ფართოდ დახუჭული თვალები

თავდაცვის ახალი მინისტრი ქვეყნის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოდან, ხალხის სახელით, ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაშვებით გვმუქრება და ამ სითავხედეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის საჭიროებით ფუთავს.

სავალდებულო სამხედრო სამსახური რომ ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობაა და შესაბამისად, მონობის ნაირსახეობაა, ამაზე არ შევჩერდები. ეს საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის, ისედაც ცხადია.

საინტერესო ისაა, რის დაცვას გვაიძულებენ? რა არის ამ ქვეყანაში ისეთი, რასაც დაცვა სჭირდება?

სახელმწიფო ინსტიტუტები? ეკონომიკური გარემო? ტრადიციები?

ვიფიქროთ.

  • პოლიცია

მოდი ვაღიაროთ რომ არ გყვავს პოლიცია. თავს ვიტყუებთ. მითია, რომ ოდესღაც რეფორმა განვახორციელეთ და მოქალაქეებზე მზრუნველი პოლიციელები გამოვიყვანეთ ქუჩაში, რომლებიც თითქოსდა დროთა განმავლობაში ბოროტმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თარგზე გამოჭრეს. მითია ეს ისტორია. სინამდვილეში, ერთი საუკუნეა ჩვენს უსაფრთხოებას მილიცია იცავს. აი ისეთი, როგორც საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შეეფერებოდათ და როგორსაც მინიმუმ ხელი არ აუკანკალდება მშვიდობიანი მოქალაქისთვის თვალის ამოთხრაზე და ამისთვის მაქსიმუმ ბოდიშს არ მოიხდისა. ქვეყანაში, რომელშიც არსებობს პოლიცია, არ ხდება 7 ნოემბერი და  გავრილოვის ღამე.

ასეთ პოლიციას არ სჭირდება დაცვა.

  • პროკურატურა

დამნაშავის მბრალდებელი ორგანო გვაქვს, რომელიც დანაშაულის აღკვეთასა და გამოძიებაზე მეტად მის გამოგონებასა და ქვეყნის საბჭოთა წარსულში დაბრუნებაზეა მოტივირებული. მისთვის არ არ არსებობს დაზარალებული, მისთვის არ არსებობს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. იგი ბაზარზე მოპოვებული მონოპოლიით ცდილობს ხელი დაამფაროს დამნაშავეს ან უდანაშაულო აქციოს დამნაშვედ.

ასეთ პროკურატურას არ სჭირდება დაცვა.

  • სასამართლო

ძალიან დიდი ბედნიერებაა ისეთ ქვეყანაში ცხვოვრება, სადაც არსებობს ინსტიტუტი, რომელიც არასდროს მიგატოვებს და ბოლო წუთამდე დაგიცავს უსამართლობისგან. სამწუხაროდ, ამგვარი გრძნობის შესახებ მხოლოდ მსმენია და არასდროს განმიცდია, რადგან ქვეყნის მთავარი მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანოც საბჭოთა ძალოვანი სისტემის ხის ერთ-ერთი მსხვილი ტოტია, რომელზეც დგომა უდიდესი რისკია, რადგან არასდროს იცი როდის ჩაგიტყდება.

ასეთ სასამართლოს არ სჭირდება დაცვა.

  • განათლება

30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის გვქონდა განათლების სამინისტრო და უამრავი მინისტრის გამოცვლა მოვასწარით, მაგრამ ვერასდროს ვერ გავარტყით განათლების მოდელში. წლებია მშობლების ნაცვლად ბავშვებს ბიუროკრატები უწყვეტენ თუ რა სახის ცოდნის მიცემაა საჭირო და „კრიტიკულად აუცილებელი“ მართთვის, რისი შედეგიც უამრავი წყალს გატანებული ნიჭი და ენთუზიზმდაკარგული შრომისმოყვარეობაა.

ასეთ განათლების სისტემას არ სჭირდება დაცვა.

  • ეკონომიკური გარემო

ბიუროკრატია ყოველი 3 ლარიდან 1 ლარს გვიხარჯავს.

ქვყენის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 25%-ია კერძო საკუთრებაში.

მოსახლეობის ერთი ნახევარი, რომელიც სოფლის მეურნეობაში სექტორშია დასაქმებული მშპ-ს მხოლოდ 7%-ს ქმნის.

მულტისავალუტო რეჟიმი არ გვაქვს.

ეკონომიკური ზრდით სომხეთი გვისწრებს, თითქმის 2- ჯერ

ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკას არ სჭირდება დაცვა.

  • ტრადიციები

ტრადიციას ვეძახით სტუმრის პატივისცემას და ერთმანეთს უცხო ქვეყანაში დაბადებულ ადამიანზე მიწის მიყიდვას ვუკრძალავთ.

ტრადიციას ვეძახით ჩოხის ტარებას და ერთმანეთს ქუჩაში თავდაცვის მიზნით იარაღის ტარებას ვუკრძალავთ.

ტრადიციას ვეძახით ნარკოტიკის მიღებას - ღვინის სმას და ერთმანეთს განსხვავებული ნაკორტიკის მოხმარებას ვუკრძალავთ.

ტრადიციების ასეთ გაგებას დაცვა არ სჭირდება.

არ სჭირდება სისტემას დაცვა, რომელიც მზადაა დღეს მე წამართვას ცხოვრების ერთი შეუფასებელი წელი, ხვალ კი ჩემ შვილს.

ასეთ სისტემას არ სჭირდება დაცვა.

და ბოლოს, დეპუტატობის ასაკს დაუწიეთ. სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელსაც დასჭირდება დაცვა


ავტორი: ბადრი გრიგალაშვილი



კომენტარები