სიახლეები

563 Views
პოლიტიკა

მეგრელიშვილი: ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მთავარი გამოწვევა - გირჩი!

„ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ვახო მეგრელიშვილიც ეხმაურება.

როგორც მან გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ღარიბაშვილმა, ყველაზე ემოციურად სწორედ „გირჩთან“ და „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, მისთვის „ნატო“ და თავდაცვის პრობლეები იმდენად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, როგორც „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია.

ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, მთავარ პრობლემად „ბიბლიური თავისუფლება“ ახსენდება, რომელსაც თავდაცვასთან, შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს და ეს ესმის ამ ქვეყნის ნებისმიერ საღი აზრის მქონე, ოდნავ ინფორმირებულ მოქალაქეს

მისივე თქმით, რასაც დღეს ღარიბაშვილი ამბობს, ამას, ნებისმიერ შემთხვევაში, ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

მთელმა პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სიგიჟეზე, რომელიც მათი ჩადენილიც კი არ არის. ეს კანონმდებლობა ამ პარლამენტს დახვდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ ამაზე არ აქვთ, მაგრამ აუცილებლად გაუჩნდებათ, როგორც კი შეეცდებიან ამ კანონის იძულებით გატარებას ცხოვრებაში

მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ის, რასაც „ბიბლიური თავისუფლება“ აკეთებს, ყველაფერი კანონის ფარგლებშია და ხელისუფლება საკუთარ კანონს არ ცნობს.

საკუთარივე კანონის გაგება უჭირს და მისი ცნობა არ უნდა, იმიტომ რომ მის გემოვნებას არ შეეფერება. ამას აკეთებს ახლა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი და ეს უნდა გადაიზარდოს დიდ პოლიტიკურ თამაშში, სადაც უნდა ჩაერთოს მთელი პარლამენტი.

მე არ მჯერა, ოდესმე ვინმემ შეძლოს დამტკიცება, რომ ღარიბაშვილი თავდაცვაზე ზრუნავს. ღარიბაშვილი თავდაცვაზე არ ზრუნავს. ეს არის პოლიტიკური გამოსვლა, პოლიტიკური მიზნებით და კონკრეტულ ამომრჩეველზე გათვლილი

 - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „გირჩს“ სექტა უწოდა და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის არსებობა ჩვენი ჯარის ძლიერებას ხელს უშლის.

კომენტარები