მორალური ნარცისიზმი (თანამედროვე საქართველო)

Forte/

საქართველო დღეს ალბათ ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს კვეთას აიაქსის მაზოხისტურ და მორალურ ნარცისიზმს შორის.

Piano/

ნიშნების განსასაზღვრად ფსიქოლოგიის „ჯაზ სტანდარტს“ - პაციენტებზე დაკვირვებას მივმართოთ და თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ პაციენტი საქართველოა და მორალური ნარცისიზმის სტრუქტურა მკაცრად საბოლოო. 

                                                                                                         Fermata/

არავინაა სრულიად  თავისუფალი მორალური ნარცისიზმისაგან.

Fermata/

mezzo-piano/

თანამედროვე ქართულ ოფიციალურ კულტურაში მეტი სტალინია, ვიდრე ილია ჭავჭავაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის „კულტურული ნაციის“ პროექტი „უძველესი“ და „უმდიდრესი“ კულტურის“ სტალინურმა მითმა დაანგრია და თავად ილია ჭავჭავაძეც ამ მითის ნაწილად აქცია. 

„1937 წელს სტალინის მითითებით ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილის აღნიშვნა მისი წმინდანად შერაცხვის ტოლფასი აქტი იყო: ამით ილია ჭავჭავაძის არა მხოლოდ ოფიციალური კულტი დაწესდა, არამედ ამ კულტის საბჭოთა „თეოლოგიაც“ შეიქმნა, ანუ ილია ჭავჭავაძის ნააზრევიც და მისი ფიგურაც საბჭოთა ერის მოდელს შეუსაბამდა.“

50 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა იდეოლოგიამ რღვევა დაიწყო, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა.

Fermata/

გმირული მწვალებლობის ნიშნები, ვფიქრობ, გამოიკვეთა.

Fermata/

- ასეთი ჩანაცვლებით შეიქმნა მართლმადიდებლობისა და სტალინური იდეის ეთნოცენტრული  ნაციონალიზმის ჰიბრიდი, რომელიც დღევანდელ საქართველოში ეროვნული იდენტობის ერთადერთი მოდელი აღმოჩნდა.

შემთხვევა საკმაოდ რთულია და არ ვიცი რამდენად პიროვნულ თვისებებზე ან კვლევაზეა დაყრდნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა და მისი მსოფლმხედველობა ერთ ორგანიზმად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ადამიანური თვისებებიც თავისუფლად მივაკუთვნოთ.

mezzo-forte/

„ამ ჰიბრიდიდან დაიბადა იდენტობის განმსაზღვრელი ფორმულები: „ზეციური საქართველო“, „საქართველო გაბრწყინდება“, „გენეტიკურად ქართველი“, „გენეტიკურად მართლმადიდებელი“, აგრეთვე „ქართველობას გვართმევენ“. 

Mezzo-piano/

XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში საქართველომ ფაქტობრივად აღიარა, რომ ის კულტურულად აწმყოში არ იმყოფება და მისი კულტურული საყრდენი ძირითადად საბჭოთა ხანაში შექმნილი ისტორიული მითებია, რომლებსაც თუ საბჭოთა დროს უსახელმწიფოობის კომპენსაციის ფუნქცია უნდა ჰქონოდა, პოსტსაბჭოთა პერიოდში გადაიქცა მორალურ ნარცისიზმად, რომლის ერთადერთი დანიშნულება აწმყოში კულტურის არქონის გადაფარვაა და მოთქმა გოდება საკუთრი უბედურების და დიდების შესახებ ერთდროულად, რასაც ვფიქრობ აიაქსიც კარგად ართმევდა თავს, უსამართლობის განცდით შეპყრობილი, მაგრამ მაინც გმირი !

Fermata/

- ანდრე გრინის მიხედვით - „არსებობს კავშირები სირცხვილსა და დანაშაულს შორის - შესაძლოა გრცხვენოდეს შენი დანაშაულის, შესაძლოა, დამნაშავედ გრძნობდე თავს შენი სირცხვილის გამო. მაგრამ დამკვირვებელი ნათლად განასხვავებს გახლეჩილ დონეებს, როცა თავისი პაციენტის პირისპირ  მყოფი გრძნობს  იმ მასშტაბებს, რითიც   მიბმულია დანაშაული არაცნობიერ წყაროებთან და თუ როგორ შეიძლება ნაწილობრივ  შემცირდეს ეს ანალიზის შედეგად.  

ამის საპირისპიროდ, სირცხვილს გამოუსწორებელი ხასიათი აქვს. 

დანაშაულის გამოსავალი სიამოვნების უსიამოვნებაში  ტრანსფორმაციაა; სირცხვილისათვის  მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ნარცისიზმის  გზაა შესაძლებელი“

ასე რომ, გავაგრძელოთ ჩვენი ნაციის პაციენტად წარმოდგენა და დავასკვნათ, რომ თანამედროვე საქართველო არ არის „კულტურული ნაცია“ - ქვეყანა, რომელიც თავისებურ და თუნდაც საკუთარი თავისათვის ღირებულ კულტურას ქმნის და საკუთარი კულტურულობა გაცნობიერებული აქვს.

Mezzo-piano/

ამ მორალურმა, ეპოსურმა! გმირულმა ნარცისიზმმა, საბოლოოდ ჩამოგვიყალიბა ყოველგვარ კონტექსტსა თუ აქტუალობას მოკლებული რელიგიურ-პატრიოტული დოგმა, თავისი ჩოხებითა და ჩურჩხელებით, წმინდანებითა და გმირებით, მითებითა და ისტორიებით, რომლებსაც აწმყოსთან და თანამედროვე სამყაროსთან არაფერი საერთო არა აქვთ.

ასეთი „კულტურის“ ერთადერთი დანიშნულება იდენტობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ფორმისაგან და თვითგამოსახვის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ აგრესია და სიძულვილიღა შემორჩენია ყველაფერ იმის მიმართ, რაც მისი „იდენტობის“ ფარგლებში არ ჯდება, რაც თავისთავად პირდაპირი გამოხატულებაა იმისა, რომ ანდრე გრინის დაკვირვება და დებულება მართებულია და ერგება ნებისმიერ ადამიანურ ორგანიზმს.

Fortississimo/

„მე არც ერთი არ მიყვარს. მე მხოლოდ ჩემი თავი მიყვარს. მე მხოლოდ ჩემი თავი მიყვარს. არა. მე.. … 

იგივე პროგრესიაა სიძულვილის შემთხვევაშიც: მე არავინ მძულს, მე მხოლოდ ჩემი თავი მძულს, მე ჩემი თავი მძულს. მე არ მძულს, მე არა ! „


Pianissimo/

„იმ დიდი დანაშაულისათვის კი, რომელიც დანაიდებმა თავისი პირველი ქმრების და ნათესავების მკვლელობით ჩაიდინეს, საიქიოში სასტიკ სასჯელს იხდიან და განუწყვეტლივ იტანჯებიან. ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანებით დანაიდები ყოველდღე უძირო კასრში წყალს ასხამენ და ამ კასრის ამოვსებას ბოლო არ ეღება.

Pianississimo/

 აი, ეს–ესაა უნდა გაივსოს ჭურჭელი, მაგრამ უეცრად გაეცლება წყალი და კასრი კვლავ ცარიელია. ისევ მოაქვთ დანაიდებს წყალი, ასხამენ უძირო ჭურჭელში, და ასე დაუსრულებლად გრძელდება მათი უნაყოფო მუშაობა...

                                                                                          Fermata/

 



კომენტარები