სიახლეები

გიორგი ლიუბარეცი: ახლა მესმის რატომ ტიროდა ბებიაჩემი

გამოხმაურება ლევან ჯგერენაიას ვიდეოზე.

ბებიაჩემიც გარემოვაჭრე იყო. წიგნებს ყიდდა ბარათაშვილის ქუჩაზე. ძალიან კარგად მახსოვს ყველა დეტალი. ოჯახში მთავარი შემომტანი ეგ იყო. მაგან გამზარდა, შიმშილით რო არ მოვკვდი, ეგეც მაგის დამსახურებაა. ბებიაჩემმა მიყიდა პირველი კომპიუტერი, რომელზეც კოდის წერა ვისწავლე და დღეს ასე თუ ისე წარმატებული ადამიანი ვარ.

ბანკის წინ ვაჭრობდა ზუსტად. ბანკთან შეათანხმა და ისე. ისინიც აქეთ ეხმარებოდნენ, წყალი გამოჰქონდათ ხოლმე და არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ საერთოდ. იქვე სხვა მაღაზიის მეპატრონეები წიგნების შესანახ ადგილსაც აძლევდნენ (ფულის სანაცვლოდ რა თქმა უნდა). ჰოდა ზუსტად იმ "სისხლიანი 9 წლის" პერიოდში, 7 წელი რო მაგაზე ლაპარაკის გარდა საქმე არ გიკეთებიათ, იგივე მერიის თანამშრომლები მიდიოდნენ და იგივენაირად ძალადობდნენ ხოლმე.

დღეს ამ ბებოზე ძალადობთ.

თავიდან "ჯიგრულად" დაიწყეს, აქ ნუ დგახარ, სხვაგან წადი რომ არ ჩანდეო. რამდენჯერმე რომ მიუვარდნენ, ადგა და გადავიდა მოფარებულში, პრობაციონერების განყოფილება რომაა, მაგის გვერდით. ჰოდა ცოტა ხანში მანდაც მიადგნენ. რამდენჯერმე წიგნები მოჰპარეს, ერთხელ ძალის გამოყენებით მივარდნენ, დასადგამი გადმოუგდეს და 60 წლის ქალს ასფალტიდან აკრეფინეს წიგნები, "იერსახეზე ზრუნვის" მოტივით. მაგ დღეს ბებიაჩემი დღის 4 საათზე დაბრუნდა ხელცარიელი სახლში. კარგად მახსოვს.

დღეს ამ ბებოს ჩურჩხელები მოჰპარეთ.

სახლში როცა ბრუნდებოდა ხოლმე ბებიაჩემი საღამოს, 12 წლის მე ხვდებოდა ხოლმე კარში, იმის მოლოდინით, რო საჭმელი მოიტანა. იცით, როდის არ მოჰქონდა ხოლმე საჭმელი? როცა მერიის თანამშრომლები და პოლიცია მიუვარდებოდა ხოლმე. ეხლა ვხვდები, როგორი მტკივნეული იყო კითხვა "რატო არ მოიტანე არაფერი? მშია" ბებიაჩემისთვის და რატო ტიროდა ხოლმე სულ. იმიტო ტიროდა, რომ მშიერი შვილიშვილი ელოდებოდა სახლში და სისტემას ეგ უფრო ერჩივნა, ვიდრე ის, რომ ევაჭრა.

დღეს ამ ბებოს დახვდება მშიერი შვილიშვილი სახლში.

იცით, რას ვჭამდი ხოლმე იმ დღეებში, როცა მერიის სამსახური ადგებოდა ბებიაჩემს? არაფერს. საერთოდ არაფერს. მშიერი ვიძინებდი და მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, რომ იქნებ ხვალ მაინც მოიტანს რამეს. და ბებიაჩემს ვაბრალებდი. 12 წლის მშიერი მე ვერ ხვდებოდა, რომ უბრალოდ მოძალადე სისტემას უნდოდა ეგრე და არა ბებიაჩემს.

დღეს სხვა 12 წლის გიორგი დაიძინებს მშიერი და ხვალინდელ დღეს დაელოდება საჭმელად.

დღეს თქვენი "ზედამხედველობის სამსახური" ზუსტად იგივეს უკეთებს ამ ბებოს, რასაც "სისხლიანი 9 წელი" უკეთებდა.

აღარაფრით განსხვავდებით ბოლო პერიოდის ნაცებისგან. ისინიც გააბოროტა ძალაუფლებამ და თქვენც იგივენაირი მოძალადეები გახდით. უბრალოდ ისინი ძალადობის გარდა სხვა რამეს მაინც აკეთებდნენ და თქვენ ძალადობის და წარსულზე საუბრის გარდა საერთოდ არაფერი გიკეთებიათ. ასტრალში ხართ გასულები და რეალობას ძალიან მოწყდით.

გამოხვალთ მერე და ლარის კურსს და სიღარიბეს გარე შოკუნიებს დააბრალებთ, როცა თქვენთვითონვე ანგრევთ ქვეყანას და ეკონომიკურ საქმიანობას ძალადობით პასუხობთ.

კომენტარები