სიახლეები

770 Views
პოლიტიკა

ხაშურის მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ „დაგვსინა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, რომელმაც ბოლო პერიოდში „გირჩთან“ და „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა, ჩვენთან ურთიერთობას გაურბის.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩს“, პარლამენტის ტრიბუნიდან, ჯარის სიძლიერის შეფერხებაში დასდო ბრალი, სიმონ ნოზაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება და პარტიას „ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის“ ხელი შეეშალოს. მაშინ დეპუტატმა „გირჩის“ წინააღმდეგ გაერთიანება, კოლეგას „ქართული ოცნებიდან“, ლევან გოგიჩაიშვილს შესთავაზა -

„ლევანს ვთავაზობ, რომ ეს ხარვეზი, რომელიც კანონსაც გააჩნია, ვეცადოთ ერთად აღმოვფხვრათ, მით უმეტეს, ისეთი ავტორიტეტული კაცი დაგვიდგებით გვერდში, როგორიც თქვენ ხართ, ბატონო ირაკლი. ამით უამრავ, ასობით ახალგაზრდას გადავარჩენთ, რომ ისინი პატრიოტიზმის არხიდან არ ამოვარდნენ და სამშობლოს სამსახურისთვის მზად იყვნენ. ამის თქმის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მზად არის, 2008 წლის აგვისტოში რიგები დადგა, რეგისტრაციაში მსურველებს ვეღარ ატარებდნენ, ისინი მზად იყვნენ სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ” - განაცხადა ნოზაძემ.

ნოზაძე, რომელიც ამავდროულად ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატია, სრულად იზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ „გირჩი“ ახალგაზრდების დეგრადაციას იწვევს...

იმ დროს, როცა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ამ განცხადებების გაკეთებით იყო დაკავებული, ჩორჩანას ტყეში, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 300 ჰექტარი მიწა მიითვისეს.

ამ ფაქტის შემდეგ, იაგო ხვიჩია დაინტერესდა სად იყო სიმონ ნოზაძე და უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი „ბიბლიურ თავისუფლებას“.

"ღარიბაშვილთან ერთად ხაშურის მაჟორიტარი რომ გამოხტა და თქვა, "ბიბლიური თავისუფლება" ანგრევს ამ ქვეყანასო, სად არის, იქ რატომ არ არის?.. ახლა ხაშურში სამასი ჰექტარი დაიკარგა, "ბიბლიური თავისუფლება" რომ არსებობს, ამიტომ წევენ რუსები საზღვრებს? სად არის ხაშურის მაჟორიტარი იქ რატომ არ არის სადაც მისი სამაჟორიტაროს ოკუპაცია ხდება?" - განაცხადა მაშინ ხვიჩიამ. 

როგორც შემდეგ თავად დეპუტატის სამდივნოში გავარკვიეთ, სიმონ ნოზაძე საქართველოში ამ დრომდე არ იმყოფება. „გირჩის“ საინფორმაციო სააგენტომ კი მასთან დაკავშირება მხოლოდ „ფეისბუქის“ მეშვეობით შეძლო, სადაც, არაერთი ცდის მიუხედავად, ნოზაძემ არცერთ შეტყობინებას/შეკითხვას არ უპასუხა და „დასინვით“ შემოიფარგლა.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები