სიახლეები

"გავრილოვის პატიმრები" სასამართლომ არ გაათავისუფლა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი - ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა მოითხოვეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლო სხდომაზე, ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაკავებულებმაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიან.

მოსამართლის ხელში არაფერია. მაღლიდან აქვთ დაკვეთა, გამოუშვებენ თუ არა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი სამართლიანი მოსამართლეები გვყავს. რად გვინდა მოსამართლე, თუ უსამართლობაში ვცხოვრობთ? უსამართლობას და სადისტურ დანაშაულებს თვითონ ჩადიან ესენი. მე მაინც მგონია, რომ 24-ში გამოუშვებენ

- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეც განიხილებოდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ლორთქიფანიძემ სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები არ მიიმალებიან ისევე როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლე ნატო ხუჯაძეს, დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, არაკომპეტენტური და უსამართლო მოსამართლე უწოდა.

პატრიოტული სულისკვეთებით სავსე სამ ადამიანს პატიმრობაში ტოვებთ, რათა გახარიას ჰქონდეს სათქმელი, რომ 20 ივნისი პარლამენტზე შტურმის დღე იყო და არა გავრილოვის ღამე. აიცილეთ ეს საქმე, რომ ელემენტარული სახე შეინარჩუნოთ

- განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. "გავრილოვის პატიმრებს" ბრალდების მხარე სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება ედავება. 

კომენტარები