სიახლეები

3345 Views
პოლიტიკა

ტექდათვალიერება არ მუშაობს

პერიოდულმა ტექნიკურმა ინსპექტირებამ გამონაბოლქვის დონის შემცირებაზე ვერ იმოქმედა. რეფორმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა რეალობაში არაქმედითი აღმოჩნდა. ტექდათვალიერების ახალი ტალღა 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. იქამდე კი, ჩავლილი 2 წელი მძღოლების ხრიკებისა და სისტემის ტექნიკური ხარვეზების გამო თითქმის უნაყოფო აღმოჩნდა. 
სპეციალისტები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის ინსპექტირებამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და ამას არასწორ მექანიზმს, აღსრულების ცუდ ფორმებს და კანონში ხარვეზებს მიაწერენ. 

2019 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება გაიარა სულ 529 346-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ,  აქედან 1171-ს გადაადგილება აეკრძალა. პირველადი დათვალიერებით 306 907 ავტომობილი გაუმართავი ავტომობილების კატეგორიაში შევიდა და მათ მოუწიათ სერვის ცენტრებში ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც ძირითადად, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან იყო დაკავშირებული. 220 760-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირების პროცესის შედეგად დადებითი შეფასება მიიღო. ასეთია ოფიციალური მონაცემი.

ავტომფლობელებმა კანონში "შავი ხვრელების" აღმოჩენა კარგად ისწავლეს. ნაწილების დაქირავება ან თხოვება უკვე აპრობირებულ მეთოდია. ასევე უმრავლესობა იყენებს დიზელისა და ბენზინის შერევას, რათა გამონაბოლქვის დონე იმ მომენტისათვის უფრო დაბალი იყოს. ამ ხრიკებს მიემატა კომპანიების მხირიდან ახალი პრაქტიკაც. სადისტრიბუციო ქსელები, ძველ მანქანებს რომლებიც ინსპექტირებას ვერაფრით გადიან, შეკეთების ნაცვლად,  თვეში ერთხელ უშვებენ პერიოდულ ინსპექტირებაზე, რაც 30 დღეში 60 ლარი, ანუ 1 დღეში 2 ლარი ჯდება. ეს გაცილებით ნაკლები ტვირთია მათთვის, ვიდრე ავტომობილის გამოცვლა ან შეკეთება. კანონი კი საშუალებას იძლევა არაერთხელ მიიყვანონ მანქანა დათვალიერებაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია ასეთი შედეგი, სპეციალისტები კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას და მეტ რეგულირებას ითხოვენ.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჭიროა 30-დღიდან 72 საათამდე შემცირდეს ჯარიმის გადახდის ვადა, რომელიც ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილის მძღოლისთვის მოქმედებს, რადგან ხშირ შემთხვევაში მძღოლებს ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ მანქანის გამართვას:

ჩვენ ვხედავთ და არაერთი მოსაზრება მოგვისმენია ჩვენი მოქალაქეების იმედგაცრუების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსპორტი, რომელთაც აქვთ გავლილი ტექდათვალიერება, კვლავ აბინძურებენ ჰაერს. ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი არის მეტად მნიშვნელოვანი, თუმცა ერთია გამონაბოლქვის კონტროლი, მეორე თავად ინსპექტირების მექანიზმი, რომელსაც ძირითადად კამერები აკონტროლებენ. იანვრიდან აგვისტოს მონაცემებით 773 000-მა მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირებას, აქედან 11%-მა ვერ გაიარა შემოწმება, თუმცა ისინი კვლავ გადაადგილდებიან და იხდიან ჯარიმებს. ხშირ შემთხვევაში მძღოლებს თვეში ერთხელ ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილის მოწესრიგება. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ იმიტომ, რომ ეს ხარვეზები გაანალიზდეს და 2020 წლიდან რეალურად მოხდეს ცვლილებების შეტანა, რაც გულისხმობს 30 დღიანი ვადის შემცირებას და ჯარიმის გადახდას 72 საათის განმავლობაში

აცხადებს ლალიაშვილი.

 

წყარო: რეზონანსი

კომენტარები