9 სექ 2019
923 Views
თავდაცვა

ბიბლიური თავისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

"ბიბლიური თავისუფლება" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

"ბიბლიური თავისუფლების" მთავარი მღვდელმსახურის, ლევან ჯგერენაიას, განცხადებით საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, გამონათქვამები, "გირჩისა" და მისი რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ, უხეშად არღვევს რელიგიური თავისუფლების პრინციპებს და მიმართულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისკენ.

ღარიბაშვილმა "ბიბლიური თავისუფლება" ქვეყნის უსაფრთხოების რღვევისკენ მიმართულ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ შეაფასა და მიზნად დაისახა აღნიშნული საკითხის მოგვარება.

დაფუძნების დღიდან "ბიბლიური თავისუფლების" უპირველესი მიზანი ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლა და მათი დახმარებაა. "ბიბლიური თავისუფლების" მიერ გაცემული მოწმობების საშუალებით, რომლითაც ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმსახურები არიან, მათ აქვთ შესაძლებლობა თავი აარიდონ დაკანონებულ სავალდებულო სამხედრო "მონობას".

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებული სისტემა მონობის თანამედროვე ფორმაა.  ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე უზნეო და ამორალური მექანიზმია სახელმწიფოს ხელში, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე გავლენიანი რელიგიური ორგანიზაცია - საქართველოს ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია. 


საქართველო სეკულარული სახელმწიფოა,  აქედან გამომდინარე, ის არა მხოლოდ ვალდებულია განიხილოს ყველა რელიგია თანაბრად, არამედ მან უნდა შექმნას გარემო, რომელშიც ყველას ექნება თავისი რწმენის რეალობაში აღსრულების თანაბარი შესაძლებლობა. საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება გირჩის წინააღმდეგ, ცალსახად რელიგიური დისკრიმინაციაა, რაც არღვევს საქართველოს მიერ ნაკისრ საშინაო და საერთაშორისო ვალდებულებებს.

- ვკითხულობთ "ბიბლიური თავისუფლების" მიმართვაში.

"ბიბლიური თავისუფლება" მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით, დაუჭირონ მხარი მონობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ეს ამორალური განცხადებები და ინიციატივები, საქართველოს მთავრობის მხრიდან, არასოდეს იქცეს რეალურ კანონმდებლობად.

"ბიბლიური თავისუფლება" დაახლოებით 2 წლის წინ  დაარეგისტრირა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დაფუძნების დღიდან "ბიბლიურმა თავისუფლებამ" 25 000 ახალგაზრდა იხსნა სავალდებულო საყარაულო სამსახურისგან.

მიმართვის ადრესატები არიან ისეთი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა Freedom House, Human Rights Watch და ა.შ.

 



კომენტარები