სიახლეები

ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო ადგილები

"მანქანები შეცვლიან ადამიანებს"

 "ხელოვნური ინტელექტი აღზევდება ხალხზე"

"ღარიბებისთვის სამუშაო ადგილები აღარ იარსებებს"

"ქაოსი, შიმშილი!"

"ტექნოლოგიური განვითარება ჩრდილს აყენებს მომავალს" და.ა.შ

ეს ამჟამინდელი ერთგვარი პარანოიაა, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში ტექნოლოგიური რევოლუციის შესახებ. სტატიების სათაურები შემაშფოთებლად გამოიყურება, ეჭვი გაგიჩნდება, რომ აპოკალიპტური მომავლის დახატვა, ადამიანების შესაშინებელი ინსტრუმენტია.
არსებობს რამე სამოქმედო გეგმა?

როგორი იქნება ჩვენი მომავალი?

იქნება თუ არა მასობრივი უმუშევრობა? - ნამდვილად არა.
კარგად ვიქნებით. 
ისტორია და ყველა თანამედროვე ხელმისაწვდომი ბაზა - აჩვენებს, რომ სინამდვილეში ტექნოლოგია, დიდი ხანია, სამუშაოს შექმნის მანქანად იქცა. 

სადაც სანთელი ქრება - იქ ნათურა ინთება

მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ტელეფონის და ტელეგრაფის ოპერატორები ყველაზე მოთხოვნადი ტიპები იყვნენ, დიდ ბრიტანეთში მათი რიცხვი სულ მზარდი იყო, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ინტერნეტი და მობილური ტელეფონი შეიქმნა, ამ სექტორში დასაქმება მკვეთრად შემცირდა, რაღაც მიმართულებით კი საერთოდ გაქრა.
იგივე ვითარება შეექმნა რამდენიმე სხვა პროფესიასაც, ეს არის ე.წ. შემოქმედებითი განადგურების პროცესი, როდესაც ტექნოლოგიურ ცვლილებებს თან ახლავს ეტაპი, რომლის დროსაც ძველი იცვლება ახლით. ახალი ტექნოლოგიები არსებულ დავალებებს, უნარებსა და პროფესიებს მოძველებულად აქცევს.  

უნდა მივტიროდეთ ტელეფონისა და ტელეგრაფის ოპერატორების პროფესიას?

სახელმწიფო ჩარევით უნდა ვცადოთ მათი გადარჩენა? რა თქმა უნდა - არა
მანქანის მიერ ადამიანის ჩანაცვლების შედეგი, რეალურად, ხანგრძლივ პერსპექტივაში არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა.  
ინოვაცია ხელს უწყობს სამუშაო ადგილების მატებას, განსაკუთრებით ცოდნაზე ორიენტირებულ სფეროებში.

ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად საერთოდ გაქრა ზოგიერთი პროფესია, მაგრამ მეორე მხრივ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ისეთი პოზიციებიც შექმნა, რომლებიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა - 
სოციალური მედიის მენეჯერები, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, ციფრული ინჟინრები, პროგრამისტები, თვითმფრინავების ოპერატორები და ა.შ.  რამდენი ადამიანი მუშაობს  დღეს ისეთ სფეროებში, რომლებიც 50 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა?

ცხადია, რომ ეს  შეუჩერებელი ტენდენციაა. მომავლის ინსტიტუტის (IFTF) დასკვნაში ნათქვამია, რომ სამუშაო ადგილების 85 %, რომლებიც 2030 წელს იარსებებს, ჯერ კიდევ არ არის გამოგონილი. 
სამუშაო პროცესის სწრაფი ტრანსფორმაციის მიუხედავად ადამიანის სრულ ჩანაცვლებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია. მანქანები რუტინულ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა კვლავ მაღალია მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე, რომლებიც მეტ გონებრივ დატვირთვას და საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებას გულისხმობს, აქ ადამიანებს კონკურენტი ჯერ კიდევ არ ჰყავთ და დასაქმების ზრდაც აშკარაა. 
ცხადია, რომ ინოვაციები მხოლოდ კი არ აქრობს სამუშაო ადგილებს, არამედ ახალი სამუშაოების შექმნის მანქანად იქცევა. 
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს არ არის ფენომენი, რომელიც უნიკალურია მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის. პირიქით, განვითარებადი ქვეყნების ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი. 
კარგი მაგალითია ბრაზილია, რომელმაც 1980-იანი წლების შუა ხანებიდან მთელი რიგი ზომები გაატარა ტექნოლოგიური პროგრესის დასაჩქარებლად. რა მიიღო შედეგად?- ორ ათწლეულში (1995-2014 წწ.), ოფიციაალურად დარეგისტრირებული დასაქმებული ბრაზილიელების რაოდენობა  23.8-დან 49.6 მილიონამდე გაიზარდა.
რა გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ მისგან? -  მდგრადი ეკონომიკური ზრდა ემყარება ინოვაციას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ”მომავლის სამუშაოს ანგარიშის” ბოლო შეფასებაში ვხედავთ, რომ შესაძლოა 75 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, რადგან კომპანიები მეტ ავტომატიზაციაზე გადადიან. თუმცა იმავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის 1322 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას. რაც 58 მილიონით მეტია მანამდე არსებულზე. ტექნოლოგიური პროგრესი თანდათანობით იწვევს განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის საშუალო ფენის ზრდას, შესაბამისად, ამ პროცესებით გაცილებით მეტს მოვიგებთ, ვიდრე წავაგებთ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

წყარო: iftf.org; weforum.org; fee.org
 

კომენტარები