სიახლეები

საქართველო და დღევანდელი საერთაშორისო კონტექსტი

​​​​აშკარაა ის, რომ დღევანდელი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. ამ სიტუაციის საქართველოს სასარგებლოდ გამოსწორება, შემდეგი 5-10 წელი, ძნელი წარმოსადგენია. საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფისათვის აშშ-სგან, ნატო-სგან ან ევროპისგან არსებითი/გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დახმარებას საქართველო არ უნდა ელოდოს. სხვა მიზეზების გარდა, მათ საქართველოსთვის უბრალოდ არ სცალიათ - სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვთ ახლა. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე რუსეთს საქართველოს გამო დაუპირისპირდეს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპისთვის, აშშ-სა და ნატო-სთვის, უკრაინა უფრო მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და მწვავე საკითხია ვიდრე საქართველო.

საქართველოს ანაკლიის პორტი რომ ჰქონოდა, შეიძლება საქართველოც ‘უკრაინის ლოტში’ გასულიყო, მაგრამ ანაკლია არ არის და ამგვარი ტემპებით ის მალე ვერ იქნება.

აშშ-მ და ნატო-მ ‘ინტროვერტული’ საგარეო პოლიტიკის გზა აირჩიეს. მათ იდეოლოგიური და სამხედრო ‘ექსპანსიონიზმი’ ევრაზიის კონტინეტზე (დროებით მაინც )შეაჩერეს, რამაც რუსეთს, თურქეთს და ჩინეთს მისცა საშუალება აქტიურად გაეფართოებინათ საკუთარი გეოსტრატეგიული, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები და გავლენა -გამოთავისუფლებულ სივრცეზე (ევროპა, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალურ აზია). ამ სამ ქვეყანას შორის კონკურენციისა და დაპირისპირების გარდა გრძელ ვადაში, ახალმა შესაძლებლობებმა, მათ თანამშრომლობისათვის პლატფორმა და საშუალება შეუქმნა ახლო მომავლისთვის, რასაც სამივე დაეწაფა და წარმატებულად იყენებს.

თურქეთის განაწყენებამ და დაპირისპირებამ ევროპასთან (მაგ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე და უვიზო რეჟიმზე უარი; კვიპროსის საკითხი); აგრეთვე აშშ-ს ‘დაახლოებამ’ და დახმარებამ ქურთებთან, ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში, თურქეთს რუსეთთან უფრო ახლო თანამშრომლობისაკენ უბიძგა. დამატებით, აშშ-სა და ირანს შორის ხელშეკრულების ჩაშლამ, რომლის წარმატებით ამოქმედების იმედი და ინტერესი ევროპას, თურქეთს, ჩინეთს და რუსეთსაც ჰქონდათ, შეუწყო ხელი იმას, რომ ეს ოთხი მოთამაშე უფრო დაახლოებულიყო ერთმანეთთან. 

 საინტერესოა ის, რომ არც რუსეთში, არც თურქეთში და არც ჩინეთში ინდივიდუალიზმი ვერ განვითარდა, მათი კულტურები და პოლიტიკაც კოლექტივიზმს ეფუძნება. რუსეთისთვის ეს მართლმადიდებლობა და კომუნიზმ-სოციალიზმია, ერდოღანის თურქეთისათვის - პოლიტიკური ისლამი, ხოლო ჩინეთისათვის  - კომუნიზმ-სოციალიზმი.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ჩემი აზრით, პიროვნების უზენაესობა სხვა ევროპულ ქვეყნებზე უფრო კარგად გაიგეს და დააფასეს მე-19 საუკუნეში. ამ ღირებულებების ნაწილობრივი ეროზია ამ ქვეყნებშიც მოხდა მე-20 საუკუნეში, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად ვიდრე სხვაგან. ამის კარგი მაგალითია ინდუსტრიალიზაციის პერიოდის ეკონომიკის, გამოგონებების, ინოვაციების დინამიკა ამ ქვეყნებში, დღესაც ძირითადად ისევ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს და სწორედ ისინი არიან ლიდერები.

ევროპას რაც შეეხება, მან მე-20 საუკუნის ბოლოსკენ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს გადაუხვია (პიროვნების უზენაესობა), რომლებიც თვითონვე ‘მოიგონა’ და რომლის ხარჯზეც მონობა მოსპო, თავისუფალი ვაჭრობა განავითარა და გამდიდრდა. ასეთი ერთი მაგალითია, ევროპის ზედმეტად ცენტრალიზირებული, უნიფიცირებული და პროტექციონისტული შეზღუდვები და ბიუროკრატია. ევროპაში კრიზისი კრიზისზე ხდება, დაწყებული ფინანსურით და ეკონომიკურით (2009), დამთავრებული უკრაინით (2013), ლტოლვილთა და მიგრანტთა კრიზისით (2015) და BrExit-ით. იმასაც შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მშვიდობამ ევროპაში ნახევარი საუკუნეც კი ვერ გასტანა, მაგ. 1956 ბუდაპეშტი, 1968 - პრაღა, ბალკანეთის ომები 90-იანებში და სხვა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ითქმის ყველა ამ კრიზისის უკან რუსეთი დგას. სულ ცოტა ერთ კრიზისში თავისი დათვის წვლილი თურქეთსაც (2015) მიუძღვის. ორივემ, რუსეთმაც და თურქეთმაც, ევროპის სისუსტეები გამოიყენეს, ზოგიერთი ნაღმი თვითონაც დაუდეს და აიძულეს მათთვის უფრო სარგებლიან თანამშრომლობაზე წამოსულიყო. ევროპამ დროებითი ‘Ruso-Sino-Turk marriage of convenience’-თან შეწინააღმდეგებას დაყოლიება და თანამშრომლობა ამჯობინა, როგორც ჩანს. რუსეთის თურქეთის დაშინებისა და აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ, მათ ორივესთან დამამშვიდებელი, შემწყნარებლური და დამაკმაყოფილებელი პოლიტიკა აირჩიეს. უპრინციპო პოლიტიკის შედეგმაც არ დააყოვნა და ევროპა დიდწილად რუსეთზე და თურქეთზე მიბმული გახდა, იქნება ეს ენერგო დამოკიდებულება (Nordstream2), სამხედრო უსაფრთხოება (უკრაინა) თუ მიგრაცია (ლტოლვილები თურქეთში). ევროპას, გარდა იმისა, რომ რუსეთთან მიმართებაში ქრონიკული ამნეზია სჭირს, ახლა მას და თურქეთს მძევლადაც ჩაბარდა და ‘სტოქჰოლმის სინდრომიც’ დაემართა.  

ევროპის ამგვარი პოლიტიკიდან გამომდინარეა ისიც, რომ ის საქართველოსაც რუსეთისადმი იგივენაირი, ‘ბაბაიას პოლიტიკის’ გატარებისკენ მოუწოდებს, რასაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება, არამედ ამ პოლიტიკას ეთანხმება , აქტიურად ხელს უწყობს და ახორციელებს კიდეც.  ეს კი, საქართველოს რუსეთის პოლიტიკური და კულტურული არეალის (სამფლობელოს) ნაწილად, ანუ, მის პროვინციად ტოვებს, რაც შეუმდგარი ადამიანების, საზოგადოების, ერისა და სახელმწიფოს უტყუარი ნიშანია.

ისტორიული ამნეზიისა და სტოკჰოლმის დაავადება ევროპამ საქართველოსაც გადასდო, რომელსაც ჩვენებურად, ‘ბაბაიას კურსი’ ჰქვია, ხოლო საჯაროდ კი მას, ‘ევროპულ კურსს’ ეძახიან. 

საგარეო პოლიტიკის კურსის არჩევა, დღეს, ღირებულებების არჩევაა (დაარქვით კულტური განვითარების  მიმართულება) და ის 21-ე საუკუნეში ფიზიკურ არსებობა-არარსებობას არ განსაზღვრავს. ქართველები გადარჩებიან და იარსებებენ. საკითხავი ის არის ეს ქართველები რომელი ან როგორი ღირებულებების ხალხი იქნება. იქნებიან ისინი მდიდრები, ღარიბები თუ სადღაც შუაში. იქნება ეს ის საზოგადოება სადაც ყველა ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალია?! ერთი ადამიანის ინტერესები და კეთილდღეობა კოლექტიურზე უფრო მაღლა დგას, მათ შორის ერის, ბერის, ქვეყნის, სახელმწიფოს და რელიგიისაზეც, სადაც მოვალეობა-ვალდებულებები სხვა დამიანებთან ნებაყოფლობითი და შეთანხმების საფუძველზე მხოლოდ?!თუ, ეს იქნება ის საზოგადოება, რომელშიც ხალხის ჯგუფი ან სახელმწიფო ერთ ადამიანზე უფრო მეტად ფასობს; რომელშიც რაოდენობრივი უმრავლესობის გადაწყვეტილებამ, გემოვნებამ ან მორალმა დასაშვებია, რომ დაჯაბნოს ერთი პიროვნების? საზოგადოება, რომელშიც ფასდება ის, რომ ადამიანი საკუთარი ინტერესებისა და კეთილდღეობის ფასად, ‘საერთო ინტერესებს და საზოგადოებრივ კეთილდღეობას’ ემსახურება, ან შეიძლება, რომ ის აიძულონ ეს გააკეთოს მისი ნების საწინააღმდეგოდ (ძალადობა)? სიმბოლური გამოხატულებით, პირველი აშშ-ა, მეორე კი - რუსეთი.

სამწუხაროა, მაგრამ დღეს ‘ევროპული კურსი’, ღირებულებების და საერთაშორისო პოზიციონერობის თვალსაზრისითაც, რუსეთისასაც შეიძლება ნიშნავდეს და ამიტომ ის სხვა წინაპირობებთან ერთად გულისხმობს დიდი ზომის მთავრობას, ნაკლებ პიროვნულ ეკონომიკურ თავისუფლებას და რუსეთთან დათმობაზე წასვლას.

იმის გათვალისწინებით, რომ ახლა აშშ-ს და ევროპის საგარეო პოლიტიკა ბევრ საკითხებში არ ემთხვევა ერთმანეთს, საკითხავია საქართველომ ევროპას უფრო უნდა მოუსმინოს და დაუჯეროს, თუ - აშშ-ს? ‘რასმუსენის გეგმა’ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში ‘აშშ-ს გეგმაა’, ნატოს წევრი გერმანია-საფრანგეთი-იტალია-თურქეთისა კი ის, რაც აპატურაიმ თქვა.  თქვენ როგორ გგონიათ, რომლის პოზიციაშია მეტი საქართველოს ინტერესი?

ავტორი: გიორგი სანიკიძე

 

კომენტარები