11 სექ 2019
514 Views
პოლიტიკა

სიხარულიძე: ჯარისკაცის მოვალეობა ქვეყნის დაცვაა და არა ყარაულობა

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიპლომატი დავით სიხარულიძე გამოეხმაურა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია/გადაცემის #სირცხვილია ფარგლებში სიხარულიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან ჯარის თემის ბაღიდან პოპულარიზაციაზე საუბარი აბსურდია და ეს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. მისი განცხადებითვე, ჯარში გაწვეული ადამიანების უმეტესობა უფასო დარაჯად მსახურობს, რაც ასევე მიუღებელია.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დღეს არსებული სისტემა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - გაწვეული ადამიანების უმეტესი ნაწილი არ ხვდება შეიარაღებულ ძალებში. მე ვფიქრობ, უფასო დარაჯების გამოყენება არათუ არაეთიკურია, არამედ სამართლბრივადაც არაა სწორი. რომ იჩივლონ, მოიგებენ ამ სარჩელს, იმიტომ რომ მათი კონსტიტუციური მოვალეობა არის ქვეყნის დაცვა და არა ყარაულად სიარული, ეს არსად არ წერია


- აცხადებს სიხარულიძე.

მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან დღეს არსებულ ვითარებაში, ეს თანხა (790 მლნ) საკმარისი არ არის.

ვფიქრობ, თავდაცვაზე არ ვხარჯავთ ფულს საკმარისად. ბიუჯეტი რომელიც დღეს თავდაცვას აქვს, ასე იყო ბოლო დაახლოებით 8-9 წელია. მე არ ვარ კმაყოფილი. არ არის ეს საკმარისი იმ მზადყოფნის შესანარჩუნებლად, რომელიც საჭიროა ამ არსებულ ვითარებაში

- განაცხადა სიხარულიძემ.

სიხარულიძე ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დღეს არსებული სისტემა, აუცილებლად შესაცველია.

ყარაულად გაწვევა და საყარაულო სამსახურები, განსაკუთრებით როცა ეს სამართალდამცავ ორგანოებში ხდება, წარმოუდგენელი აბსურდია და არ არის მიზანშეწონილი. თუ ჩვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და კომერციული

- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

დღესვე, ამ საკითხზე გადაცემის წამყვანმა, შოთა დიღმელაშვილმაც ისაუბრა. მან საკუთარი ჯარის ისტორიაც გაიხსენა და თქვა ისიც, რომ ადამიანები, რომლებსაც ყარაულებად ამუშავებენ, ჯარისკაცები არ არიან.

"ცოტა საშიშიც არის, არა? სამ დღეში ერთხელ ადამიანი რაღაც შენობას იცავს და მერე ქვია ჯარისკაცი, რომელსაც მომზადება აქვს გავლილი. მე მახსოვს, რეზერვში ვიყავი და ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცი იმაზე უფრო მეტად საფრთხისშემცველია, ვიდრე საერთოდ რომ არ იყოს.

მე ვიყავი რეზერვის პირველ ნაკადში და მომეწონა მარტო იმიტომ, რომ კოჯრის ტყეში წიგნს ვკითხულობდი, გვიან ვიღვიძებდი და არა მაშინ, როცა უნდა გამეღვიძა. ვისაუზმებდი, მერე წიგნს წავიკითხავდი ტყეში და სამი კვირა სამსახურიდანაც შვებულება გამოვიდა და საკმაოდ კარგად გავერთე. მაგრამ რეზერვი არ არის გართობის ადგილი- განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თანამდებობაზე დანიშვნამდე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ისაუბრა. საკუთარ მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება მან „გირჩსა“ და „ბიბლიურ თავისუფლებაზე“ გაამახვილა, პარტიას სექტა უწოდა და განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის არსებობა ქართული ჯარის სიძლიერეს ხელს უშლის.

რაც შეეხება აქციას #სირცხვილია - რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო გამოსვლების 84-ე დღე იყო, გადაცემა კი 36-ედ ჩატარდა. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები 20 სექტემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებენ. 

 



ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები