხელს შეუშლის ან/და თავიდან აარიდებს საზოგადოებას/ინდივიდს არასწორ გადაწყვეტილებებს, ანუ შეცდომისგან გამოწვეულ პასუხისმგებლობას და ამავდროულად ამ საბაბითვე დაიწყებს  ძალადობას, მათი გადმოსახედიდან, ეს არის  გამართლებული ქცევა და ისინი თავიანთ საზოგადოებაზე ასე  ,,ზრუნავენ“, რაც წმინდა წყლის ფარისევლობა და ერთი დიადი სიცრუეა, რომელიც თან დაგვდევს საუკუნეებია.
ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩვენს წარსულს უდიდესი როლი აკისრია. წარსულს, რომელმაც იმხელა დაღი დაგვასვა, რომ 2 საუკუნის წინ, საღად მოაზროვნე ქართული საზოგადოების გულისტკივილი ჯერ კიდევ გულისტკივილად რჩება და ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება. 
ვგულისხმობ ადამიანის თავისუფლების ხარისხს. თუკი ინდივიდი გააზრებულად ჩადის, ფართოდ გავრცელებულ, წარსულში მცხოვრები საზოგადოების, აზრის საწინააღმდეგო ქმედებას, მას მაშინვე კიცხავს  ,,მზრუნველი“ სახელმწიფო და  ჰკიდებს ,,დამნაშავის“ იარლიყს. საზოგადოების უმრავლესობას აჯერებს, რომ ეს სწორი  და საკმაოდ სამართლიანი ქმედებაა, მაშინ, როდესაც ადამიანი დაბადებულია თავისუფლებისთვის, სწორი და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის,  ბედნიერებისა და უბედურების შეგრძნებისთვის, ყველაფრისთვის, რაც კი სამყაროში მომხდარა, ხდება და მომავალში მოხდება.
ჯერ კიდევ 24 საუკუნის წინ, პლატონი ამბობდა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ სახელმწიფოს ბრძენი ფილოსოფოსი  ხალხი ჩაიბარებდა. რა თქმა უნდა, ეს ერთი ადამიანის სუბიექტური შეხედულებაა და შეიძლება არც დაეთანხმოთ, თუმცა, არის ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი, ვინაიდან, ჩემი აზრით, შეუძლებელია წარსულში დაკარგულმა ,,გაფუჭებულმა მაცივრებმა“, რომლებიც ისე მოძველდნენ, რომ უკვე ზედ ამოტვიფრულ ,,СССP“ -ზე მხოლოდ გაცვეთილი P-ღა დარჩათ, მართონ ახლადაღმოცენებული, განვითარებას მოწყურებული ახალი საზოგადოება, რომელიც იაზრებს თუ რა შეიძლება აკეთოს მომავალ ცხოვრებასთან ადაპტირებისთვის. 
ზუსტად ჩვენი ,,გაცვეთილი P“ გაუმაძღარი ხელისუფალი და საზოგადოების ნაწილი, ძირს უმყარებს ფართოდ გავრცელებულ მცდარ სტერეოტიპს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ,,ხიხიაა“, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი არ უნდა გაეკაროს, ხოლო თუ გაეკარება მაშინვე სამიზნე ულუფა გახდება. ეს მაშინ, როდესაც წყალივით ჭირდება დღევანდელ პოლიტიკას ის ხალხი, რომელსაც გულწრფელად სურს ამ ქვეყანაში მსგავსი წარმოდგენები ერთხელ და სამუდამოდ გააქროს, ხოლო  ,,გაცვეთილი P” იმ წარსულს ჩააბაროს, რომლიდანაც აღმოცენდა,  სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ წინსვლასა და განვითარებაზე. წარმოუდგენლად რთული და ფიზიკურად შეუძლებელი იქნება მეტი თავისუფლების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც ხმის ამოღება და შენზე სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის გავრცელება  სინქრონში ხდება.

დროა, ხალხმა აირჩიოს რა სურს საკუთარი ცხოვრებისთვის, სურს თუ არა მეტი თავისუფლება რეალურად?

თუ ყველანაირ თავისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ კომფორტის ზონა ურჩევნიათ?

ვეჭვობ რომ ასეა, თუმცა არსებობს ერთი ჭეშმარიტება, თუ დღეს არ მოვინდომებთ, რომ  წინ 1 ნაბიჯი მაინც გადავდგათ, ხვალ ორი ნაბიჯით უკან დაგვხევენ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ, იქამდე, სანამ წარსულში არ განვუტევებთ სულს ჩვენი კომფორტის ზონითურთ.

ავტორი: გიორგი ჭიბოშვილი

კომენტარები