სიახლეები

სექტემბრიდან "საქართველოს დაბადების" გადაცემები ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაიწერება

სექტემბრიდან გადაცემათა ციკლი "საქართველოს დაბადება", ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ჩაიწერება. 

ამის შესახებ გადაცემის "პროცესი" "ფეისბუქ"-გვერდზე განცხადება იაგო ხვიჩიამ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს დაბადება" სწორედ გადაცემის "პროცესი" პროექტია. გადაცემის წამყვანი მოწვეულ სტუმრებთან ერთად 80-90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

ხვიჩიას ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"კარგი ამბავი გვაქვს ,,საქართველოს დაბადების" მაყურებელთათვის.

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ შემოგვთავაზა გადაცემების ჩაწერა ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, სრულიად უსასყიდლოდ.

პირველ რიგში, გულწრფელი მადლობა გიორგის ამ შემოთავაზებისთვის. უკეთესი ადგილი ასეთი ტიპის გადაცემისთვის რთულად წარმოსადგენია. 

არსებული ფორმატით ამ ეტაპისთვის ჩაწერილია რვა გადაცემა და მათგან შვიდი დევს ამ გვერდზე.
მერვე ჩაწერილი გადაცემის სტუმარი არის ბატონი დავით ბერძენიშვილი, რომელიც დაიდება მომავალ შაბათს 7 სექტემბერს.

გასულმა გადაცემებმა მომცა გარკვეული მიმართულებები, დამანახა ფორმატის ოდნავ შეცვლის საჭიროებაც, რომელსაც თანდათან მოგიყვებით და შემდგომი სტუმრების მოწვევის და მათთან საუბრის დროსაც გავითვალისწინებ.

შემდეგი გადაცემები ჩაიწერება ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში და გავა ოდნავ შეცვლილი ფორმატით," - ნათქვამია განცხადებაში.
 

კომენტარები