სიახლეები

"სისტემას გაბოროტებული, ყველაფერზე წამსვლელი, ცივსისხლიანი ნაბიჭვრების გამოზრდა უნდოდა"

სავალდებულო სამხედრო სამსახურის თემა ისევ აქტუალურია საზოგადოებაში, მინდა ჩემი ისტორია მოვყვე, სამშობლოსთვის მსახურების მოტივით როგორ წამიყვანეს ყარაულად, როგორ მზრდიდა სისტემა, რას ვგრძნობდი და რა სირთულეები გავიარე ამ პერიოდში, სისტემის შიგნით ნამყოფი ადამიანის თვალით შევეცდები დაგანახოთ, თუ რამხელა ბოროტებაა ჯარად წოდებული ლეგალიზებული მონობა და რა გეგმები და მიზნები აქვს სისტემას დამონებულ ახალგაზრდებზე, პატარა შესავალით დავიწყებ.

გუშინწინ პარლამენტში, აწ უკვე ნახმარმა და გამოცვლილმა პრემიერ მინისტრმა, ამჟამად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მონობას შეჩვეული საზოგადოების ბნელი ნაწილისთვის და მონობის დამკანონებელ-გამპრავებელი ელექტორატისა თუ საპატრიარქოსა და მისი დაზომბებული მრევლისთვის საჯაროდ იკეკლუცა, პოპულისტური ლოზუნგები ისროლა და კუნთები წაათამაშა. საქმე ეხებოდა ახალგაზრდებს, რომლებიც გირჩის წყალობით სავალდებულო ყარაულობას კანონიერი გზით თავს არიდებენ. ღარიბაშვილმა გირჩს სექტა უწოდა და სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ასეა, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, რას აღარ გეძახიან და რას აღარ გაბრალებენ.

მომავალ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც თსუ-ში ბუტაფორიული სამხედრო კათედრის გავლით თავი აარიდა სამხედრო სამსახურს, რომლის პრემიერობის დროსაც შეგნებულად ჩააგდეს საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვითი იარაღისა და სისტემის შეძენის კონტრაქტი, რომლის პრემიერობის დროსაც გაუქმდა რამდენიმე სამხედრო ბრიგადა და ოკუპირებულ ზოლთან განთავსებული საგუშაგოები და ა.შ, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ვინმეს „ჯარში“ წასვლისკენ მოუწოდებდეს და ვინც თავს არიდებს კანონიერი გზით, დეზერტირებს და ქვეყნის დამაქცეველებს უწოდებდეს.

ახლა რაც შემეხება მე და ჩემს იძულებულ „ჯარისკაცობას“. 2011 წლის თებერვალში, 18 წლის რომ ვიყავი, სახლში კომისარიატის გაწვევა მომივიდა, საერთოდ არ იყო ჩემს გეგმებში „ჯარში“ წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მაშინ არც გირჩი იყო, არც „კრიშა“ მყავდა, არც ვსწავლობდი და არც ყოველ წელს სახდელი 2000 ლარი მქონდა. ბარში ვმუშაობდი მიმტან-ბარმენად. მარტში 10 დღიანი ე.წ კარანტინი გაგვატარეს, იალგუჯას ბაზაზე 9 ტყვიის სასროლად წაგვიყვანეს და შსს-ს „მოდულის“ შენობაში გამამწესეს ყარაულად. ოჯახის არც ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, სამსახურზე უარი ვერ ვთქვი, პარალელურ რეჟიმში, ბარშიც ვმუშაობდი და სამ დღეში ერთხელ „ჯარსაც“ ვიხდიდი. მალევე მივხვდი, თუ რა საშინელი ერთი წელი მექნებოდა, 24 საათი ქარში, წვიმაში, მზის გულზე, ყინვაში ფეხზე დგომა, ღამის თენება და შემდეგ, წვეთი ძილის გარეშე, ბარში 14 საათი მუშაობა, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მეორე დღეს, დილიდან შუადღემდე „სამხედრო სწავლებები“, რობოკოპებით, ფარებით და ხელკეტებით (აქციის დაშლას და ხალხის კარგად ცემას გვასწავლიდნენ, მთავრობის დაცვას და სისტემის სამსახურში ყოფნას ეძახიან სამშობლოსადმი სამსახურს) ამის შემდეგ ისევ 24 საათიანი ყარაულობა, სადაც ჩინოვნიკ ბიძერებს მხედრული სალამით უნდა შეხვდე და შლაგბაუმი თავის დროზე უნდა გაუღო, თუ დაგაგვიანდა შენს უფროსს ეტყვიან რომ უყურადღებოდ ხარ და დაგერხევა, შენობის შესასვლელში შსს-ს თანამშრომლების უმრავლესობა, შენი მოვალეობის მოხდის და მათი საბუთის შემოწმების მოთხოვნაზე "რაარის ბიჭო რა ვერ დამიმახსოვრეო" აგდებულად გპასუხობენ და გაბულინგებენ, თუ მაგაზე ადეკვატური პასუხის გაცემა გაბედე მაგაზეც მაგრად გერხევა, იმიტომ რომ მაგათ „ვლასწი“ აქვთ და შენ „სალაგა“ ხარ, რომ დაღამდება, სულ იმაზე ფიქრობ რომ მალე გათენდეს, სადმე ფეხზე მდგომელს არ ჩამოგეძინოს და ცვლის უფროსმა არ დაგიჭიროს თორემ მაგაზეც ისევ და ისევ მაგრად დაგერხევა, მეორე დღეს სახლში არ გაგიშვებენ, დასჯის მიზნით სმენაში დაგტოვებენ და რამე უაზრობებს გაკეთებინებენ, არანაირი შინაარსი რომ არ აქვს, უბრალოდ გსჯიან და იმასაც ვერ აცნობიერებენ რომ ჯობია სახლში გაგიშვან, გამოიძინო და ძალები აღიდგინო, ვიდრე გამოფიტულს მაგალითად სარეველა გათელინონ, ყველაფერზე გსჯიდნენ, ყველაფერზე გერხეოდა, რობოტი მონა უნდა ყოფილიყავი, ჯარისკაცს ხომ არ შია, არ წყურია, არ იღლება, არ ეძინება და არც ბუნებრივი მოთხოვნილებები აქვს. ერთხელ ტელეფონი გამომყვა სახლიდან, არ შეიძლებოდა ტელეფონი სმენაში, სანამ განწესი დაიწყებოდა მე თვითონ ვთქვი რომ ტელეფონი გამომყვა, სახლში ვერ ვასწრებდი აბრუნებას და წამოვიღე, ჩაგაბარებთ და დილას წავიღებ თქო, განყოფილების უფროსის მოადგილემ, რას ქვია ტელეფონი წამოიღე, ხო იცოდი რომ არ შეიძლება, ახსნა-განმარტებას დაწერ და ხვალე მოგევლებაო, მეორე დღეს სახლში არ გამომიშვეს და 24 საათით ისევ იქ დამტოვეს. ძარღვები მასკდებოდა ყელზე, ამხელა უსამართლობას და განუკითხაობას რომ ვერაფრით ვუპირისპირდებოდი.

„ჯარის“ სმენის შემდეგ გამოძინების ფუფუნება არასდროს არ მქონდა, ეგრევე ბარში მივდიოდი, ბარიდან ღამის 3-4 საათზე სახლში მოსული, 3 საათზე მეტის დაძინებას ვერ ვასწრებდი, დილის 7-ზე ვდგებოდი და იმ აქციის დაშლის მასტერკლასზე მივდიოდი, მერე ისევ სამსახური, სამსახურის მერე 3 საათიანი ძილი, ისევ ჯარის სმენა და ასე მთელი წელი. ასეთი გადატვირთული რეჟიმის გამო, თავისთავად სმენაში მუდმივად მეძინებოდა და მაგის გამო მაგრად მერხეოდა. ერხელ სიარულის დროს ჩამეძინა, ბევრს არ სჯერა ხოლმე მაგრამ ასე იყო, ღამის 4 საათი იქნებოდა, საშინლად მეძინებოდა, თვალები მეხუჭებოდა და ისე "მაკიმარებდა" რომ ხან იქით წამაბარბაცებდა და ხან აქეთ, მთელი ღამე დავდიოდი ტროტუარზე, დავრბოდი, აზიდვებს და ბუქნებს ვაკეთებდი, ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს და მოკლედ რას აღარ ვაკეთებდი რომ ცოტა მაინც გამოვფხიზლებულიყავი, ბოლოს მაინც ჩამეძინა, სიარულის დროს, აი მართლა ტროტუარზე ზომბივით დავდიოდი თვალებ დახუჭული და ისეთი გათიშული რომ ცვლის უფროსმა მანქანა რომ მომიყენა ცხვირწინ ეგეც კი ვერ გავიგე, გადმოვიდა მანქანიდან და რაციის მოპარვა უნდოდა, ძილზე რომ უნდა დავესაჯე მაგას არ კმარობდა და რაციის მოპარვაც უნდოდა რომ უფრო ცუდი ჯარისკაცი გამოვეყვანე და "ჰაუტბახტში" გავეშვი უფროსობას, ბოროტების საფეხურს ხვდებით? ყველამ იცოდა ჩემი მდგომარეობა და ამის მიუხედავად მაინც ასე იქცეოდნენ, ფეხებზე ეკიდათ ყცელაფერი, არაფერი ადამიანური არ ჰქონდათ. ახლოს რომ მოვიდა და რაციის ამოღება დაიწყო ჩემს ქამარზე მიმაგრებული ჩასადებიდან, მაგაზე გამოვფხიზლდი და აგონიაში მყოფმა ლამის ხელი დავარტყი, რომ დავინახე და ვიცანი ეგრევე გავშრი, მივხვდი რომ მაგრად დამერხა, მესამედ ვყავდი უკვე დაჭერილი ძილზე, რატომ გეძინაო მკითხა, რა სულელური კითხვაა თქო ჩემთვის გავიფიქრე და ვუთხარი ბატონო ლეიტენანტო ამას ძილი ქვია? რა აღარ ვქენი რომ გამოვფხიზლებულიყავი და სიარულის დროს ჩამეძინა, ზომბივით დავდიოდი თქვენც ხომ ნახეთ, დაბლა მჯდომარეს ან თუნდაც მიყუდებულს მაინც რომ მძინებოდა ხმას არ ამოვიღებდი, ხომ ხვდებით როგორ მდგომარეობაში ვარ თქო, შევეცადე ამეხსნა რაღაცეები და რამე ადამიანური გამეღვიძებინა მასში მაგრამ ჩემი ფეხები, მაგრად ეკიდა, დამსაჯეს და მეორე დღეს სახლის ნაცვლად შავნაბადაზე გამიშვეს ერთი კვირით, კბილი მტკიოდა საშინლად და სტომატოლოგთან მისვლაც კი არ მაცადეს რომ დაჩირქებული ნერვი მოეკლა, არ გვაინტერესებს, გამაყუჩებელი დალიეო, ცალკე კიდევ სამსახურში ვერ მივედი, ჩემს შემცვლელს ვერ პოულობდნენ და მანდაც პრობლემები შემექმნა. შავნაბადაზე რომ ავედით, რამდენიმე ჩემნაირად დასჯილი დამხვდა, უბრალოდ ყველა სხვა და სხვა მიზეზებით, ბაზის უფროსი დაგვხდა, დიდი არაადამიანი ვინმე იყო, ეგრევე დამცირება დაიწყო, ჰაა მოხვედით ძილის მოყვარული და საჩოკი სალაგები? მოგხედავთ ერთ კვირაშიო, ცვლის უფროსს და კაპრალს დაავალა, ესენი გაჩერებული და ტყუილად დამჯდრები არ დავინახოო თორემ თქვენ აგებთ პასუხსო, ისინიც ზედმიწევნით ასრულებდნენ ბატონი ვიცე-პოლკოვნიკის ბრძანებას, ყველაფერს გვაკეთებინებდნენ საერთოდ, ყველანაირ საქმეს, უმეტესად ისეთ სისულელეებს ზუსტად რომ ვიცოდით რომ არავის არაფერში სჭირდებოდა მაგრამ დასჯილები ვიყავით და გვაკეთებინებდნენ, აბა ტყუილად ხომ არ ვიქნებოდით, რაღაც 20 მეტრის სიგრძის ერთმანეთში ახლართული მაზუთიანი ტროსი ეგდო და ეს უნდა დაშალოთ და განაცალკევოთო, იქაურმა ბიჭებმა გვითხრეს აქ ვინც ამოყავთ ყველას ამას აკეთებინებენ, არაფერში არ სჭირდებათ და არც არაფერს უშლით, უბრალოდ გაწვალებენო, ამ ახლართულ ტროსთან ჭიდაობაში, რამდენჯერმე ლამის თვალი გამოვითხარე, თავი და ფეხები სულ დასიებული მქონდა იმდენჯერ მომხვდა, გადაბმის ადგილიდან მოწყვეტით გამოვარდნილი, ღამეც კი არ გვასვენებდნენ, სამჯერ გვაღვიძებდნენ განგაშით, ჯერ "ჯამფებს" გვაკეთებინებდნენ (ვინც იცით რა არის დამეთანხმებით რომ ერთერთი ყველაზე რთული და მურტალი ვარჯიშია) და მერე 3 კილომეტრს გვარბენინებდნენ, მართლა ეგონათ რომ გამოფიტულს და ჯანმრთელობა მომსპარს დასჯა გამომომასწორებდა და აღარ დამეძინებოდა საგუშაგოზე. გავიდა ეგ ერთი კვირა, დავბრუნდი მოდულში და ისევ ისე გაგრძელდა ყველაფერი, ისევ ყველგან მეძინებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს უმეტესად კაპრალები მიჭერდნენ, რომლებსაც ჯერ ახალი შებიჯებული ჰქონდათ სისტემაში და შედარებით ჯიგრები იყვნენ, ვერ მოესწროთ გაბოროტება.

მოკლედ, ისე ცუდად ვიყავი რომ ყველგან ვიძინებდი, საერთოდ ყველგან, მეტროში, ერთი სადგური რომ მქონდა გასავლელი იქაც კი მეძინებოდა და ხან ერთ ბოლოში მაღვიძებდნენ „ბოლო გაჩერებაა ძმაოო“ და ხან მეორე ბოლოში. ერთხელ ზამთარში, სმენიდან გამოსული, სახლში მოვდიოდი გაყინული, მაგ ღამეს ყველაზე მურტალი ყინვა იყო რაც კი ყინვები მინახავს, ბათინკებიც კი არ გვქონდა წესიერი და დილას სმენიდან სახლში წასულს და სახლიდან სამსახურში წასულს, რამდენიმე საათის შემდეგაც კი ისევ გაყინული მქონდა ხოლმე ფეხები. ვაგზალზე შევედი მატარებელში და მოვკალათდი, ახმეტელამდე მთელი 17 წუთი მქონდა რომ თვალი მომეხუჭა და ცოტა მაინც დამეძინა, ბარში 14 საათიანი სამუშაო მელოდა, გადის რაღაც დრო და მესმის მატარებლის ინფორმატორის ხმა „შემდეგი სადგური მარჯანიშვილი“, ვერ მივხვდი უცბად, რაის მარჯანიშვილი და ვარკეთილი, აქეთ მხარეს რა მინდა, ახმეტელზე არ მივდიოდი თქო? გამოვვარდი მატარებლიდან და მივხვდი რომ თურმე ახმეტელზე ვერც ჩემით გამეღვიძა, არც არავინ გამაღვიძა, მოტრიალდა მატარებელი და უკანა გზაზე ისევ სადგურის მოედანზე აღმოვჩნდი. განადგურებული ვიყავი ფიზიკურად, სამ დღე-ღამიან ციკლში (72 საათში) ჯამში 12 საათი თუ მეძინა საწოლში, ადამიანურად, დანარჩენი ტრანსპორტში, სამსახურში სკამზე, ლიფტში და სად აღარ.

ბოლო თვეებში "დემბილი" რომ გავხდი (შენს "გაწვევას" რომ უწევს უკვე ჯარის დამთავრება დემბილს გეძახიან) აქციის დაშლის მასტერკლასები დავამთავრეთ, გახარებული ვიყავი, ამ ერთ დღეს მაინც არ მომიწევს დილის შვიდ საათზე ადგომა და რამდენიმე საათი გამომითავისუფლდება ძილისთვის თქო მაგრამ ამ სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, ახალი სამმართველოს უფროსი დაგვინიშნეს, ასევე დიდი არაადამიანი ვინმე (მოკლედ თითქმის ყველა ეგეთი იყო) სიგარეტს და მწეველებს ვერ იტანდა, ჯანმრთელ ცხოვრების წესზე იყო შეყვარებული და ყოველ მესამე დღეს, იმ რობოკოპ-ხელკეტიანი სწავლებების ნაცვლად იპოდრომზე ვარჯიშები დაგვინიშნა დილაობით, ერთხელაც ამ ვარჯიშზე მისული, ვატყობდი რომ ვერ ვიყავი კარგად, როდის ვიყავი რომ? მაგრამ მაგ დღეს განსაკუთრებულად, მაღალი ტემპერატურა მქონდა აშკარად, თებერვალი იყო, ყინავდა და თოვლი იდო, არ მითქვია თავიდან ცუდად რომ ვიყავი, იქნებ გავქაჩო თქო, აზიდვები, ბუქნები და პრესები გავქაჩე ძლივს ძლივობით, მაგრამ მივხვდი რომ სირბილის დროს სადმე დავეცემოდი აუცილებლად, ცვლის უფროსის მოადგილეს ვუთხარი, (ეს განსაკუთრებულად არაადამიანი ხიხო იყო, უნდა აღინიშნოს) ბატონო კაპიტანო, ძალიან ცუდად ვარ, სიცხე მაქვს აშკარად და დღეს ვერ ვირბენ თქო, გაცოფდა, შენი საჩკაობა ყელშია უკვე, დავაი მალე წადი სარბენადო, ის იყო მართლა რომ დავაპირე წასვლა, რაც იქნება იქნება თქო და მეგობარი გამომესარჩლა, ბატონო კაპიტანო მართლა ცუდადაა, შეხედეთ, სულ ლურჯია სახეზეო, სხვა ბიჭებიც აგვყვნენ, შემომხედა და მიხვდა რომ არ ვსაჩკაობდი და მართლა ვერ ვიყავი კარგად მაგრამ თავისი რომ ვერ გაიტანა, გაბრაზებულმა დამემუქრა, ახლა დაჯექი მანდ და ხვალ მოგხედავ სმენაშიო. დავჯექით მე და ჩემი მეგობარი, ისიც ცუდად იყო, ცოტა ხანი ვიჯექი, თავს ცუდად ვგრძნობდი, გულის რევის შეგრძნება მქონდა და ცოტას გავივლი თქო ვიფიქრე, მოშორებით მაყვლის ბუჩქები იყო და იქით წავედი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, უკან წამოსვლა რომ დავაპირე ვიგრძენი რომ თავბრუ დამეხვა, ტუჩები გამიბუჟდა, პირი გამიშრა, ფეხებში სისუტე ვიგრძენი და რამდენიმე წამში მოწყვეტით დავეცი დაბლა, იმდენად ცუდად ვიყავი ხმამაღლაც კი ვერ ვიძახოდი საშველად, სუნთქვა მიჭირდა, თვალები მეხუჭებოდა და გული ამოვარდნაზე მქონდა, ეგეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნოდა და მეგონა რომ ნამდვილად ვკვდებოდი, ასე ვეგდე დაბლა უმწეოდ სადღაც 2 წუთი, რომ დამაგვიანდა უკან დაბრუნება გამომხედა ამ ჩემმა მეგობარმა, დამინახა დაბლა გათხლაშული და დასახმარებლად გამოიქცა, გამილაწუნა ერთი ორი, თოვლით სახე მომწმინდა, წამომაჯინა, წყალი დამალევინა და მეც ცოტა თვალებიდან გამოვიხედე, სახლში რომ მივედი 39.5 მქონდა სიცხე.

2011 წლის მაისში, ბურჯანაძე და გრეჩიხა აქციებს რომ მართავდნენ რუსთაველზე, ყაზარმულზე გადაგვიყვანეს მთელი ჯარი და თითქმის ერთი კვირა მოდულის შენობაში დაგვალპეს, აბაზანის მიღების საშუალებაც კი არ იყო, 19 წლის რამდენიმე დღის გამხდარი ვიყავი, ახალგარზდა ბიჭს წარმოდგენა არ მქონდა პოლიტიკაზე, არც მაინტერესებდა, ვერც იმას ვაცნოვიერებდი რუსთაველზე რა ხდებოდა, რაღა შორს წავიდე, ჩემს თავს რაც ხდებოდა ეგეც რომ პოლიტიკა იყო მაგასაც კი ვერ ვხვდებოდი, ისე ვიყავით ფსიქოლოგიურად დამუშავებულები და ფიზიკურად განადგურებულები რომ ცოფიან ძაღლს ვგავდი, საშინელი ბრაზი და ზიზღი მქონდა აქციაზე მდგომი ხალხის მიმართ და მათთან ფიზიკურად გასწორების სურვილით ვიყავი შეპყრობილი, მალევე მოვედი აზრზე, გავაცნობიერე რომ იქ ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, რომლებსაც რაღაცა უჭირთ, რაღაცა სტკივათ, იქ შეიძლება ჩემი მეგობარი ან ნათესავი იდგეს, ვინმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, ეს ყველაფერი რომ გადავხარშე თავი შემძულდა, გამახსენდა როგორ მოდიოდნენ არც თუ ისე იშვიათად სხვა და სხვა თანამდებობის ოფიცრები და "ჰაა ბიჭებო დაიღალეთ? სახლში გინდათ? რა ვქნა აბა, მეც სახლში მინდა მარა ვერსად ვერ წავალთ სანამ ეს მოღალატეები იქ დგანან, უხ ამათი, ამათ გამო ვართ ოჯახებს მოწყვეტილები, ღამეებს რომ ვათენებთ" და ა.შ, მსგავსი ტექსტებით "გვგრუზავდნენ" რომ მაქსიმალურად შეგვზიზღებოდა ის ხალხი და საჭიროების შემთხვევაში არ დაგვენდო, მივხვდი რომ სწორედ ეს უნდოდა სისტემას, სწორედ ამიტომ გვექცეოდნენ ასე, გაბოროტებულ და ყველაფერზე წამსვლელ, ცივსისხლიან ნაბიჭვრებად რომ ვქცეულიყავით.

25 მაისის ღამეს მობილიზება გამოცხადდა, დაიწყო მზადება აქციის დასარბევად, კუდ-ის და სოდ-ის სპეცრაზმი გახარებულები, ბრძოლის ყიჟინით ემზადებოდნენ, მოვიდა ამათი დედის **ვნის დროო, დათა ახალაია მაშინ კუდ-ის უფროსი იყო, მაგას ცალკე ბანდა ყავდა, თვითონ და 20 კაცამდე პირადი დაცვა, ჩახტნენ რამდენიმე პიკაპში კბილებამდე შეიარაღებულები და პირველებმა მაგათმა დაგაზეს, ჩვენი სავლდებულო ჯარის დანაყოფს რუსთაველიდან გასასვლელი ქუჩების გადაკეტვა დაევალა, ვერსად რომ ვერ გაქცეულიყო ხალხი და მთელი ღამე ეცემა სპეცრაზმს, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ აქციაზე წამსვლელთა სიაში არ მოვხვედრილიყავი და იმ ჯაჭვის რგოლი არ ვყოფილიყავი რომელიც ხალხს გაქცევის საშუალებას არ მისცემდა, რაღაცეები "ვიჩალიჩე" და მოდულში დავრჩი საგუშაგოზე, აქციის დაშლა რომ დაიწყო თან ბრაზი მახრჩობდა და თან საოცარ შვებას ვგრძნობდი, რამდენიმე საათის წინ მაგ ყველაფერში მონაწილეობის მიღება რომ მინდოდა მეც, ბეწვზე რომ გავიარე და ძლივს რომ გადავურჩი გაბოროტებას. ბრაზი მახრჩობდა რომ ამ სისტემის ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ მისი აფეთქების სურვილი მქონდა.

26 მაისის დილას, მიზანი მიღწეული იყო, აქცია დაშალეს, ხალხი დახოცეს და დაასახიჩრეს, ბევრიც დაიჭირეს და ა.შ, საგუშაგოზე ვიდექი, მთავარ შლაგბაუმთან, მაღალი თანამდებობის პირები საიდანაც შემოდიან, ვხედავ ვაჟა-ფშაველას გამზირზე რამდენიმე შავი ჯიპი და პიკაპი როგორ მორბის აწყვეტით და ეგრევე შლაგბაუმს ვეცი, ახალაია მოვარდა თავისი ამალით და რომელიღაც დაკავებული ყოფილი გენერალი მოიყვანეს, გვარი აღარ მახოვს, სამშობლოს ღალატს ედავებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ახალაიამ მოდულის შენობის ჰოლიდან ვერანდაზე გაათრია ეს დაბმული გენერალი, მთელი სპეცრაზმის და ჯარის თვალწინ დააჩოქა და სახეზე "ვინჩესტერი" მიუშვირა, რამდენიმეჯერ შეაგინა და სასხლეტს გამოჰკრა, გასროლის ხმა იყო ჩვეულებრივი, წამიერად შოკში ჩავარდა ყველა, ყველას ეგონა რომ საბოლოოდ გაჭედა და კაცი მოკლა იმ ავადმყოფმა სამინისტროს ეზოში, რას ვიფიქრებდით "ხალასტოი" ტყვიები თუ ედო, იმ გენერალს წარბიც არ შეუხრია. დიდი გამძლეობის მქონე კაცი იყო როგორც ჩანს.

მოკლედ, გავიდა ერთი წელი, "მოვიხადე ჩემი ვალი სამშობლოს წინაშე", რა მასწავლეს? ბევრი რამ მაგრამ არაფერი დამიმახსოვრებია, თავიდან ამოვიგდე მაგათი მოცემული "ცოდნა", ჩემით ის ვისწავლე რომ ასეთ სისტემას ახლოს არ უნდა გაეკარო, ადამიანობას დაგაკარგვინებს, დავინახე რას აკეთებენ ჩინოვნიკები როდესაც ძალაუფლება აქვთ და მონებიც არ აკლიათ. სახელმწიფოს ძალა ვიგრძენი, თუ რამხელა ბოროტებების ჩადენა შეუძლია სისტემას.

19 წლის ბიჭი, ერთ წელში დავბერდი, ფიზიკურად აღარ ვვარგოდი, სულ მეძინებოდა, მადა არ მქონდა, 60 კილოზე ჩამოვედი, თვალები ჩამვარდნოდა და ჩამლურჯებოდა, თმაში ჭაღარებიც კი გამიჩნდა, ერთი წელი წამართვეს, უფასოდ მამუშავეს, ჯანმრთელობა მომისპეს, ფსიქოლოგიურად დამასუსტეს და გამომიშვეს, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის და ისევ ადამიანისთვის დასამსგავსებლად.

მე ის ერთერთი ახალგაზრდა ვიყავი რომელიც სისტემამ დაიმონა, სამშობლოსთვის სამსახურის მოტივით ყარაულად წაიყვანა და ცდილობდა სისტემის მორჩილი, უგულო, ცივსისხლიანი ნაბიჭვარი გამოეწრთო, ჩემს შემთხვევაში არ გამოუვიდა მადლობა ღმერთს, დავუსხლტი მატრიცას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გამოსდის, კარგად იცის სისტემამ თავის შიგნით მყოფი ადამიანების "დავერბოვკება". მე ვიქნები ის ერთერთი ადამიანი რომელიც ყველგან, ყველა საუბარში და ყველა ფრონტზე იბრძოლებს სისტემის წინააღმდეგ და არ მისცემს საშუალებას რომ ჩემნაირად დაიმონოს ახალგაზრდები რომლებსაც უბრალოდ თავისუფლება უნდათ, საკუთარ ცხოვრებაზე უარი ათქმევინოს, ჯანმრთელობა მოუსპოს, თუ გამოუვიდა დაამუშაოს და მონების საზოგადოებაში თავისი ადგილი მიუჩინოს.

 

კომენტარები