სიახლეები

2330 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: არ უნდათ დაინახონ, როგორ ყიდის გაჭირვებული ადამიანი ჩურჩხელას

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, გაჭირვებული ადამიანების ხმა არ ისმის. არავინ არ ალაპარაკებს ჩურჩხელის გამყიდველს, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ვისაც სხვა პრობლემები მოგვარებული აქვს, ისინი ჩაგრავენ ამ გაუბედურებულ ადამიანებს

- ასე გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე ლევან ჯგერენაიას მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ასახულია როგორ ააშლევინეს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა დახლი ჩურჩხელების გამყიდველ გარემოვაჭრეს რუსთაველის გამზირზე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სანამ კერძო საკუთრება არ არსებობს, არ არსებობს წესები ვიღაცამ დაადგინოს, რისი კეთება შეიძლება და რისი არა - მათ შორის, გარევაჭრობა.

ორი ინტერესია ერთმანეთთან დაჯახებული - გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც შემოსავლის სხვა საშუალება უბრალოდ არ აქვს და მეორე - ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და ცხოვრების ისეთ სტანდარტს მიაღწიეს, რომ იმის პრობლემა არ აქვთ საკუთარ შვილებს აჭამონ საღამოს, არც იმაზე ნერვიულობენ, მანქანაში ბენზინი როგორ ჩაასხან და არც იმაზე, წელიწადში ერთხელ მაინც როგორ იმოგზაურონ და წავიდნენ დასასვენებლად.

ამ ხალხს აქვს პრეტენზია რომ იმის გამო რომ ეს პრობლემები მოგვარებული აქვთ, სხვა ისეთი ტიპის პრობლემების მოგვარებაც უნდათ - არ მოსწონთ გაჭირვებულ ადამიანს რომ ხედავენ და მერიის თანამშრომლები, ეს ინსპექტირების სამსახური, სინამდვილეში, ამ ხალხის ინტერესების გამტარებლები გამოდიან. რაღაცა პატარა ელიტა იმ ადამიანების, რომლებიც სიღარიბის იმ მდგომარეობიდან გამოსულები არიან, რა მდგომარეობაშიც მოსახლეობის ნაწილი არის და პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ არ უნდათ დაინახონ გაჭირვებული ადამიანი როგორ ყიდის ჩურჩხელას. ამას თვლიან ქალაქის იერსახის დამახინჯებად.

არასწორია საჯარო სივრცეში იმის დადგენა, ვის აქვს გაყიდვის უფლება და ვის არა, შეუძლებელი მგონია ეს, სანამ კერძო საკუთრება არ იქნება“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე, გარემოვაჭრეს დახლი „ქალაქის სიყვარულის“ მიზეზით დააშლევინეს.

ლევან ჯგერენაიას შეკითხვაზე, რატომ უნდა დაეშალა ამ ადამიანს დახლი, ისნპექციის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევაა და კანონით განსაზღვრული ადგილების გარდა გარევაჭრობა არ შეიძლება.

კომენტარები