სიახლეები

"ქართული ოცნება" ოკუპანტია"!..

ღარიბაშვილმა პარლამენტში თქვა: „გირჩი“ და „ბიბლიური თავისუფლება“ სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრისო.

კი, მასეა! ყავლგასულ საბჭოთა ფასეულობებზე დაფუძნებულ მოძალადე, უსამართლო სახელმწიფოს, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავუპირისპირდებით. სოციალისტური "ოცნების" პოლიტიკას, რომელიც ჩვეულებრივი ბრეჟნევშჩინაა, "გირჩი" ძირს გამოუთხრის! თუ რამ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას თავად "ქართული ოცნება", რომელიც "წითელ ჩაბალახს" ცისფერი მოსასხამის ქვეშ მალავს!

საფრთხე ბიძინას ხელისბიჭებია, ჩვენდა სამარცხვინოდ მინისტრებს რომ ვეძახით! საფრთხე ბ-ნი ღარიბაშვილია-"ჟღარუნებით მორთული პამპულა", რომელსაც, როგორც ეტყობა, მოხრიგინე ცარიელ კასრსა და მოყელყელავე ფშუტე თავთავზე არაფერი სმენია!

რომელ "სახელმწიფოზე" გველაპარაკებიან? სადაც გაიხედავ ყველგან ნადგურისცემაა. რომელ სახელმწიფოს ვუთხრით ძირს? იმას ხომ არა, საკუთარი ხალხი რომ ჰყავს ფეხქვეშ გაგდებული და უნამუსოდ თელავს და ჯეგავს?! იმას ხომ არა რუსულ ოკუპაციაზე რომ ლაყბობს და ამ დროს თავადაა მთავარი ოკუპანტი?! სანამ კომუნისტების დროიდან წართმეულ ქონებას აზის და უკან არ უბრუნებს მის კანონიერ მფლობელს ქართველ ხალხს, ქართული სახელმწიფო და "ქართული ოცნება" ოკუპანტია! შემთხვევით არ უთქვამს შოთას: მტერი მოყვრულად მოსული მტრისაგან უფრო მტერია.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ "გირჩი" თანამედროვე ეპოქის ეროვნული მოძრაობაა. ყველაზე მეტად აქ იგრძნობა ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური და ზოგადად ანტიეტატისტური მაჯისცემა. აქ ხმიანდება ყველაზე ძალუმად ეროვნული მოძრაობის სულისკვეთება-ანტიბოლშევიზმი! "გირჩია" მთავარი ქართული ღირებულების, თავისუფლების, ერთ-ერთი მოწინავე მედროშე და ამდენად არ მიკვირს მონობის (სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნამდვილი სახელი-ვ.ზ.) აპოლოგეტთა შემოტევა!

სამწუხაროდ ბევრი ჯერ კიდევ საბჭოთა სტანდარტების ტყვეობაშია, ღარიბაშვილის მუქარანარევი რიხი და "ვაჟკაცობა" ამ ხალხითაა ზურგგამაგრებული, მაგრამ ჩვენ ვაჟკაცობის სხვა, ილიასეული სტანდარტი გვაქვს: ვაჟკაც იგია, ვინც მართალს

ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;

ვინც არ შეუდრკა მრავალსა,

ხშირად მართლისთვის მწყრომსაო...

სიმართლის საპირწონე კი არც ადამიანთა სიმრავლეა და არც ძალაუფლება.

გირჩელებო! წინ, მეტი თავისუფლებისკენ!..

 

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები